კობა ალუდაური აშშ-ში ჩემპიონატზე მიემგზავრება!

კობა ალუდაური ძალისმიერი სამჭიდის უფროსი თაობის სპორტსმენებს შორის, ერთ-ერთი უძლიერესი წარმომადგენელია. სპორტული კარიერა მისთვის ადრეულ ასაკში დაიწყო და ეტაპობრივად, სპორტის სხვადასხვა სახეობაში სცადა თავისი შესაძლებლობები, 19 წლისა კი უკვე ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ნაკრების წევრი გახდა, რაც იმ ასაკის ახალგაზრდისთვის ძალიან სასიხარულო მიღწევა იყო. ორი უმაღლესი სასწავლებლის _ აგრარული უნივერსიტეტისა და პოლიციის აკადემიის დასრულების შემდეგ, მუშაობა ძალოვან სტრუქტურაში დაიწყო, პარალელურად, ვარჯიშსა და სპორტულ ცხოვრებას აქტიურად განაგრძობდა, არაერთხელ გახდა ჩემპიონი, თუმცა, მიღწეულს არასდროს ჯერდება და ყოველთვის ცდილობს, თავისი კარიერა წინ წაწიოს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ამჯერად აშშ-ში გაემგზავროს და თავისი შესაძლებლობები ახლა ამ უდიდეს ქვეყანაში სცადოს, სადაც შრომის, პროფესიონალიზმის გარეშე წარმატების მიღწევა, შეუძლებელია. კობა ალუდაური ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ——ვფიქრობ, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადეთ და ფორმაში ვართ ქართველი სპორტსმენები, ვინც აქედან მივემგზავრებით. საქართველოს ნაკრების წევრი ვარ, ჩვენი ფედერაციაც მხარში გვიდგას და ჩვენი ბიჭებიც, იქ მყოფი სპორტსმენები, გვგულშემატკივრობენ. იმედია, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარიმართება და სასურველ მიზანს მივაღწევთ. მოგეხსენებათ, აშშ-ში ჩემი ვიზიტი პირველი არ არის, 2004 წელს აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში მსოფლიოს რეკორდსმენი გავხდი. საერთოდ, 1992 წლიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი შეჯიბრება მაქვს მოგებული, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, თასების მფლობელი და რეკორდსმენი, ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონი ვიყავი, ასევე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა, მე სხვა სპორტის სახეობებშიც გამოვდიოდი სხვადასხვა დროს, ფეხბურთს, ჩოგბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, ბილიარდს ვთამაშობდი, ძალიან მიყვარს. ასევე, კარგი მსროლელი ვარ. აშშ ძალიან მიყვარს, საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, ბევრი ქართველია, მათ იქ თავის დამკვიდრების შესაძლებლობა მიეცათ და თავიანთი კარგი საქმეებით, ჩვენს ქვეყანასაც ასახელებენ. იქ შეჯიბრებაზე ჩასვლა ერთი სიამოვნებაა, რადგან სულ სხვანაირად აწყობილი, დალაგებული სიტუაციაა, კარგი გარემო, სავარჯიშო დარბაზები, პროფესიონალი სპორტსმენები, მსაჯები, ყველაფერი ძალიან მომწონს, ხალხიც ძალიან თბილი და მეგობრულია. ამიტომ, ერთი-ორად გახარებული ვარ, რომ ამ შეჯიბრებაზე სწორედ აშშ-ში, ჩემი ოცნების ქვეყანაში მივემგზავრებით. სპორტის ამ სახეობას _ Power lifting-ს იქ დიდი დაფასება აქვს, სხვანაირი ყურადღება ექცევა და იქ გამარჯვებასაც სულ სხვა ფასი აქვს! მართალია, ძლიერი მეტოქეები მეყოლება, მაგრამ მე დიდი იმედებით მივდივარ და ჩემს მაქსიმუმს დავდებ, ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი და რით დაგვირგვინდება ოკეანის გადაცურვა. შედეგებს აუცილებლად შეიტყობს ქართველი გულშემატკივარი.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრება 2017 წლის 11 და 12 ნოემბერს ტარდება ფლორიდაში, ქალაქ კისიმიში.

მოამზადა თამთა დადეშელმა.