,,მოზარდში“ შექსპირის ,,ქარიშხალი“ დაიდგა

,,მოზარდში“ შექსპირის ,,ქარიშხალი“ დაიდგა

 მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში 2 და 3 თებერვალს პრემიერა შედგა. შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფიური და მისტიკური პიესა თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორმა გიორგი თავაძემ დადგა.

 ნაწარმოების სიუჟეტი ჯადოსნურ კუნძულზე ვითარდება. აქ ყველაფერი პირობითია, მათ შორის, ზღვა, რომელიც ავანსცენაზეა გაშლილი, წყლით სავსე აკვარიუმის სახით. დამდგმელი რეჟისორის ინტერპრეტაციაც ამ კუნძულის არსისა და ადამიანთა ბუნების გარშემო ტრიალებს, რომლებიც მაგიურ ადგილზე ტრანსფორმაციას განიცდიან.

 შექსპირის მკვლევართა ნაწილი ,,ქარიშხალს“ დრამატურგის უკანასკნელ პიესად მიიჩნევს. მათი აზრით, ეს ავტორის პოეტური, თეატრალური ანდერძია, სადაც შექსპირი გარკვეულწილად ემშვოდობება თეატრს, ხოლო პიესის მთავარი პერსონაჟი, ყველასაგან მოკვეთილი ჰერცოგი, ჯადოქარი პროსპერო ავტორის ერთგვარ ალტერ-ეგოდაც კი ითვლება.

 ,,ქარიშხლის“ დამდგმელი მხატვარი ანკა კალატოზიშვილია, მის მიერ შექმნილი  ეპოქალურ-მისტიკური სცენოგრაფია და კოსტიუმები მაყურებელს საინტერესო შთაბეჭდილებას უქმნის; ქორეოგრაფი გია მარღანია გახლავთ, კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელი კი – დავით თავაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მერაბ ბრეკაშვილი, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, არჩილ სულაქველიძე, გიორგი ჯიქურიძე, ნინო ანდრიაძე, გიორგი კაჭახიძე, პაატა კიკვაძე, დავით როსტომაშვილი, ვამეხ ჯანგიძე.

თამთა დადეშელი