მივიღებთ თუ არა ამჯერად რაიმე ახალს _ “მაპ-ზე უკეთესს”. 

ხელისუფლების წარმომადგენლები  მაპზე ოპტიმისტური ენთუზიაზმით  საუბრობენ, ხოლო სკეპტიკოსები  თვლიან, რომ ის საქართველოს  არაფერს მოუტანს. საინტერესოა  მივიღებთ თუ არა ამჯერად რაიმე  ახალს _ “მაპ-ზე უკეთესს”. 

2002 წელს ნატოს პრაღის სამიტზე საქართველოს ხელისუფლებამ პირველად გააჟღერა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სურვილი, 2008-ში კი ბუქარესტში მიღებულ დეკლარაციაში აღინიშნა, რომ საქართველო “აუცილებლად გახდება ნატოს წევრი”. ამავე სამიტზე ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებას, რათა ის “წევრობის სამოქმედო გეგმის” (მაპ-ის) მიღებას მიუახლოვდეს.

არაერთი ავტორი დღემდე სვამს კითხვას: მიიღებდა თუ არა საქართველო მაპ-ს, იმავე წლის აგვისტოში ომი რომ არ დაწყებულიყო? უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ძველი ევროპის” ქვეყნები, რუსეთის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო, ამ ნაბიჯისგან თავს შეიკავებდნენ, ხოლო უმცროსი ბუშის ადმინისტრაცია მათ დარწმუნებას ვერ მოახერხებდა, თუმცა არის ალტერნატიული მოსაზრებაც. დისკუსიის თითქმის ყველა მონაწილე აღიარებს, რომ ბუქარესტის დეკლარაციამ ძალიან გააღიზიანა რუსეთი და უბიძგა მას საქართველოს მიმართ ხისტი პოლიტიკა გაატაროს. იმავე წელს (ომის შემდეგ) ნატო-საქართველოს კომისია დაფუძნდა, ხოლო “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა” (“აიპაპი”; ამ ფორმატში ნატო და საქართველო 2004 წლიდან თანამშრომლობდნენ) “წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ” შეცვალა.

ალიანსის 2009 წლის საიუბილეო სამიტზე  საქართველოსთვის განსაკუთრებული  არაფერი მომხდარა, ხოლო 2010 წლის ლისაბონის სამიტის  შემდეგ საქართველოში გაიხსნა  ალიანსის სამეკავშირეო ოფისი.  იმავე წელს შემუშავდა სამხედრო  თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა. 2011-ში, ალიანსის საგარეო საქმეთა  მინისტრების შეხვედრის შემდეგ,  მიღებულ დოკუმენტში საქართველო  ყოფილი იუგოსლავიის სამ  რესპუბლიკასთან ერთად პირველად  მოიხსენიეს, როგორც “ასპირანტი ქვეყანა” და ის ნატოს  მომდევნო, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ამ  სტატუსით წარდგა.

უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ნატოს წევრობის გადაჭარბებულ მოლოდინებს ქმნიდა. ომის შემდეგაც მიანიშნებდა, რომ ეს შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე წელიწადში, შეიძლება მოხდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა უცნაური ფსიქოლოგიური მექანიზმი, რომელიც საქართველოს პროდასავლურ წრეებში სამიტის წინ ილუზიების მოზღვავებას იწვევს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ _ იმედგაცრუებას. ამას ხელს, უპირველესად, ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ, ძველის თუ ახლის, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ცდილობენ, შექმნან პროგრესული განვითარების, წინსვლის შთაბეჭდილება, რათა არავინ დაადანაშაულოს იმაში, რომ მათმა საგარეო კურსმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.

როდესაც სამიტი სრულდება და ცხადი  ხდება, რომ ქვეყანამ არათუ  წევრობა, არამედ  მაპ-იც კი ვერ მიიღო, ხელისუფლება  ცდილობს, ნებისმიერი ახალი  ფორმულირება დიდ გამარჯვებად  წარმოაჩინოს. მიუხედავად იმისა,  რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თუ უსაფრთხოების მხრივ  არაფერი იცვლება იმით _ საქართველოს ასპირანტ ქვეყანას  უწოდებენ, მეცნიერებათა კანდიდატს  თუ ასოცირებულ პროფესორს. 2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტი  ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო  ილუსტრაციას წარმოადგენდა.  საბოლოო ჯამში, საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობის შედეგად
შექმნილი სიტუაცია სააკაშვილის მმართველობის დასკვნით პერიოდში (აგვისტოს ომის შემდეგ), ალბათ, შეიძლება აღიწეროს,
როგორც ერთი დიდი პაუზა.

უელსის 2014 წლის სამიტი დასავლეთსა და რუსეთს შორის “ახალი ცივი ომის” დაწყების ფონზე ჩატარდა. ეს იყო პირველი სამიტი ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, რომელსაც, ერთი მხრივ, აღებული ჰქონდა კურსი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე და, მეორე მხრივ, ნატოში ინტეგრაციის გაგრძელებაზე. ის არ იწუხებდა თავს იმაზე ფიქრით, რომ ეს ორი ვექტორი ერთმანეთთან გადაულახავ წინააღმდეგობაში შედიოდა. ამ სამიტზე საქართველომ მიიღო “არსებითი შესაძლებლობების პაკეტი”,
 რომლის მთავარ მიზანს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება  წარმოადგენს.  ის 13 სხვადასხვა მიმართულებას  მოიცავს (საჰაერო თავდაცვა, ავიაცია,  ლოგისტიკა და ა.შ). მის  ფარგლებში შეიქმნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების  ერთობლივი ცენტრი კრწანისში.  უელსის სამიტზე მიღებული  გადაწყვეტილებების შედეგად,  საქართველო შევიდა “გაძლიერებული შესაძლებლობების  ჯგუფში” იმ ქვეყნებთან ერთად (ავსტრალია, იორდანია, ფინეთი,  შვედეთი), რომელთაც ნატოს  ოპერაციებში (ავღანეთი და ა.შ) დიდი  წვლილი შეაქვთ.

2016 წლის ვარშავის სამიტზე განსაკუთრებულ გარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუ ასეთად არ ჩავთვლით ტრადიციულ დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე გაკეთებული განცხადება ისევ ძალაშია. აგრეთვე, 2016-ში გაფართოვდა “არსებითი შესაძლებლობების პაკეტი”, ჩატარდა ნატო-საქართველოს მრავალეროვნული (11 წევრი და 2 პარტნიორი ქვეყანა) სიმულაციური სწავლება ბრიგადის დონეზე და გაიხსნა “თავდაცვის ინსტიტუციური ამაღლების სკოლა”.

სიახლე, რომელსაც ბრიუსელის
 სამიტზე ვიხილავთ, იქნება  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა  საქართველოსა და უკრაინის  პრეზიდენტებთან. “ ეს არის პირველი შემთხვევა ნატოსა და საქართველოს ურთიერთობაში, როცა საქართველო აღნიშნულ ფორმატებს ესწრება. ამ შეხვედრას ასევე დაესწრება ნატოს წევრი ყველა ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე”, _ განაცხადა ახალმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბრიუსელის სამიტისთვის მზადებას მიეძღვნა. პრემიერს არ დაუზუსტებია, არსებითად რას შეცვლის ეს სიმბოლური შეხვედრა საქართველოსთვის. საერთოდ, გიორგი  მარგველაშვილისა და პეტრე  პოროშენკოს შანსი, რომ ბრიუსელში  ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ,  მინიმალურია, რადგან კომენტატორების  უმრავლესობა სამიტზე დასავლელ  მოკავშირეებს შორის დაახლოებით  ისეთივე მასშტაბის დაპირისპირებას  ელოდება, როგორიც იყო “დიდი შვიდეულის” შეხვედრაზე.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოაცხადებს, რომ “აშშ-ის პრეზიდენტს სურს, ბოლოს და ბოლოს ციფრები იხილოს (საუბარია ევროპელი მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ხარჯების გაზრდაზე)”.

პანევროპული თავდაცვითი  სტრუქტურების გაძლიერების  მცდელობა, მათ შორის საფრანგეთისა  და გერმანიის ინიციატივები  ევროკავშირის უშიშროების საბჭოს,  სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის  თაობაზე და ა.შ.  მნიშვნელოვან წილად წარმოადგენს რეაქციას  ვაშინგტონის მიდგომის გამკაცრებაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში  ხელი მოეწერება ნატო-ევროკავშირის დეკლარაციას და  სამიტის მონაწილეები, სავარაუდოდ,  კონსენსუსს მიაღწევენ ევროპის  ტერიტორიაზე სამხედროებისა და  ტექნიკის ტრანზიტის პროტოკოლის  თაობაზე (ამან ძალების გადასროლა უფრო  სწრაფი უნდა გახადოს), ეს ყველა  წინააღმდეგობას არ მოხსნის. ცალკე  პრობლემაა ურთიერთობა თურქეთთან,  რომელსაც 2016 წლის გადატრიალების მცდელობის  ჩახშობის შემდეგ გაურთულდა  ურთიერთობა როგორც აშშ-თან, ისე ევროპელ  პარტნიორებთან, რამაც ნატოს  ფარგლებში თანამშრომლობის  ხარისხი შეამცირა.

ვაშინგტონმა პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის _ ჰოგან გიდლის აზრით, “ამერიკა აღარ აპირებს მთელი მსოფლიოს ყულაბა იყოს”. “ნიუ-იორკ თაიმსის” ცნობით, ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფების (ბელგიის, კანადის, ნორვეგიისა და გერმანიის) მეთაურებს წერილები მისწერა და მკაცრად მოსთხოვა თავდაცვითი ხარჯების გაზრდა. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა მშპ-ს 2 პროცენტზე არანაკლები დახარჯოს. ამაზე ნატოს წევრი სახელმწიფოები ჯერ კიდევ 2014 წელს შეთანხმდნენ, მაგრამ ვალდებულება მხოლოდ ექვსმა შეასრულა.

4 ივლისს ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში “საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმი” გაიმართა. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორმა კარლო მასალამ საქართველოს ნატოს წევრად შესვლაზე განაცხადა, რომ წევრობის კრიტერიუმების კუთხით საქართველომ უფრო დიდ პროგრესს მიაღწია, ვიდრე ალიანსის ზოგიერთმა სხვა წევრმა, მაგალითად, რუმინეთმა და ბულგარეთმა. მაგრამ ის მიიჩნევს, რომ “საქართველო საკუთარი გეოსტრატეგიული მდგომარეობის მძევალი გახდა”. მისი თქმით, რუსეთმა გასაგებად მიანიშნა,  რომ ის არ შეეგუება საქართველოს  შესვლას ნატოში.  მან აღწერა ორი სცენარი,  რომელიც შეიძლება ალიანსში  წევრად შესვლას დაუკავშირდეს _  ერთ-ერთის თანახმად, მოსკოვი თბილისის  წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს დაიწყებს,  რაც საქართველოს დესტაბილიზაციას  გამოიწვევს. მეორის თანახმად,  რუსეთი უფრო აგრესიული გახდება  ნატოს ქვეყნების მიმართ. “ნატოში არავინ არის მზად, საქართველოსთვის სიცოცხლე გაწიროს, _ განაცხადა პროფესორმა, _ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია ბირთვულ სახელმწიფოსთან, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს ბირთვულ ომში” (“დოიჩე ველე”).

მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის ქართველმა მონაწილემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვასილ სიხარულიძემ სცადა, დაერწმუნებინა თანამოსაუბრე, რომ მთავარ პრობლემას  სწორედ ნატოს გაუბედაობა ქმნის.  უნდა აღინიშნოს, რომ კარლო მასალას პოზიცია საკმაოდ ახლოს დგას “ძველი ევროპის” პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების უმრავლესობის პოზიციასთან. ისინი მზად არ არიან,  საქართველოს ნატოს კარი გაუღონ,  მაგრამ ამის აღიარება საქართველოს  ხელისუფლებას საგარეო-პოლიტიკური კურსის კორექტირების  აუცილებლობის წინაშე დააყენებს,  რისთვისაც არც ის არის მზად;  შესაბამისად, კიდევ ერთხელ  შეეცდება, დაგვიმტკიცოს, რომ ნატოს  მიმართულებით დიდ პროგრესს მიაღწია.
ავტორი: ლუკა ნემსაძე.
Geworld.ge.