ირმა ინაშვილი უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე მორიგ წერილს ავრცელებს

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე მორიგ წერილს ავრცელებენ:

„დავით თარხან- მოურავი და მე, ირმა ინაშვილი უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე მორიგ წერილს ვავრცელებთ! ამჯერად, კონკრეტული ადრესატი არაა, ადრესატი საზოგადოებაა. გთავაზობთ ამ წერილის სრულ ვერსიას.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია: როგორი პოზიცია დავიკავოთ?

1. უკრაინის ავტოკეფალია: არსებული რეალობა

საზოგადოება დღეს ფაქტის წინაშე დგას: უკრაინაში ამჟამად ორი მართლმადიდებელი ეკლესია მოქმედებს. ერთი – რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის თვითმმართველი ეკლესიაა, მეორე კი – მსოფლიო პატრიარქის განჩინების საფუძველზე მოქმედი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც ამჟამად საკუთარი ეპისკოპოსების ხელდასხმის უფლება არ აქვს, ასევე არ აქვს უფლება,- ჰყავდეს მრევლი არც აშშ-ში, არც კანადაში, არც საფრანგეთში, არც ავსტრალიაში და საერთოდ არსად, უკრაინის გარდა. მეტიც, მსოფლიო პატრიარქი იტოვებს უფლებას, თავად დააფუძნოს და პირადად მართოს მონასტრები უკრაინაში. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში რეალური ავტოკეფალია არ არის, რადგან ავტოკეფაკლია სწორედაც რომ დამოუკიდებელ თვითმართველობას გულისხმობს. მომავალში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებამოსილება თითქოსდა უნდა გაიზარდოს, მაგრამ ის მხოლოდ გაუთანაბრდება რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის თვითმმართველ ეკლესიას.
ამგვარად, სიმართლე და რეალობა ისაა, რომ დღეს უკრაინაში მოქმედებს ორი ურთიერთდაპირისპირებული ეკლესია: მოსკოვს დაქვემდებარებული თვითმმართველი ეკლესია და სტამბოლს დაქვემდებარებული ავტოკეფალური ეკლესია. რეალურად, მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებლობის კანონი, ტრადიცია და ეთიკა დაარღვია და უკრაინაში თავისი „ფილიალი“ გახსნა, ამიტომაც 13-დან 9 ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღიად ისაუბრა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში, ზოგიერთმა კი – პოლიტიკურ სარჩულზეც.
აღსანიშნავი და დამაფიქრებელია, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის აღსაყდრებას თავად მსოფლიო პატრიარქიც არ დაესწრო და სანაცვლოდ საფრანგეთის, კანადის და აშშ-ს მიტროპოლიტები წარგზავნა, ათონის 20 მონასტრიდან კი მხოლოდ სამი მონასტრის წარმომადგენელი დაესწრო. ცხადია, ტაძარში იმყოფებოდა პეტრე პოროშენკო, რომელიც საერთოდ არ არის მართლმადიდებელი, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლია და ამიტომაც მას ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი სვიატოსლავი ახლდა.
საგულისხმოა, რომ ტაძარში 150-მდე ადამიანი იყო, ტაძრის მოედანი კი – ცარიელი. აღსაყდრებას არ დასწრებია მსოფლიოს არც ერთი მართლმადიდებელი პატრიარქი ან მისი წარმომადგენელი. ვერ დაესწრო განხეთქილების ინიციატორი – მიტროპოლიტი ფილარეტიც, რამეთუ ჯანრთელობის გაუარესების გამო, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაგრამ ჩვენთვის აქ სრულიად სხვა ასპექტია საინტერესო: რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის თვითმმართველ ეკლესიაში 95 ეპისკოპოსი იყო, აქედან 3 განკვეთეს, დარჩენილ 92 ეპისკოპოსს შორის 69 უკრაინაში დაიბადა, გაიზარდა და ეროვნებით უკრაინელია. ძალზედ დამაფიქრებელია, რომ ამ 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უკრაინის ავტოკეფალია უარყო და მხოლოდ 2 გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში. ვფიქრობთ, საუბარი იმაზე, რომ ეს 67-ვე ეპისკოპოსი რუსეთის აგენტია და სამშობლო არ უყვარს არაა მართებული. მეტიც, გაოცებას იწვევს ჩვენი ენთუზიაზმი: მაშინ, როცა უკრაინის ავტოკეფალიას მხარი მხოლოდ ორმა უკრაინელმა ეპისკოპოსმა დაუჭირა, ცხრა ქართველი ეპისკოპოსი მიესალმა ამ ფაქტს.

2. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია: არსებული რეალობა

საიდუმლო არ არის, რომ ამჟამად აფხაზი სამღვდელოება ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი, უფრო მცირე ნაწილი, რომელსაც სათავეში მღვდელი ბესარიონ აპლიაა უდგას, თანამშრომლობს რუსეთის საპატრიარქოსთან, ხოლო მეორე, უფრო მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელსაც სათავეში არქიმანდრიტი დოროთეოზ დბარი უდგას, თავს მსოფლიო პატრიარქის ქვეშევრდომად მიიჩნევს.
მღვდელი ბესარიონ აპლიაა ფიქრობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთისკენ მისასვლელი გზა უნდა გამოძებნონ. ბუნებრივია, ჩვენც ეს სულისკვეთება გვამოძრავებს: ჩვენს შორის არსებული უფსკრული დასაძლევია და ჩვენი ძმობა აღსადგენია, ამიტომაც ყოველ სიტყვასა და ქმედებას კარგად უნდა დავუფიქრდეთ.
სამწუხაროდ, არქიმანდრიტი დოროთეოზ დბარი ქართველებისადმი თბილი განწყობით არ გამოირჩევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსოფლიო პატრიარქის ქვეშევრდომად მიიჩნევს თავს და სტამბოლთან ერთად აცხადებს, რომ ბიჭვინთის ეპარქია კავკასიაში უძველესია და ამიტომ საქართველოს ეკლესიის ნაწილიც არ უნდა იყოს. მეტიც, მსოფლიო პატრიარქსაც აქვს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მართვის სურვილი და ამის თაობაზე მისი წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობდნენ თბილისში და, სხვათა შორის, სააკაშვილის რეჟიმის კულუარული მხარდაჭერაც ჰქონდათ. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რამეთუ სწორედ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმმა ჩააბარა სამარცხვინოდ ახალგორი და კოდორი და დღესაც იღწვის, რათა სოხუმი და ცხინვალი საბოლოოდ და სამუდამოდ მოწყდეს დედა სამშობლოს.
მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ქართველები სოხუმს ვერ ვაკონტროლებთ და ამიტომ სურთ,- ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებით მართვა. ჩვენი აზრით, ამგვარი მიდგომა გონივრულობისა და კეთილგანწყობის ფარგლებს სცდება. დღეს ვერც ბერძნები აკონტროლებენ სტამბოლს, მაგრამ არავის გამოუთქვამს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მართვის სურვილი და მსოფლიო პატრიარქი ამგვარი შეთავაზებით არავის შეუწუხებია.
ამგვარად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დიდ ნაწილს, – ნახევარზე მეტს, – დღეს მსოფლიო პატრიარქი აკონტროლებს და კარგა ხანია ამ ფაქტის დაკანონება სურს. ასეთივე სურვილი აქვს მსოფლიო პატრიარქს ცხინვალთან მიმართებაშიც. მეტიც, ანტიოქიის ეკლესიის სამღვდელოება ღიად საუბრობს, რომ მსოფლიო პატრიარქს ლიბანის ეპარქიის მიტაცება უნდა. სერბეთის ეკლესია კი შიშობს, რომ მსოფლიო პატრიარქს ჩერნოგორიისა და მაკედონიის ეპარქიების მიტაცებაც სურს. რაც შეეხება უკრაინას, აქ მსოფლიო პატრიარქმა თავის „მტაცებლურ“ სურვილებს ხორცი უკვე შეასხა.

3. როგორ ვიმოქმედოთ?

ცხადია, ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მაგრამ შურისძიების სურვილს ახლა უნდა მოვერიოთ. მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთს უნდა ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაში. ამგვარი მიდგომა რელიგიური თვალსაზრისითაც მართებული იქნება და, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფოსაც სიკეთეს მოუტანს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი
თბილისი, 2019 წლის 5 თებერვალი.“
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.