ვენესუელის ახალი ხელისუფლება მზად არის, გაუქმოს მისი წინამორბედი მთავრობის ბრძანება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს განცხადება „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელის ახალმა წარმომადგენელმა გააკეთა.
გუსტავო ტარეს „კურიერის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, მოხდება თუ არა აღიარების უკან წაღება და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე.
„რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია,“- განაცხადა ვენესუელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გუსტავო ტარემ.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმა ისაუბრა.
ის გუსტავო ტარეს ვაშინგტონში გამართული საჯარო მოხსენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველომ დაჟინებით უნდა მოითხოვოს ვენესუელისგან, ამ გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში მესამე დღეა, შეხვედრებს მართავენ. მმართველი გუნდის წარმომადგენელები ელოდებიან, რომ ვენესუელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას უკრან წაიღებს.
ამერიკის ადმინისტრაცია, თბილისის მიერ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების გადაწყვეტილებით კმაყოფილია. ამის შესახებ “ტვიტერში” ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმაც დაწერა, რომელიც საქართველოს პრემიერს ამ თემაზე და უსაფრთხოების საკითხებზე გუშინ ესაუბრა.