დღეს ყველა დიდი დიღმის ტრაგედიაზე ლაპარაკობს, უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე, კომპენეტნურობის დაჩემებით. მაინც რა მოხდა? ამ შეკითხვით მივმართე უმაღლესი დონის პროფესიონალს, რომელიც 50 წელიწადზე მეტ ხანს მუშაობდა “თბილგაზის” სისტემაში, გაიარა სამსახურებრივი კიბის ყველა საფეხური კარიერის მწვერვალამდე; ადამიანს, რომელიც, შეიძლება ითქვას, საქართველოში ამ დარგის ერთ–ერთი გამორჩეული ორგანიზატორი იყო. ინტერვიუს ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა: არავის ეგონოს პირადი ინტერესი მალაპარაკებს, იოტისოდენაც კიო. ძირძველი თბილისელია და ასეთ ეთიკურ ნიუანსებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მაშ, მოვუსმინოთ!
კადრები წყვეტენ ყველაფერს
_ ამ კერძო შემთხვევაში რა მოხდა, რისი შედეგი იყო აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრაგედიის უპირველესი მიზეზი მომსახურე პერსონალის არაპროფესიონალიზმია. ამას, მგონი, ვერავინ უარყოფს.
ჩვენს თაობას კარგად ახსოვს, ის პერიოდი, როცა საქართველოში საყოველთაო გაზიფიკაცია დაიწყო. ამ საშვილიშვილო საქმეს, რომელსაც “საქგაზი” განახორციელებდა, სხვადასხვა პერიოდში ისეთი დიდი პროფესიონალები ხელმძღვანელობდნენ, როგორებიც იყვნენ გიორგი ბარძიმოვი, კარლო ნიკოლაიშვილი და დავით ელიაშვილი.
იმ პერიოდში ამ დარგში მუშაობის მსურველს სპეციალური სამთვიანი კურსები უნდა გაევლო კიევში. ეს ეხებოდა არა მხოლოდ ხელმძღვანელ კადრებს, არამედ ყველას, ვისაც გაზზე მუშაობის უფლება, ანუ “დაშვება” ექნებოდა.
_ ანუ, არა ისე, როგორც “ახალ ეპოქაში” დამკვიდრდა _ მოდის უბიოგრაფიო ხელმძღვანელი და მოჰყავს “თავისი გუნდი”, ღმერთმა უწყის, რა განათლებისა და
რა პროფესიის.
_ სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ… ასეთი კურსები შემდგომ ჩვენთანაც ჩამოყალიბდა, სადაც გადამზადების გავლა აუცილებელი იყო მათთვისაც კი, ვინც ჩვენს სისტემაში უკვე იყო დასაქმებული, როგორც პროფესიონალი. თუ ვინმე თავს აარიდებდა ასეთ გადამზადებას, სამსახურიდან დაითხოვდნენ.
მომზადება-გადამზადების ასეთი სისტემა გაზის მეურნეობაში აღარ არსებობს. დღეს ეს მეურნეობა გარდაიქმნა კომუნალური მომსახურების დაწესებულებად და ამის შედეგია, რომ ამ დარგში მომუშავეთა შორის _ ნულიდან დირექტორამდე _ აბსოლუტურად შემთხვევითი პირები არიან. ვერც ერთ პროფესიონალს იქ ვერ იპოვით.
რამ გამოიწვია ეს?
როცა საქართველოსთვის გაზის მოწოდება შეწყდა, “საქგაზიც” გაუქმდა. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისია, საბჭოთა კავშირის დაშლის პირველი წლები. დაიქსაქსნენ და, სადაც შეძლეს, იქ დასაქმდნენ სისტემაში მომუშავე პროფესიონალები. აბა, უმუშევარი ხომ არ დარჩებოდნენ?!
გავიდა 3-4 წელიწადი და დაიწყო დარგის რეაბილიტაცია. გაზის მეურნეობები მუნიციპალიტეტებს გადაეცა. ამ ადგილობრივი სტრუქტურების ხელმძღვანელებს გაზთან კავშირი ჰქონდათ, მხოლოდ როგორც მომხმარებლებს. ჰოდა, ამათაც გაზის მეურნეობებში იმდროინდელი ტოტალური უმუშევრობის ჟამს დაასაქმეს თავიანთი დეიდაშვილ-მამიდაშვილები, რომლებსაც მანამდე გაზის მეურნეობასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.
“თბილგაზი” თბილისის მერიის გამგებლობაში გადავიდა, სადაც გაზის სპეციალისტები, აბა, საიდან უნდა ჰყოლოდათ?! და დაიწყო ქაოსი და თვითნებობა.
ასე რომ გვიცავდნენ ყოველდღიურად…
გაზი და პოლიტიკა
წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, ვთქვათ, ქალაქი, არის ერთი გრძელი ქუჩა, რომელიც იწყება პირველი ნომრით და მთავრდება ათას ორასით. გაზსადენი მილი გაყვანილია მხოლოდ ამ ქუჩის დასაწყისამდე. ამ პირობითი ქალაქის ხელმძღვანელს ზემდგომი ინსტანციიდან ავალებენ, ვთქვათ, 99-ე ნომრიან სახლში გაიყვანოს ბუნებრივი აირი. რა ჰქნას იმ კაცმა, რომელსაც მუნიციპალიტეტში გაზის მეურნეობა ჩააბარეს? როგორ გამოტოვოს 98 სახლი და მაინცდამაინც 99-მდე მიიყვანოს ბუნებრივი აირი? ახალ მილსადენს ვერ გაიყვანს, რადგან, ჯერ ერთი, გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა ძალიან ძვირია _ ამაზე დახარჯული თანხის ამოღება უნდა მოხდეს მოსახლეობიდან გაზის მოხმარებისთვის გადახდილი ფულით, მაგრამ რას და ვისგან ამოიღებ, როცა გაზიფიკაცია ამ პირობით ქალაქში აღარ არსებობს და, მეორე, რაც მთავარია, არც თანხა არის გაზგამტარების გასაყვანად.
_ გამოიყენონ ძველი,
გაუქმებული ქსელი, ხომ შეიძლება?
_ რომელი მილსადენები? რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უპატრონოდ იყო მიგდებული და უმეთვალყურეოდ დატოვებული? ის მილსადენები, რომლებიც მიწის ზემოთ იყო გაყვანილი, მოსახლეობამ, რომელიც საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, დაჭრა და ჯართადჩააბარა, ხოლო მიწისქვეშა მილები არამხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც კოროზირებული და, ფაქტობრივად, წყობილებიდან იყო გამოსული, საექსპლუატაციოდ არ გამოდგებოდა.
დავალება გაცემულია. შესრულება ყოვნდება, რადგან მეურნეობის პროფესიონალმა ხელმძღვანელმა იცის, რომ, რამე თუ მოხდება, პასუხი უნდა აგოს არა ქალაქის მერის წინაშე, არამედ პროკურორის წინაშე, ამიტომ სამართლის ყულფში თავის გაყოფაზე უარს ამბობს. ასეთებს სასწრაფოდ იცილებდნენ და მათ ადგილებზე დამყოლ და მორჩილ ადამიანებს ნიშნავდნენ.
მეტსაც გეტყვით, გაზის გაყვანა მრავალსართულიან სახლებში რვა სართულს ზემოთ აკრძალული იყო, რაც, თავის მხრივ, კონფლიქტის მიზეზი ხდებოდა.
_ რას გულისხმობთ?
_ კონკრეტულ ფაქტებს, როცა, ვთქვათ, დეპუტატობის რომელიმე მაჟორიტარ კანდიდატს, ასეთი სახლების ბინადრებისთვის უფასოდ დარიგებული ჰქონდა მრიცხველები და ზედა სართულების მცხოვრებთათვის, რომლებსაც გაზს ვერ აწვდიდნენ, ეს “ტექნიკა” გამოუყენებელ ჯართად რჩებოდა. დეპუტატობის კანდიდატს კი ამომრჩეველთა ხმები ეკარგებოდა.
მითხარით, გეთაყვა, გაზის მეურნეობის ასეთ უგერგილო ხელმძღვანელს მმართველი პარტია დატოვებდა ადგილზე?
_ ცხადია _ არა!
_ ამიტომაა, რომ დღის სინათლეზე ამ სისტემაში გაზის სპეციალისტი სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით.
ეს ერთი მხარეა.
ახლა მეორე, ყველაზე ცუდი მხარე. 2009 წელს ეკონომიკის სამინისტრომ (მიაქციეთ ამას ყურადღება!) გააუქმა გაზის მეურნეობაში არსებული და წლების განმავლობაში მოქმედი წესები.
_ ეკონომიკის სამინისტროს რა ხელი ჰქონდა?!
_ საქმეც ეგ არის, რომ არათუ არაფერი ეკითხებოდა, არამედ არც იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა ამ დარგში.
როცა პროფესიონალებმა სამინისტროს ხელმძღვანელებს (ამ დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათავეში ედგა სააკაშვილის მიერ კანადიდან ჩამოყვანილი, ქართული პურის საცხობში დასაქმებული ექსტრავაგანტური ახალგაზრდა ქალი ვერა ქობალია) უთხრეს: ხალხო, რას აკეთებთ, ეს წესები სისხლით არის დაწერილიო, მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ, იცით, რა უპასუხა?
_ არ ვიცი.
_ ცოტა სისხლი აღარ დაგრჩათ, რომ კიდევ დაწუროთო? ცინიკურად განაცხადა და დაწურეს კიდეც.
_ ეს პასუხი “მამალი ძროხებისა” და “40 წლის ხეებიც კი მეზარება, არათუ ადამიანების” რიგიდან არის. ტრიადა შეიკრა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მინისტრების საერთო პორტრეტს წარმოგვიდგენს.
_ აი, ყველაფერმა ამან გამოიწვია ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს აღმოვჩნდით. თანაც ჩვენთვის ცნობილი არარის აფეთქება–ავარიის ყველა შემთხვევა, ყველა არ არის“ რეზონანსული”, რადგან ყველგან, მადლობა ღმერთს, ხალხი არ დახოცილა: სადღაც აფეთქებამ ვიღაცას კედელი დაუნგრია, სადღაც ფანჯრები
ჩაუმსხვრია და ა.შ. ასეთი ფაქტები
არ ხმაურდება, არც პრესა ეტანება, რადგან “სენსაცია არარის”.
იმ უბედურ დღეს…
არადა, ხდება.
კანტორა თუ ქარვასლა?
ძველი წესებით (სანამ გააუქმებდნენ) გაზის მეურნეობებში იყო სპეციალური დანაყოფი, რომელსაც ერქვა “პროფილაქტიკური სამსახური”. გაზის მეურნეობებს მაშინ ერქვა “გაზის საექსპლუატაციო კანტორები”. დღეს, იცით, რა ჰქვია ამ სათაო მეურნეობებს?
_ არა.
_ დღეს ჰქვია ცენტრები, გეგონება ქარვასლაა _ იყიდე-გაყიდე! სიტყვა ექსპლუატაცია საერთოდ გაქრა.
უწინ, სანამ ძველი წესები მოქმედებდა, პროფილაქტიკური სამსახური დაწესებული გეგმის მიხედვით წინასწარ აფრთხილებდა კორპუსების მობინადრეებს, რომ ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათიდან ამა და ამ საათამდე თქვენი კორპუსის სადარბაზოში (სახელდებით) გაზის მეურნეობის თანამშრომლები შეამოწმებენ, როგორც გაზის შემყვან მილებსა და მოწყობილობას, ასევე ხელსაწყოებსა და დანადგარებს. მოდიოდნენ დანიშნულ დროს მაკონტროლებლები, სიმკვრივეზე გასინჯავდნენ მდგარებს, რომლებითაც გაზი მიეწოდება სართულებს, შემდეგ გააღებდნენ ყველა ონკანს, შევიდოდნენ ბინებში, თუ საკეტები დასაზეთი იყო, დაზეთავდნენ, შეამოწმებდნენ წყლის გამათბობელ თუ ყველა სხვა ხელსაწყო-დანადგარს. ბოლოს გთხოვდნენ, შეგეფასებინათ მათი მუშაობა და ხელმოწერით დაგედასტურებინათ, კმაყოფილი ხართ თუ არა. თუ უკმაყოფილებას გამოთქვამდით, მეორე დღესვე მოვიდოდა მაკონტროლებელი, გაეცნობოდა თქვენს პრეტენზიებს და დადასტურების შემთხვევაში გამოასწორებდა.
კიდევ ერთი დეტალი.
ქალაქში არსებობდა კვამლსადენების მომსახურების ცენტრები. ამ ცენტრიდან თუ არ მოგცემდნენ (შემოწმების შემდეგ, ცხადია) ცნობას, რომ შენი კვამლსადენი მოწესრიგებულია, გათბობის დანადგარს ვერ დაამონტაჟებდი. დღეს გაგიგიათ, ასეთი რამ რომ არსებობს?
_ არა.
_ სწორედ ამიტომ, როცა გაზქურა გამიფუჭდა, მთელ ჩვენს გაზის მეურნეობაში შემკეთებელი ვერ ვიპოვე და ხელოსანი გაზქურების სპეციალიზებული მაღაზიიდან მოვიყვანე.
გაზი წყალი არ არის. წყალმა შეიძლება იატაკი აგიყაროს, მეზობლის ბინა ჩარეცხოს, მაგრამ ამ ზარალის შედარებაც არ შეიძლება იმ უბედურებასთან, რომელიც გაზის არასწორ ექსპლუატაციას შეიძლება მოჰყვეს. პირდაპირ გეტყვით: ყველა ოჯახში, სადაც ცხოვრობენ დიდი და პატარა, ავადმყოფი და ჯანმრთელი, სკლეროზიანი თუ სრულჭკუაზე მყოფი ადამიანები და ა.შ., შენ, ქალაქის ხელმძღვანელობას, ჩადებული გაქვს ბომბი, რომელიც შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ მერია ხარ თუ დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერზე პილატესავით ხელი გაქვს დაბანილი _ არც ინსტრუქტაჟს უტარებ თანამოქალაქეებს, არც არაფერს სინჯავ და ამოწმებ, არ ხარ დარწმუნებული, რომ იქ, სადაც ბუნებრივ აირს აწვდი, ყველაფერი ტექნიკურად გამართულია, მოწესრიგებული და აფეთქების საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მშვიდად ხარ და
“მოღვაწეობ”. არის ამაში ლოგიკა?
_ ვერაფერს ვხედავ, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გარდა.
_ და, თუ ლოგიკა არ არის, ის ორი კაცი კი არუნდა დაეპატიმრებიათ, ამ დღეებში რომ აიყვანეს, არამედ ის, ვინც თავის დროზე ეკონომიკის სამინისტროში მიიღო გადაწყვეტილება მოქმედი წესების გაუქმების შესახებ; ვინც ჩვენთან მოშალაის წესები, რომლებიც მსოფლიოშია აპრობირებული და დღემდე მოქმედებს, საქართველოში ხომ ყველაზე ჭკვიანები ვართ _ ახალგაზრდა რეფორმატორები; ისინი, ვინც ჩაშალა გეგმური პროფილაქტიკური შემოწმებები; ვინც დაადგინა, რომ გაზის მეურნეობა პასუხს არაგებს იმაზე, რაც გაზის მრიცხველის იქითხ დება _ აი, ის ხალხია დასაჭერი და პასუხისგებაში მისაცემი.
რატომ არ ეთათბირებიან პროფესიონალებს?
_ ახალაშენებული სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარების პრობლემაზე რას იტყვით?
_ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ნონსენსია, როცა ექსპლუატაციაში მიუღებელ სახლს, რომელშიც მობინადრეები, ძირითადად, შესახლებულნი არ არიან, გაზი მიეწოდება. დედაქალაქის მერს ეს რომ არ ესმის, არ მიკვირს, რადგან ამ დარგის პროფესიონალი არ არის, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არეთათბირება ასეთ საკითხებზე ჭეშმარიტ პროფესიონალებს, რომელთაგან ოთხი–ხუთი კაცი ჯერ კიდევ ცოცხალია და არ დაიზარებენ, სასარგებლო რჩევა–დარიგება მისცენ ბატონ კალაძეს _ საქართველოს დედაქალაქის მერს.
ეკონომიკის სამინისტრომ მოქმედი წესები რომ გააუქმა, ამის ერთ-ერთ არგუმენტად მაშინ მომსახურე პერსონალის შემცირების აუცილებლობა დაასახელა, მაგრამ განა შეიძლება ამ კატეგორიის თანამშრომლების შემცირება იმ რისკის ფასად, რომელიც უკონტროლობას მოსდევს?! გამოსასწორებელია ეს დიდი შეცდომა და თან, რაც შეიძლება, სწრაფად, მაგრამ აგერ თქვენ და აგერ მე: მერიაში პროფესიონალებს არავინ მიიწვევს.
_ თქვენი მუშაობის პერიოდისა და დღევანდელი რეალობის ავარიული შემთხვევების სტატისტიკის შედარება მიახლოებით მაინც შეგიძლიათ?
_ 12 წლის განმავლობაში, “თბილგაზის” საავარიო სამსახურში რომ ვმუშაობდი, ერთი შემთხვევა მახსენდება _ მფრინავების სახლი რომ აფეთქდა ავლაბარში. დიდი ამბავი ატყდა მაშინ. ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით, თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში იყო ის სახლი, სამხედროების აშენებული, გაზს თვითონ იღებდნენ, თვითონ უწევდნენ ექსპლუატაციას, თვითონვე აკონტროლებდნენ. ამ შემთხვევის გამო 6 კაცი დაიჭირეს, ტრესტის მმართველი ოთარჩინჩალაძე, თბილისის საბჭოს დეპუტატი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, მეცნიერებათა დოქტორი, ლენინის ორდენოსანი, პარტიიდან გარიცხეს და დაკავებული თანამდებობიდან მოხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ “თბილგაზს”, როგორც გითხარით, ამ სახლთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ასეთი დამოკიდებულება იყო მაშინ: აფეთქების დროს ორ კაცზე მეტი თუ დაიღუპებოდა, მოსკოვიდან ჩამოდიოდა კომისია. ასეთი შემთხვევა იმ 12 წელიწადში სულ ოთხი იყო. აფეთქებები ხდებოდა უმეტესად ბალონების გამო, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა. ქართველები ხომ ყველაზე ნიჭიერები ვართ და ვიღაცამ გაავრცელა აზრი, რომ, თუ ბალონს გააცხელებ, უფრო მეტ გაზს გამოიღებო. გაზის ბალონს რომ გააცხელებ, აფეთქდება, აბა, რა მოუვა?! უბედური შემთხვევები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ იმას, რაც ახლა დიდ დიღომში მოხდა, უბედურ შემთხვევას ვერ დავარქმევ: ეს არის ნამდვილი ტერაქტი, რომელიც გაზის მომწოდებელმა ორგანიზაციამ მოსახლეობას მოუწყო!
არ ვიცი, კანონის დარღვევით თუ დაურღვევლად, მაგრამ არასწორი კანონი თავისთავად უკანონობაა. მე ასე მესმის.
ახლა გაიძახიან, რომ კანონი, რომლითაც ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა, 2009 წელს მიიღეს და ჩვენ რა შუაში ვართო. შე კაი კაცო, 2012-2013-2014 და ა.შ. წლებში ბინები და სახლები პანტაპუნტით რომ გიფეთქდებოდა, აიღე და გადახედე იმ კანონს! პრეზიდენტის უფლებამოსილების კანონს თორმეტჯერ დაუბრუნდნენ. იმ კანონის შეუცვლელობით არავინ მოკვდებოდა. ამას მიხედე, ამ წესსა თუ კანონს, რომელმაც ფატალური შედეგები გამოიწვია. სხვისკენ ხელის გაშვერა რა საკადრისია! სხვამ ოდესღაც რომ დააშავა, ეს დღეს პასუხისმგებლობისგან შენ არ გათავისუფლებს. უმოქმედობა თავისთავად დანაშაულია. შესანიშნავი ანდაზაა: Баба с возу, кобыле легче (დედაკაცი საზიდრიდან ჩამოსვი, ფაშატს შეუმსუბუქდებაო).
თბილისელებისთვის ჩაკეტილი სივრცე
უწინ როგორ იყო: სამუშაო საათებში თუ შემდეგ, თუკი “თბილგაზის” ნებისმიერი რანგის თანამშრომელს კაბინეტში სინათლე ენთო, ნებისმიერ თბილისელს შეეძლო შემოსულიყო და თავისი თხოვნით, საჩივრით თუ წინადადებით მიემართა ამ თანამშრომლისთვის.
დღეს, თუ ბიჭი ხარ, მიდი და ცხვირი შეყავი “საქტრანსგაზში”! სართულიდან სართულზე ვერ გადახვალ, შენობაში შესვლა რომც მოახერხო.
_ რატომ? აკი სამეურნეო სამსახურია!
_ იმიტომ, რომ გადააქციეს სარეჟიმო დაწესებულებად. შე კაი კაცო, შენი ფუნქციაა მოქალაქეთა მომსახურება და 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდე; ყველას, ვისაც პრობლემა გაუჩნდება, უნდა შეეძლოს შენთან მოსვლა. შენ კი ემალები თანამოქალაქეებს. “ოცნებას” სწორედ ამას საყვედურობდნენ ბოლო პერიოდში.
მილიარდ ექვსას მილიონ კუბურ მეტრ გაზს ვატარებდით, როცა ქსელების სამმართველოში ვმუშაობდი. ახლა რამდენიმე ასეულ მილიონს მოიხმარენ. მაშინ ორი დაფეხვილი “ვოლგა” გვემსახურებოდა, რომელთა შორის ერთი ყოველთვის გაფუჭებული იდგა. ახლა ნახეთ რა მარკის რამდენი მანქანა უდგათ! ამიხსენით, რას აკეთებს ეს ხალხი, რითაა დაკავებული, უშუალო მოვალეობებისთვის თავი რომ ვერ გაურთმევიათ და ყოველი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მუშაობის პრინციპულად გაუმჯობესებას რომ გვპირდებიან. კომუნალური მომსახურების დაწესებულებაში კაცი ვერ შესულა, რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკებით, ბატონებო?! თორემ მე რაში მაინტერესებს, უუფლებო პრეზიდენტი მარო იქნება თუ თეკლე?!
ერთსაც გეტყვით და არ გაგიკვირდეთ: საკითხი, რომელზეც
ვისაუბრეთ, შეიძლება უფრო მწვავეა, ვიდრე ცხინვალის დაბრუნების პრობლემა, რადგან გაზის აფეთქებით პერმანენტულად იხოცებიან ადამიანები ან მუდმივად დაღუპვის საფრთხის წინაშე არიან.
ამაზე უარესი კიდევ რა უნდა ეთქვა რესპონდენტს, მაგრამ თქვა და რა უფლება მაქვს დაგიმალოთ:
_ იმ სახლებში, რომლებშიც ბუნებრივი აირია გაყვანილი, ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები არიან. მათი უსაფრთხოება ყველას ფეხებზე ჰკიდია, კანონის თანახმად ჰკიდიათ ფეხებზე. თქვენ გჯერათ, რომ დიდი დიღმის ტრაგედიის შემდეგ მერიის დელეგაცია პარლამენტში გაიქცა უვარგისი კანონის შეცვლის მოთხოვნით?!
ნეტარ არიან მორწმუნენი!
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.