აზერბაიჯანი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს

სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს ჩვენ გარეშეც გაარკვევენ, ჩვენ კი ჩვენი მოვიკითხოთ. 2016 წლის მიწურულს აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა ძალიან საინტერესო რამ განაცხადა:

“საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იურიდიული თვალსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავითგარეჯაზე, ვიდრე საქართველოს. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მწვავე დავა არასდროს ყოფილა, მათ შორის, ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავითგარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით შედეგებს მოგვცემს”.

იმას, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შარშან უნდა გამართულიყო, ქართული მხარეც არ მალავდა, მაგრამ, ოფიციალური მონაცემებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე შეთანხმება არ შემდგარა,  არა ოფიციალურად კი საქართველო ერიდება საკითხის კატეგორიულად დაყენებას, რადგან აზერბაიჯანზე ფინანსურად და ეკონომიკურად მეტად დამოკიდებული გახდა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, დავით გარეჯის დაარსების ისტორიას შეგახსენებთ: კომპლექსი  VI საუკუნის I ნახევარში ერთ–ერთი ასურელი მამის, დავითის,  მიერ დაარსდა. იგი თავის მოწაფე  ლუკიანესთან ერთად მივიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში.  ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს,  რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით…

რა გამოდის? მონასტერი,  რომელსაც საფუძველი 1500  წლის წინათ  ჩაეყარა,  თურმე იმ სახელმწიფოს  კუთვნილებაა,  რომელიც მიმდინარე წლის  შემოდგომაზესაუკუნოვან არსებობას  იზეიმებს. და ამ ყველაფერს კი არ  ვაპროტესტებთ,  არამედ წითელ კვერცხებს ვუგორებთ  აზერბაიჯანს, შემთხვევით მეზობელი  რომ არ გავაბრაზოთ, ბუნებრივი აირის  გარეშე არდავრჩეთ. და ეს  ისტორიული სიწმინდის ხარჯზე ხდება. ჰო, სიწმინდის,  რადგან დავითგარეჯაში წმინდა  მამები მსახურობდნენ და  მონასტერი საზღვარზე მტრისთვის ერთ–ერთ  ბასტიონად იდგა.

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის გაიმართება მოლაპარაკებები საზღვარზე, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანი სამონასტრო კომპლექსისა და მიწის საკმაოდ დიდი ფართობის წართმევას გვიპირებს. სწორედ რომ წართმევას, რადგან მათივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, გარეჯზე აზერბაიჯანს არც მორალური უფლება აქვს და არც იურიდიული, და ისე ნუ ვიზამთ, ეს უფლება ჩვენი ხელით მივართვათ.

ბესო ბარბაქაძე.

გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2018 წელი.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.