როგორ გამოიჭირა ივანიშვილმა ჩინჩალაძე და რა ფარული დავალება შეასრულებინა ბესელიას?

საპრეზიდენტო  არჩევნების გაყალბების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ტრადიციისამებრ, ამომრჩეველი და თავისივე ახლო გარემოცვის წევრები გადააგდო. 
ოლიგარქმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კალაძის, კობახიძის, გახარიას, ბახტაძის, გომელაურისა და მათ შორის ეკა ბესელიას გამოყენებით მოატყუა. 
 
ფარული გარიგება ბესელიასა და ივანიშვილს შორის
 
ყველას გვახსოვს თავებაწითლებული და შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხალხს ზურაბიშვილისადმი ხმის მიცემას ეხვეწებოდა. მაშინ, ივანიშვილი ყველა იმ დაპირების ასრულებას გვპირდებოდა, რომელიც გასულ 6 წელიწადში ვერ და არ შეასრულა.
მათ შორის იყვნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც იმედოვნებდნენ რომ სრული მორჩილების სანაცვლოდ უვადოდ დანიშვნას მიიღებდნენ არჩევნების შემდეგ. 
 
საქმე ისაა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი სასამართლო სისტემას ორი მორჩილი მოსამართლის: მურუსიძისა და ჩინჩალაძის სახით აკონტროლებს. 
 
ფარცხალაძის შუამავლობით სწორედ მათ უკვეთავს მილიარდელი იმას, თუ რომელ კონკრეტულ საქმეზე რა სახის გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს ამა თუ იმ „რიგითმა“ მოსამართლემ. 
 
ლევან მურუსიძე ჯერ კიდევ 2018 წელს აირჩიეს უვადო მოსამართლედ და ახლა ის, სხვა მარიონეტებთან შედარებით, თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეზე. 
 
ყველაფერი ასე დაიწყო… არჩევნების შემდეგ, სოლოლაკში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა სია შედგა, რომელიც განსახილველად პარლამენტში შევიდა. სიაში მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეც იყო.
 
სწორედ აქ „შემოდის“ ის „ზღაპარი“, რომელიც საზოგადოებას ეკა ბესელიამ, გედი ფოფხაძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა მოუყვა – თითქოს მათ გაბედეს და სიაში ჩინჩალაძის არსებობის გამო, ივანიშვილის ინიციატივა გააპროტესტეს.
 
„სინამდვილეში, ეს იყო ერთგვარი თამაში იმისათვის რომ ივანიშვილმა მომავალშიც ბოლომდე გააკონტროლოს დისკრედიტირებული ჩინჩალაძე და მისი კლანი, რისი გარანტიაც მათი უვადოდ არჩევის შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ ექნებოდა“, – ამბობენ იუსტიციის საბჭოში.
შედეგად, დაპირისპირების იმიტაციის შემდეგ, მოსამართლეთა სია ჩავარდა. 
 
მეტიც, ბოლოს ისე „შეფუთეს“ ლეგენდა ეკა ბესელიას „ჟანა დარკობის“ შესახებ რომ: მარიამ ცისკაძემ, ნინო ქადაგიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, პაატა სილაგაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, მერაბ გაბინაშვილმა, ნინო სანდოძემ, თამარ ალანიამ, გიორგი ტყავაძემ და გიორგი მიქაუტაძემ წერილობით მიმართეს პარლამენტს უარი ეთქვათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მათი კანდიდატურის განხილვის თაობაზე.
 
„სამეფო კარის“ თამაშები...
 
„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული და მოსამართლეთა დანიშვა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება“, – იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ეს საკვანძო ფრაზა ყველაფერს ჰფენს ნათელს. 
 
ეს ის შემთხვევაა, როცა მრავალ უკანონობაში, მათ შორის ქრთამის აღებაში დადანაშაულებული ბესელიას პირით, ყველა ინსტიტუციური უბედურების სათავე, ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.
 
გათვლა და მიზანი მარტივია: ჩვენი დროის მინიმალისტურ ნიკოლა მადუროს, წინ რთული დღეები აქვს. არავინ იცის, როდის აუფეთქდება  დამძიმებული სოციალური ფონი და არსებული ღრმა პოლტიკური კრიზისი ოლიგარქს. 
 
შესაბამისად, საფრთხე იმისა, რომ უვადოდ არჩეული მოსამართლე მისი გავლენის სფეროდან გავიდეს, ბევრად დიდია, ვიდრე დანიშნული და „ფხიზელი თვალის“ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი თემიდან, რომელსაც დღეს, სრული კონტროლის პირობებში, ივანიშვილის ზვიგენზე მეტი ფასი არ აქვს.
 
იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა…
 
ჩინჩალაძის კლანი არ არის გამონაკლისი, რომელიც ივანიშვილმა ასე ღიად და აშკარად გამოიყენა და ახლა სადღაც ბნელ კუთხეში მოისროლა.
 
მან ერთნაირი წარმატებით გადააგდო რიგითი ამომრჩევლები, ბანკირები, მეანაბრეები, ბიზნესმენები, პარტიის წევრები, „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები, სოსო გოგაშვილი, ზუგდიდის მერი, სუსის რეგიონალური უფროსები – ყველა, ვისაც მისწვდა და ვინც დაარწმუნა რომ ზურაბიშვილის დანიშვნის შემდეგ მდგომარეობას სასიკეთოდ შეუცვლიდა. 
 
შედეგად, მივიღეთ სრული აპათეა და დიდი იმედგაცრუება, რომელიც დღეს უკვე ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. 
 
მოტყუებული და გაბრაზებული ხალხი, რომელიც „ოცნების“ კორუმპირებული კლანისა და ოლიგარქის პირდაპირი მსხვერპლია, სამოქალაქო პროტესტისთვის ემზადება. პროტესტი პიკს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიაღწევს. 
http://presa.ge