გაეროს მიერ ჩატარებული კვლევისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია უახლოეს მომავალში არ შეიცვალება, 2050 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობა 2 985 000-მდე შემცირდება.
ამ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, 2002 წლის მონაცემთან შედარებით. 15%-ით შემცირდა და 3 714 804 ადამიანი შეადგინა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, გაერო თავის რეკომენდაციაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით. კონკრეტულად რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით, რა პრობლემებია გადასაჭრელი და ადეკვატურია თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით, გვესაუბრება დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე:
_ გაერო, უკვე წლებია, აქვეყნებს მონაცემს, რომ 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. ეს უკვე არახალია, მაგრამ, რაც შეეხება ბოლო მონაცემს, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ არასწორია. ამ მონაცემის თანახმად, 2050 წლისთვის ჩვენი მოსახლეობა სამი მილიონიც აღარ იქნება, ანუ 2 985 ათასამდე შემცირდება. არადა, ეს უკვე ასეა _ ქართველები აღარ ვართ სამი მილიონი; ასე რომ, რეალურად მდგომარეობა იმაზე გაცილებით სავალალოა, ვიდრე გაეროს მონაცემი ცხადყოფს, ჩვენ უკვე ვდგავართ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე…
_ 2050 წელს, ალბათ, ორი მილიონიც არ ვიქნებით.
_ თუ ასე გაგრძელდა, ცხადია, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რეგიონები, სოფლები დაიცლება და გაუკაცრიელდება. ჯერ ისედაც აღარ დარჩა ხალხი სოფლებში და წარმოიდგინეთ, 20-30 წელიწადში რა იქნება. ეს არის ერისა და სახელმწიფოს ნელი სიკვდილი და ამ მიმართულებით გადასადგმელია სერიოზული ნაბიჯები.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას, ადრე იყო გარკვეული დაინტერესება და თითქოს რაღაც პროცესები დაიძრა, მაგრამ, რომ გითხრათ, ამას მნიშვნელოვანი შემოტრიალება მოჰყვა-მეთქი, მართალი არ ვიქნები. დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად, უწინარესად, საჭიროა ფინანსები და პოლიტიკური ნება, ეს ფინანსური ნაკადი ზუსტად, მიზნობრივად რომ მოხმარდეს საქმეს, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო მხარდაჭერა და სხვადასხვა სახის წამახალისებელი კამპანია, რომლებიც შობადობის მომატებაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი პროცესების პერსპექტივა არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, პრობლემის სირთულის შესაბამისი დაინტერესება ამ საკითხზე არ არის, ამიტომაა მდგომარეობა საგანგაშო, ამიტომაა, რომ ციფრები, რომლებსაც კვლევები გვიჩვენებს, სულ უფრო კატასტროფულია. ჩვენს ყველა მეზობელ სახელმწიფოს გაცილებით უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს _ აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა ინტენსიურად იმატებს. ეს იმიტომ, რომ იქ ამ მხრივ სწორი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ჯანსაღი პროპაგანდა მიმდინარეობს. ჩვენ კი დღითიდღე ვმცირდებით და ვქრებით, სულ მალე ჩვენსავე ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოვჩნდებით…
მოამზადა ჯაბა ჟვანიამ.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.