ამასწინათ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ–მინისტრებსშორის ბოლნისში გამართულიმოულოდნელი არაოფიციალური შეხვედრა ამ დრომდე ბურუსითაა მოცული.
ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ჩნდება ვარაუდები და ჭორები. არც ეს შეხვედრა იქცა ამ მხრივ გამონაკლისად. ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერებმა რუსეთიდან სომხეთში მიმავალი ტვირთებისთვის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გავლით ტრანზიტის გახსნისთემაზე იმსჯელეს. ამ ვარაუდს, ალბათ, ის დაედო საფუძვლად, რომ მოახლოებულია სამმხრივი – საქართველო-შვეიცარია-რუსეთის ერთობლივი სამუშაო კომიტეტის პირველი სხდომა, რომელიც საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოს 2011 წლის შეთანხმების რეალიზების მექანიზმებზე იმსჯელებს. თუმცა სომხური ოფიციალური წყაროები ანონიმურობის დაცვის პირობით სხვა ინფორმაციას.
მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ–სა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე სამეზობლო პოლიტიკის განვითარების პრობლემას ვერ ხედავს:
„ორი რამ უნდა გავმიჯნოთ: 1)საერთაშორისო დონეზე გვყავს სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები, რომლებიც ჩვენთვის საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესნი არიან, მაგრამისინი არიან ოკეანეს მიღმა; 2) უნდაგაგვაჩნდეს რეგიონული და სამეზობლო პოლიტიკა: რას ვაკეთებთ უშუალოდ რეგიონში, მეზობლებთან, როგორ ველაპარაკებით მათ. ნებისმიერ საპარტნიორო ფორმატში, – იქნება ეს სომხებთან, აზერბაიჯანებელებთან, თურქებთან თუ ირანელებთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა გაგვაჩნდეს და პარტნიორებს ვთხოვოთ, მას პატივი სცენ“.
გობრონიძის ხედვით, «ირანი რეგიონში საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა – რუსეთის შემდეგ გაზის მეორე საბადო, ამდენად,საქართველოს ერთგვარი საგარეო პოლიტიკური ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის ხიდი, ფანჯარა გახდეს და არა მხოლოდ დერეფანი»:
„რატომ არ შეიძლება, თბილისი შევთავაზოთ ირანელებს თუ ევროპელებს ადგილად, სადაც შეიძლება, მოლაპარაკებები ჩატარდეს? რატომ ხდება, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები მუდმივად იკრიბებიან ჟენევაში, დავოსში, ბრიუსელში და ა.შ., თბილისში კი მსგავსი შეხვედრები პრაქტიკულად არ ტარდება? ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენს საგარეო როლსა და მნიშვნელობას ვერ ვხედავთ, ვერ ვიძენთ საგარეო პოლიტიკურ ფუნქციას. მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს ფუნქცია შევიძინოთ. ამ შემთხვევაში ცხადია, დასაშვებია ტვირთების მოძრაობა ირანის მიმართულებით, თუკი ევროკავშირსა და ირანს შორის მსგავსი ვაჭრობა იქნება. ერთ–ერთი საინტერესო მიმართულება იქნება შავი ზღვისა და ინდოეთის ოკეანეს დაკავშირება ირანის გავლით. ეს შესაძლოა, ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პროექტი აღმოჩნდეს. რატომაც არა?“.
რაც შეეხება აშშ–ს, გობრონიძე 2010 წელს იხსენებს, როდესაც საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა:
„აშშ–ს მაშინაც მძიმე ურთიერთობა ჰქონდა ირანთან, მაგრამ გაგებით შეხვდა საქართველოს სამეზობლო პოლიტიკას, განსხვავებით რუსეთისგან. გავიხსენოთ ის მომენტი, როდესაც სომხეთმა სწორედ რუსეთის ზეწოლით არ მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. მსგავსი ფაქტები ჩვენ აშშ–სთან ურთიერთობაში არ გვაქვს და თავისუფლად შეგვიძლია, ეს ნაწილი [ირანთან ურთიერთობა] რაციონალურად დავასაბუთოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან.პრობლემა ხშირად იმაშია, რომ არ არსებობს სათანადო და ეფექტური კომუნიკაცია და არა იმაში, რომ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ. მოდით, მეორე მხრიდანაც შევხედოთ: საქართველომ შესაძლოა, ვერ ითამაშოს ირანის ეკონომიკისთვის გადამრჩენის ან დამქცევის როლი, მაგრამ ჩვენთვის ეს შესაძლოა, იყოს სასარგებლო და საინტერესო. თუ საქართველო ირანისთვის არ იქნება მარშრუტი, ირანი სხვა გზას აუცილებლად გამონახავს, იგივე თურქეთის გავლით. ამდენად, ეს სომხეთისთვის და საქართველოსთვის საინტერესოა და არ ველი, რომ აშშ მოიქცევა ისევე, როგორც რუსეთი 1994 წელს, როდესაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ბაქო–ჯეიჰანის პროექტი დაანონსდა“.
საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა და ფუნქცია რეგიონში
ანალიტიკოსი პრობლემას იმაში ხედავს, რომ «საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სამეზობლო პოლიტიკა არ გააჩნია»:
„რეგიონში ჩვენი ერთადერთი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში გამოიკვეთა. ისიც –მხოლოდ იმიტომ, რომ საკითხი ნატო-სთვის გახდა პრიორიტეტული.ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, სხვა ფუნქციები თავად შევსძინოთ საკუთარ თავს და პარტნიორებს შევთავაზოთ, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. სხვათა შორის, საერთაშორისო შეხვედრებზე, რომელთაც ვესწრები, ხშირად ისმის კითხვა, „თუ ნატო-სა და ევროკავშირში შემოხვალთ, ჩვენ ამით რაო?“. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ სიკეთეებს ითხოვს, ჩვენი ყოფნა მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში საქართველოზე სანდო, საინტერესო პარტნიორი მათ არ ეყოლებათ“.
გობრონიძე ამ კონტექსტში პარალელს თურქეთთან ავლებს და განმარტავს, რომ ნატო-სთვის მისიმნიშვნელობის მიუხედავად, თურქეთი რჩება ახლოაღმოსავლურ ქვეყნად, იმ რეგიონის ნაწილად, სადაც ლიდერობას ცდილობს:
„რთულია, დღეს თურქეთს თანამედროვე ტიპის ევროპული დემოკრატია ვუწოდოთ. ვხედავთ იმასაც, რომ თურქული საგარეო პოლიტიკა მეტწილად ორიენტირებულია იმაზე, რომიქცეს ლიდერად არა ევროპისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთისთვის. ამდენად, თურქეთიგეოგრაფიულად, ისტორიულად და კულტურულად ახლო აღმოსავლეთის ძლიერი, საინტერესო და კარგი სახელმწიფოა, მაგრამ არ არის ევროპა, ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილი, როგორადაც ჩვენ ვხედავთ საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ხიდი არა მხოლოდ ცენტრალურ აზიასა და ევროპას, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას შორისაც“.
საქართველოს კიდევ ერთ ფუნქციად გობრონიძე ქვეყნისრეგიონულ ჰაბად, რეგიონულ პლატფორმად და ცენტრად ქცევას განიხილავს:
„ამ თვალსაზრისით ბელარუსი ძალიან საინტერესო მაგალითია, რომელიც ევროპაში ანაქრონიზმად ითვლება, მაგრამ ვხედავთ, რომ სწორედ ბელარუსმა შესთავაზა ევროკავშირსა და აშშ–ს რუსეთთან და უკრაინასთან ერთად საკუთარი თავი მოლაპარაკებების პლატფორმად. ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამან, რა თქმა უნდა, ბელარუსის რეგიონული მნიშვნელობა არ გაზარდა, მაგრამ სულ მცირე, დასავლურმა საზოგადოებამ ბევრად მეტი შეიტყო ბელარუსზე, ვიდრე გაიგებდა, ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო“.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები
ანალიტიკოსის შეფასებით, საქართველომ ორჯერ გაუშვა ხელიდან ისტორიული შანსი,რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანი გამხდარიყო და ეს პარტნიორებისთვის შეეთავაზებინა.
„მონღოლეთი რეალურად, იმან გადაარჩინა, რომ ის დღეს დემოკრატიაა. მას ორი მეზობელი ჰყავს – ჩინეთი და რუსეთი. რომელი უარესია მონღოლეთისათვის, ეს კიდევ ცალკე საკითხავია, მაგრამ ახერხებს, გადარჩეს, რადგან ისრეგიონში მართლაც დემოკრატიის შუქურაა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სერიოზული შანსები გავუშვით ხელიდან, ვქცეულიყავით პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოდ, რომელიც ყველა ევროპელისთვის იქნებოდა წარმატების ისტორიის მაგალითი. მეორე შანსი გავუშვით 2012 წელს, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შემდეგ ვიქეცით ქვეყნად, სადაც ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ 2012 წელს მიღებული პოლიტიკური კაპიტალი ქვეყანაში დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესის დასაწყებად მიგვემართა, მივედით იქამდე, რომ საკამათო გახდა, არის თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ვინ არის ოკუპანტი…. ეს რაღაც უბედურებაა! იმიტომ ვერ გამოვიყენეთ შანსები, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია და არც არსებობს ნება, ეს შეიცვალოს. საბოლოო ჯამში, ეს შიდა დონის პრობლემები ჩვენს საერთაშორისო იმიჯზეც აისახება. როდესაც თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვქონდა შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ მუდმივად ეღიმედობათ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე… როდესაც ისტორიულ შანსებს ხელიდან უშვებ,აუცილებლად ჩაგაჩოჩებენ. და ასეც ხდება: სომხეთს გაუჩნდა მსგავსი ისტორიული შანსი და რასაც ვხედავთ, ჯერ–ჯერობით წარმატებით იყენებს კიდეც“.
ინციდენტები ირანთან
უკანასკნელ პერიოდში ირანის მოქალაქეებთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ინციდენტი მოხდა, პრობლემები იყო ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა ირანის 200–ზე მეტ მოქალაქეს, რასაცირანის მხრიდან კრიტიკული განცხადებები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშირიგი შეხვედრები მოჰყვა.
ირკვევა, რომ საკითხით გობრონიძეც დაინტერესდა. კვლევის პროცესში მან აღმოაჩინა, რომ ხშირია ფაქტები, როდესაც ირანის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები შემოაქვთ, რითაც მათერთგვარად არასასურველი სტუმრების იმიჯიც დაიმკვიდრეს.
„აქედან გამომდინარე, სასაზღვრო სამსახური დიდი სიფრთხილით ეკიდება ამას. კარგი იქნებოდა, შესაბამისი სამსახურებიდან ადეკვატური განმარტებები გაკეთებულიყო, რაც არ მომხდარა» – ამბობს ანალიტიკოსი.
ამასთან, გობრონიძე თავად ირანის საელჩოს მიერ თბილისში გამართული ბრიფინგის შინაარსით უკმაყოფილოა და ამას საქართველოს სუსტ საგარეო პოლიტიკურ პოზიციონირებას უკავშირებს:
„ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი კანონმდებლობა, სასაზღვრო რეჟიმი და თუკი არის კანონიერად მოტივირებული და დასაბუთებული მოთხოვნა, მოქალაქე მას უნდა დაემორჩილოს, ხოლო თუ ადგილი აქვს დისკრიმინაციის და კანონის დარღვევის ფაქტებს, არსებობს საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმები, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ. იმ ტიპის განცხადებები,რომ თურმე, «როგორ გაბედა ქართულმა მხარემ და ირანის მოქალაქეს რაღაცის გაკეთებასთხოვა“, ეს წარმოუდგენელი რამაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საელჩოები ევროკავშირის სახელმწიფოებში აცხადებენ, როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა სასაზღვრო რეჟიმი და წესები, რაც სწორი, პარტნიორული და კეთილგანწყობილი მიდგომაა. ირანის მხრიდან მსგავსი მიდგომა არ ყოფილა და ეს კიდევ ცალკე თემაა – როგორ აღგვიქვამს ის ჩვენ.ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი პრობლემაა, რომ აღგვიქვამენ იმგვარ ქვეყნად, რომელსაც შეიძლება, საქმის გარჩევის ტონით ესაუბრო. ჩვენ რომ ვპოზიციონირებდეთ ისე, როგორც გვეკადრება, მაგავსი მომენტები დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნებოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ინციდენტები არ არის იმგვარი მოვლენა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას იგივე ეკონომიკურ სფეროში, ან სხვა პრაგმატულ საწყისებზე“.
ავტორი: დიანა მუსელიან.
accent.com.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი