ნიკოლას მადურომ გააფრთხილა დონალდ ტრამპი, რომ შესაძლოა მან თეთრი სახლი „სისხლში ამოთხვრილმა“ დატოვოს, თუკი ვენესუელას შიდა საკითხებში სამხედრო ჩარევას მოინდომებს

ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია გამორიცხოს სამოქალაქო ომის შესაძლებლობა იმ ფონზე, როცა მასზე გადადგომის მოთხოვნის ზეწოლა ძლიერდება.

 

სატელევიზიო ინტერვიუში მან გამაფრთხილებლად თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა თეთრი სახლი „სისხლში ამოთხვრილმა“ დატოვოს, თუკი იგი ჩაერევა კრიზისში.

 

მან ასევე კატეგორიულად არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კვირის ბოლომდე მიცემული ვადა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.

 

ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვა, განაცხადა, რომ იგი საერთაშორისო კოალიციას შექმნის და ვენესუელელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას უზრუნველყოფს. მაგრამ მადურომ მას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში დასდო ბრალი.

 

რა განაცხადა მადურომ?

 

ესპანურ ტელევიზიასთან, პროგრამა „სალვადოსთან“ ინტერვიუში, რომელიც კვირას გადაიცა, მადუროს ჰკითხეს, იყო თუ არა შესაძლებელი რომ ვენესუელას კრიზისი სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო?

 

 

„დღეს არავის შეუძლია ამ შეკითხვას გარკვევით უპასუხოს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთ იმპერიის (აშშ) და მისი დასავლელი მოკავშირეების სიგიჟის და აგრესიის მასშტაბებზე.

 

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არავინ ჩაერიოს ჩვენს საშინაო საქმეებში… და ჩვენ ვემზადებით დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, განაცხადა მადურომ, როგორც ამას BBC იტყობინება.

 

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-ს უთხრა, სამხედრო ძალების გამოყენება რჩება დღის წესრიგში, როგორც „არჩევანი“.

 

მაგრამ მადურომ გააფრთხილა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ იგი ვიეტნამის ომის გამეორებას გარისკავდა, თუკი ვენესუელას შიდა საკითხებში სამხედრო ჩარევას მოინდომებდა.

 

 

„შეჩერდი. შეჩერდი, დონალდ ტრამპ! შენ უშვებ შეცდომას, რომელიც ხელებს სისხლში ამოგითხვრის და პრეზიდენტის პოსტს სისხლში ამოთხვრილი დატოვებ. მოდით, პატივი ვცეთ ერთმანეთს, თუ ეს ის არის, რომ შენ გაიმეორო ვიეტნამის ომი ლათინურ ამერიკაში?“, განაცხადა მადურომ. 
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.