ეკა ბესელია ქართული ოცნების დატოვებას აპირებს!

უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ეკა ბესელიამ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

“დღესაც საკმაოდ ემოციური და რთული დღე იყო. ეს შეხვედრა საჭირო იყო. ამიტომ მივიღეტ გადაწყვეტილება, ბოლო მომენტში რომ ამ შეხვედრას დავსწრებოდით. ჩვენ დღეს ვიმსჯელეთ მნიშვნელოვან, ფასეულობით საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ამ ფუნდამენტურმა ღირებულებებმა უნდა შეგვაძლებინოს, ან ერთად ვიაროთ, ან ეს ვერ მოვახერხოთ. როგორ ვაფასებთ იმ მოვლენებს, რაც იყო წარსულში, ის ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ფუნდამენტური საკითხები. არ უნდა ვიყუროთ წარსულში, უნდა ვუყუროთ მომავალს და ვიცავდეთ იმ ფასეულობებს, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა. დღეს ამ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის გუშინდელ განცხადებაზე. გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მეც, გედისაც, ლევანსაც. ვთქვით რატომ არ ვეთანხმებოდით, ამ განცხადების სულისკვეთებას. 
ნებისმიერმა იურისტმა იცის, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, არ შეიძლება საპარლამენტო ორგანო ასეთ ღია გზავნილებს აგზავნიდეს, მეორე შტოს, სასამართლოს მიმართ. 
ასევე მიმაჩნია, რომ არ იყო მისაღები ის ნაწილი, სადაც საუბარი იყო იმ ადამიანების ერთ ქვაბში მოხარშვაზე, ვინც “ნაცმოძრაობის” ნარატივს აგრძელებს და ყველა ვინც ეწინააღმდეგება 10 კაციან სიას, ყველა მივიჩნიოთ მტრებად. ამ საკითხში დარჩა განსხვავებული მოსაზრება.

ასევე ვისაუბრეთ შიდა საკითხებზე. გუშინაც იყო პარლამენტში მწვავე განცხადებები. 
ალბათ დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით ვახერხებთ თუ ვერა ერთიან სვლას. იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის ძალაობრივი სისტემის რეანიმირებას, ამიტომ მგონია რომ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. ავიღებდი რამდენიმე დღეს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.

დღეს არ იყო საუბარი არავის გარიცხვაზე!”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.