საქართველოს ხელისუფლებამ მედიასა და მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველებმა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომ თითქოს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა საქართველოში გავრცელებულ ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
“თითქმის ერთი თვეა, აფხაზეთში ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია და ქართველები ვეღარ გადმოდიან. ეს კარანტინის გამო არ ხდება, რადგან გრიპის ვირუსის მასშტაბები არაა იმხელა, რომ ხიდის 1 თვით ჩაკეტვა სჭირდებოდეს. ეს უკავშირდება პასპორტიზაციას, აფხაზური პასპორტების იძულებით აღებას. იქაურმა ხელისუფლებამ ქართველებს დაანახა, რომ მათ პატრონი არ ჰყავთ. აფხაზეთში ჩარჩენილმა ქართველებმა ხელისუფლებას მიმართეს დახმარების თხოვნით. მათ ამოეწურათ საკვებისა და წამლების მარაგი, სტუდენტები სასწავლებლებში ვერ ბრუნდებიან. გალში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს ენგურის ხიდის გახსნა. ეს ქართულმა ხელისუფლებამ მედიასა და საზოგადოებას დაუმალა. რატომ უნდა ჩათვალოს აფხაზმა, ოსმა თუ რუსმა, რომ ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი თემები, როდესაც ჩვენ უფრო გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის მიერ პაიკების გადანაცვლება,”- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოძებნოს გამოსავალი, რათა აფხაზეთში ჩაკეტილ მოქალაქეებს დაეხმარონ. “ხელისუფლება და მედიასივრცე დაკავებულია იმით, ვინ გადადგება, ვინ დარჩება, წავა თუ დაინიშნება. ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მთელი ქართული ხელისუფლება დღეს ივანიშვილის დაქირავებულია? ესენი არიან ადამიანები, ვისაც ის ხელფასზე ზემოდან უმატებს თანხას და ისინი ცდილობენ, მხოლოდ მას ასიამოვნონ. აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კი არავინ ფიქრობს. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოძებნოს გამოსავალი, რომ იქ ჩვენს ჩაკეტილ მოქალაქეებს დავეხმაროთ. თუ გალში ქართველებს ვერ პატრონობ, აფხაზები და ოსები როგორ უნდა დაარწმუნო, რომ მათ უპატრონებ?” – განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსის გამო, სეპატარისტული რეჟიმის წარმოამდგენლებმა ენგურის ხიდის ე.წ. საზღვარი ჩაკეტეს.
2020news.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.