გაიქცევა თუ არა, ივანიშვილი?..

10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში თანამემამულეთა მსოფლიო კრება გაიმართება. #ერთადსახლში – ასეთია დიდი და მნიშვნელოვანი იდეა, რომლის მიზანი მსოფლიოში გაბნეული  ემიგრაციის საქართველოში დაბრუნებაა. 
 
მოძრაობას, რომელიც უკვე მოედო ევროპის ქვეყნებს, გადაწვდა ამერიკას, ინტერესი გამოიწვია ოკუპანტ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის, სათავეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა. 
 
როდის შეკაზმავს ივანიშვილი ცხენს? 
 
სააკაშვილი ინტენსიურად ხვდება ქართველ ემიგრანტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 
 
შეხვედრებზე მესამე პრეზიდენტი საუბრობს ცხად გეგმაზე, სტრატეგიასა და იმ ეკონომიკურ ეფექტებზე, რომელიც ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის შეცვლის შემდეგ სწრაფად უნდა განხორციელდეს. 
 
სახელდება კონკრეტული ციფრიც – 10 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში უნდა ჩაიდოს და რომლისგანაც სიკეთეს თითოეული მოქალაქე მიიღებს.
 
ეს, ფაქტობრივად, დიდი, მწყობრი  და ორგანიზებული ცვლილებების დასაწყისია. 
 
ემიგრანტები, რომლებიც წლებია ინახავენ ჩვენს პატარა ქვეყანას, ახლა მზად არიან საქართველოსათვის ისტორიული ნაბიჯი გადადგან და თავიანთი სიტყვა თქვან ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში. 
 როგორ, რა ფორმით და როდის შემოუერთდება განათლებულ და მოტივირებულ ემიგრანტთა დიდი არმია ჩვენს პატარა ქვეყანას, ეს სავარაუდოდ ბელგიის ქალაქ ლიეჟში გაცხადდება – თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე.
 
სააკაშვილი VS ივანიშვილი 
 
2012 წლის შემდეგ საქართველო ღარიბდება, ხოლო ივანიშვილის ოჯახური კლანი მდიდრდება. 
 
ოლიგარქმა წაგვართვა ყველაფერი, რაც მოისურვა – პუშკინის სკვერის ნაწილი, სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრი, ბოტანიკური ბაღი, პორტები, რკინიგზა, ასობით ჰექტარი მიწა – საქართველო. 
 
ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას უყურებს, როგორც მის ერთ-ერთ რიგით კომპანიასა და გამდიდრების წყაროს. 
 
ივანიშვილის ოჯახურმა კლანმა, ამ წლების განმავლობაში საქართველო 30 მილიარდ ლარამდე  აზარალა – სხვადასხვა ბიზნეს მონოპოლიების შექმნით, კორუფციული კარტელებისა და უბრალოდ, ქონების მიტაცების გამო.  
 
მაგალითად: მხოლოდ საქართველოს რკინიგზამ, ოლიგარქის ოჯახური მონოპოლიების წყალობით გასული წელი 300 მილიონიანი ზარალით დაასრულა, გაზპრომთან გაფორმებული წამგებიანი ხელშეკრულებით კი, ჯერჯერობით 182 მილიონი დავკარგეთ… 
 
ის, უბრალოდ, გვართმევს პერსპექტივას და სამაგიეროდ, აშენებს დენდროლოგიურ პარკს – თავისთვის. 
 
მეორე მხრივ, საქართველოს ჰყვადა პრეზიდენტი, რომელმაც უცხოელ ინვესტორებს ეკონომიკაში მილიარდები ჩაადებინა და გვირაბის ბოლოს სინათლე დაგვანახა. 
 
მიხეილ სააკაშვილმა, შევარდნაძის ბნელი ეპოქის შემდეგ, ქვეყანა ჯერ კორუფციისა და კრიმინალის ჭაობიდან ამოიყვანა და შემდეგ გუნდთან ერთად სახელმწიფო შექმნა – ჩვენთვის.
 
გვყავს მილიარდელი ოლიგარქი, რომელიც გვატყუებს, გვძარცვავს და გვაღარიბებს… 
 
გვყავს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ წუთებში ქალაქიდან ქალაქში გადაადგილდება და მსოფლიოში გაბნეულ ოქროს, ემიგრანტების სახით, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად აერთიანებს. 
http://presa.ge