ძალისმიერი სამჭიდი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა და საამაყოა, რომ ამ სფეროში საქართველოს საკმაოდ ბევრი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს, მათ ჩვენი ქვეყნის სახელი სხვა კონტინენტებზეც კი გააქვთ. მათ შორისაა, ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენი – თეიმურაზ ლუტიძე, რომელმაც სპორტის ამ მიმართულებაში თავისი კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო. უფრო ადრე, ჭიდაობით იყო გატაცებული და კლუბ ,,შევარდენში“ დადიოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში, თავი ძიუდოშიც მოსინჯა, ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, რადგან ფიზიკური სიჯანსაღე და ვარჯიში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და არის. ჯანსაღ სხეულში კი, ჯანსაღი სულია – ეს სწორედ მასზეა ნათქვამი, რადგან თეიმურაზი ძალიან ერუდირებული, ენერგიული, მონდომებული და კეთილსინდისიერი პიროვნებაა, კომუნიკაბელურობისა და იუმორის გრძნობის წყალობით ადვილად იმსახურებს გარშემომყოფების სიმპათიას და ბევრი მეგობარიც ჰყავს.
ძალისმიერი სამჭიდით დაინტერესება თეიმურაზის შემთხვევაში ჯარში წასვლამ განაპირობა. ვარჯიშის
დაწყებიდან ერთ წელიწადში საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, რაც მისთვის პირველ წარმატებად ჩაითვალა, თუმცა, ცხადია, ამას არ დასჯერდა და მიზანდასახულმა და მონდომებულმა ახალგაზრდამ, ცხოვრების განმავლობაში ყველა მეტოქე დაამარცხა, რაც იშვიათობაა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ იყო საქართველოს ჩემპიონი, მოიგო შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი, ასევე არის სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრების გამარჯვებული. ჩვენი რედაქცია თეიმურაზს დაუკავშირდა და მას მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ.
_ თეიმურაზ, როგორია შემართება მსოფლიო ჩემპიონატის წინ და რაც მთავარია, როგორ ფორმაში ხართ? გვიამბეთ, რა უძღოდა წინ თქვენს იქ მოხვედრას? რა სირთულეები გამოიარეთ?
_ მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2009 წელს გავხდი. ჯარში ყოფნისას სულ ვვარჯიშობდი, ფორმას ვიუმჯობესებდი და როცა უკვე ახალი შემართებით წარვსდექი სპორტული საზოგადოების წინაშე, ამ შედეგსაც მივაღწიე და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო იყო. ამას კვლავ საქართველოს ჩემპიონობა მოჰყვა, ტურნირებიც მოვიგე და ახლა უკვე მორიგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც აშშ-ში ჩატარდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს სახელით ვიასპარეზებთ. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი, მე საკუთარი ძალის, ფიზიკური მომზადების იმედი ნამდვილად მაქვს და თუ ფორტუნამაც ხელი შემიწყო, მინდა, ჩემი გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლო, ჩემი ქვეყანა აშშ–შიც ვასახელო. კონკურენცია დიდია, რადგან იქ ბევრი სერიოზული სპორტსმენი გამოდის, თუმცა, ვთვლი, რომ ქართველებს სპორტულ ფორმაში ყოფნა არ გვაკლია და მათ არაფრით ჩამოუვარდებით, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშო პირობებითა და ფინანსებით, მათ ბევრად ჩამოვრჩებით.
თქვენ მკითხეთ, რა უძღოდა ამ ყველაფერს ბოლო პერიოდშიო და უნდა აღვნიშნო, და გეცოდინებათ კიდეც, რომ 2016 წელს ჩემპიონთა ჩემპიონი გავხდი _ შეჯიბრება ვილქსის პრინციპით ჩატარდა, საქართველოში და `აი პი ეფ~-ის კვალიფიკაციით, ანუ ეს მოგეხსენებათ რას ნიშნავს _ გამოვედით ისინი, ვინც დოპინგს არ მოვიხმართ, მხოლოდ ვარჯიშით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვაღწევთ ჩვენს შედეგებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
2017 წელს, ცოტა ხნის წინ, მე ჩვენი ლეგენდის _ შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასი მოვიგე, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, პირველი `აი პი ეფ~-ის ჩემპიონი გახდა და ყველაზე დიდ წარმატებას მან მიაღწია. ამიტომაც, მისი სახელობის ეს ტურნირი ყოველ წელს ტარდება, თასს კი მოგებულ სპორტსმენს აძლევენ, სახლში მიაქვს და მომდევნო წელს სხვა გამარჯვებულს აძლევს. ამ ეტაპზე ეს თასი ჩემთან ინახება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ნოემბრის თვეში მივდივართ ფლორიდაში, ქალაქ ქისიმიში, სადაც, როგორც წესი, აუცილებლად გაგვატარებენ დოპინგ კონტროლს. იქ სხვა სპორტსმენებიც დაგვხვდებიან ჩვენიანები, გვიგულშემატკივრებენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უცხო ქვეყანაში გამოსვლას მაინც სხვა ემოცია ახლავს თან და როცა იქ შენს ენაზე გესმის შეძახილები, იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე მაგარი ადამიანები გიმაგრებენ ზურგს, შემართება და ჟინიც მეტი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა ჩემთვის უცხო ხილი არ არის, მე მაინც დიდი სტიმული და ამბიცია მაქვს, მაქსიმალური შედეგი დავდო! მინდა, რომ საქართველოში სიამაყით გამოაცხადონ ჩემი სახელი _ თეიმურაზ ლუტიძემ აშშ–ში გვასახელაო. ყველაზე დიდ ძალას კი ჩემი ოჯახი მაძლევს, ჩემი მეუღლე, სამი შვილი, ისინი არიან ჩემთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მე ყველაფერს მათთვის ვაკეთებ!
მოამზადა თამთა დადეშელმა