რეალურად ნატოში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე მოსახლეობის, სულ ცოტა, 57%-ია

რეალურად ნატოში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგი და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე მოსახლეობის, სულ ცოტა, 57%-ია (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე) _ დაახლოებით ამდენმა ამომრჩეველმა მისცა ხმა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მათ ნატო რომ ნდომებოდათ, აირჩევდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ცოცხალი განსახიერებაა.

თუმცა რა განსხვავებაა, რამდენი პროცენტია “მომხრე” და რამდენი _ “წინააღმდეგი”? განა ციფრების უკან ცოცხალი ადამიანები არ დგანან, რომელთა უფლებებს პატივი უნდა ვცეთ?!  განა დასავლური დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების ქვაკუთხედად ადამიანის უფლებებისა  და თავისუფლებების დაცვა, ყოველი ინდივიდის ინტერესების დაცვის  პრინციპი არ არის გამოცხადებული, განსხვავებით სოციალისტური მორალისგან, რომელიც უპირატესად უმრავლესობის უფლებების პრევალირებას მიიჩნევდა?

“არც ერთი გამარჯვება და მიღწევა არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ცრემლად!” _ ამ სიტყვებით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა და სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი დაგმო. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები _ აშშ, ნატო და ევროკავშირი კი გამუდმებით ახსენებენ ქართველებს, რომ სწორედ ნებისმიერი უმცირესობის უფლებების დაცვა, თავისუფალ მედიასთან ერთად, არის საზოგადოების სიმწიფის, სახელმწიფოს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობის მთავარი მაჩვენებელი, რომლის გარეშეც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრობა გამორიცხულია, იმიტომ, რომ ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი და M-240 ტყვია მფრქვევები კი არ არის, რომლებითაც გასულ კვირას ქართულ არმიაში კალაშნიკოვის ტყვია მფრქვევები შეცვალეს, არამედ “ღირებულებათა სისტემა”. ღირებულებათა სისტემა, რომელიც, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვასთან ერთად, არ კრძალავს სარაკეტო დარტყმებს იუგოსლავიისა და ავღანეთისათვის, ლიბიისთვის, ერაყისა და სირიისთვის; რომელიც ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების მეუღლეებთან ერთად ლუქსემბურგის მამათმავალი პრემიერის “ცოლის” გადაღებას იწონებს. ეს არის ღირებულებათა სისტემა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრისთვის, რომელმაც 9300 კილომეტრი იფრინა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტთან შესახვედრად, ოვალურ კაბინეტში სკამის შეთავაზებასაც არ გულისხმობს. საინტერესოა, უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუკი მას უხეშად ჰკრავს ხელს მეორე ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც ტრამპმა ჰკრა ხელი ჩერნოგორიის პრეზიდენტს უნდა? მოითმინოს იმიტომ, რომ მისი ქვეყანა ეს-ესაა ნატოში მიიღეს? უნდა მოითმინოს თუ არა ქართველმა, თუ სახალხოდ შემოულაწუნებს ევროკომისიის თავმჯდომარე, როგორც ჟან-კლოდ იუნკერი მოექცა უნგრეთის პრემიერმინისტრს? შეგვეფერება თუ არა ჩვენ ეს “ღირებულებათა სისტემა”? შეეფერება თუ არა ის კავკასიის ტრადიციებს, ღირებულებათა ქართულ სისტემას? _ არა, ეწინააღმდეგება! და ამიტომ გამუდმებით ეჯახება წინააღმდეგობას ქართველებისა, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს კონსტიტუციაში სხვადასხვა ჩანაწერის გაკეთებას: ოჯახის, როგორც ქალისა  და მამაკაცის ერთობის შესახებ; უცხოელებისთვის მიწის  მიყიდვის აკრძალვის შესახებ;  დიდგორის  ბრძოლაში გამარჯვების დღის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების  შესახებ  და სხვ.

და სასაცილოა, როცა “დასავლური ერთიანობით” გვაცდუნებენ _ აქაოდა, საქართველო ერთიან ევროპულ ოჯახში ბრუნდება და მას ნატოს წესდების მე-5 მუხლი დაიცავს, რომელიც კოლექტიურ უსაფრთხოებას ეხებაო. უკაცრავად, მაგრამ როდის იყო ევროპა ერთიანი ოჯახი?! ისტორიის განმავლობაში ინგლისელები ფრანგებს ეომებოდნენ, ფრანგები და ინგლისელები _ გერმანელებს და პირიქით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების გახსენებაც კი საკმარისია. დღეს კი დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირში გაერთიანება ძლივს მოასწრო, რომ ბრექსიტით კარი “გაიჯახუნა” და “ოჯახიდან” წავიდა… რაც შეეხება ნატოს, ტრამპის არჩევის შემდეგ იმ ორგანიზაციის ბედი, რომლის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და სპონსორი ამერიკის შეერთებული შტატებია, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას სურს, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ “საქართველოს ისტორიული მისწრაფება არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა”.

ამას ლოგიკურ ახსნას, ალბათ, ვერავინ მოუძებნის, მაგრამ ახლახან, მაისის მეორე ნახევარში მომხდარი ორი მოვლენა ახსნასაც არ საჭიროებს: საქართველოს, 
პრაქტიკულად, განუცხადეს, რომ  ნატოში არ მიიღებენ, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  დამოუკიდებლობას არ ცნობს, ან სანამ რუსეთი უკან  არ წაიღებს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას, ვინაიდან ალიანსის ხელმძღვანელობა არ აპირებს,  საქართველოს გამო დაარღვიოს ნატოს წესდების მე-5 პარაგრაფი, რომელიც ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების მიღებას კრძალავს.
არნო ხიდირბეგიშვილი.
Geworld. ge.