საუკუნის სკანდალური, ე.წ. “ციანიდის საქმე” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია. დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველმა, ადვოკატმა დავით ჯანდიერმა, ხმაურიანი საქმე ევროპულ სასამართლოში 31 იანვარს დაარეგისტრირა.
როგორც “2020NEWS”-ს დავით ჯანდიერმა განუცხადა, დაცვის მხარე მზად არის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სიმართლე დაამტკიცოს.
“2020NEWS”: ბატონო დავით, როდის შევიდა ევროპულ სასამართლოში დეკანოზის სარჩელი და საქმესთან დაკავშირებით რა დამატებითი დეტალების თქმა შეგიძლიათ?
დავით ჯანდიერი: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გუშინ, 31 იანვარს გასაჩივრდა. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ ვისაუბრებ საჩივრის შინაარსსა და კონვენციის იმ მუხლებზე, რომელთა დარღვევაზეც სასამართლოს მივუთითეთ. ევროპული სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სიმართლის დადგენის ბოლო იმედია.
“2020NEWS”: რადგან შინაარსა და მუხლებზე საუბარი ამ ეტაპზე არ შეგიძლიათ, იქნენ გვითხრათ, თქვენი ვარაუდით, რა ვადაში დაიწყებს ევროპული სასამართლო საქმის განხილვას და ეს პროცესი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს?
დავით ჯანდიერი: რაიმე კონკრეტული ვადა საქმეების განხილვისთვის არ არის დადგენილი არც კონვენციით და არც სასამართლოს რეგლამენტით. როგორც წესი, პროცედურას რამდენიმე წელი მიაქვს სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე. თუმცა, სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის განხილვის მნიშვნელობას და გადაუდებლობას. პალატის თავმჯდომარე ან პალატა უფლებამოსილია საქმე პრიორიტეტულად განიხილოს. ვნახოთ, ეს საქმე რამდენად მოხვდება პრიორიტეტულ საქმეთა შორის.
“2020NEWS”: არსებობს თუ არა იმის აუცილებლობა, რომ საქმესთან დაკავშირებით მაღალი რანგის სასულიერო პირები მოწმის სახით გამოიძახონ?
დავით ჯანდიერი: სასამართლო, როგორც წესი, არ ახდენს მოწმეების დაკითხვას, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. ის უფლებამოსილია განახორციელოს დაკითხვა მხარის მოთხოვნის ან საკუთარი ინიციატივით, როდესაც გარკვეული გარემოებები ამას მოითხოვს. როგორც წესი პროცედურა შემოიფარგლება წარდგენილი მოსაზრებებით და მტკიცებულებებით.
“2020NEWS”: შესაძლებელია, რომ თქვენ, როგორც მხარემ, ეს მოთხოვნა დააყენოთ?
დავით ჯანდიერი: ჯერჯერობით სხვა ეტაპებია გასავლელი, რომლის შემდეგაც სხვადასხვა, მათ შორის მოწმეებთან დაკავშირებულ საკითხზეც მექნება მსჯელობა.