ექიმის პირველი კომენტარი – ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

“ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. მოხერხდა მდგომარეობის სტაბილიზაცია, მაგრამ დასკვნების გაკეთება ნაადრევია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობაა. ოპერაციის შემდეგ მოთავსდება რეანიმაციაში“, – აღნიშნა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დღეს საღამოს, წერეთლის გამზირზე, მესამე კორპუსთან დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, იგი სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

„მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით – ჩამოდი პიკასოო. დავინახე, რომ ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით – „სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო“. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ“, – აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.