საპატრიარქო – იმ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარება დასაშვებია, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი პასუხისმგებლობა

„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიაციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმას და მის მოთხოვნებს ეხმაურება.

„ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს.

სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს რამდენიმე დღეში გაგზავნიან

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში რამდენიმე დღეში გაგზავნიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საჩივრის გაგზავნის ექვსთვიანი ვადა პირველ თებერვალს იწურება, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს რამდენიმე დღეში გაგზავნიან.

„2018 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე, ამით საქართველოში სამივე ინსტანცია ამოიწურა. აქედან 6 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს ვადა პირველ თებერვალს გადის, შესაბამისად, იანვრის თვეში, აუცილებლად გავგზავნით ამ საჩივარს. საჩივრის უფრო ადრე შეტანაც შეგვეძლო, მაგრამ ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატებს შემოგვიერთდა დავით ჯანდიერი, ის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია, ის ამ საჩივრის დაწერაში იღებს მონაწილეობას. ჯანდიერი საქმეში თავიდანვე ჩართული არ ყოფილა, შესაბამისად, საქმის შესასწავლად მას დრო დასჭირდა. 2019 წლის იანვრის თვეში, ე.წ. ციანიდის საქმეზე საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიტანთ“, – აცხადებს ფანცულაია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებს, პრეზიდენტს წერილით მიმართოს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გეგმავს, რომ პრეზიდენტს წერილით მიმართოს და აუხსნას, თუ რა „გარემოებებს შეეწირა“ ის.

ამის შესახებ დეკანოზმა შაბათის „კურიერის“ ეთერში სატელეფონო საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, დეტალურად გაეცნოს ამ საქმეს.

„პრეზიდენტს შეუძლია და აქვს უნიკალური ბერკეტი, საზოგადოებაზე მეტად, დეტალურად ჩაწვდეს ამ საქმეს. მას შეუძლია უფრო ღრმად და ძირფესვიანად შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც ნათელს მოფენს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. რამდენად გაუძლებს ის იმ ზეწოლას, რასაც ვერ გაუძლო ნინო გვენეტაძემ და სხვა მოსამართლეებმა, ეს უკვე პრეზიდენტის პიროვნული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა.

საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.
. . .

მეუფე პეტრე – უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით

უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხომაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

“მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ipn.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.