რა სახის კოღოები და ტკიპები გაჩნდა საქართველოში – საფრთხე, რომელიც მწერებიდან მოდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კოღოსა და ტკიპების იმ სახეობებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

„გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად იცვლება გადამტანი მწერების გავრცელების არეალები. რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა კოღო აედეს ეჯიპტი, რომელიც საერთოდ არ იყო. ეს კოღო საქართველოში ბოლოს ნაპოვნი იყო აფხაზეთში 80-იან წლებში. ხუთი წელიწადია, ეს კოღო ჩვენთანაც გამოჩნდა. მან შეიძლება გადაიტანოს ის ეგზოტიკური დაავადებები, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მეორე ასევე იშვიათი ჯიშის კოღოა ალბოპიქტუსი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ სახეობის კოღოც გამოჩნდა. ზოგ კოღოს ერთი დაავადება გადააქვს, ზოგს – მეორე, მათზე მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო, მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული“, – განაცხადა იმნაძემ.

მანვე ტკიპების იმ სახეობებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში არის გავრცელებული და რომლებსაც სხვადასხვა სახის დაავადებები გადააქვთ.

„საქართველოში ტკიპის ძალიან ბევრი სახეობაა. მათ შორის 2-3 სახეობაა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელების  უმეტესი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, ვინც ძროხებს უვლიან. როგორც მათ თქვეს, ხელით მოაცილეს ცხოველს ტკიპა. ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ჩნდება, მაშინ როდესაც მრავლდება ტილები და ტკიპები. მათი გადამტანი ტკიპები ბინადრობენ ბუნებაში, სიმწვანეში, პრაქტიკულად ყველგან არიან აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა თბილისშიც. ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპები იმერეთსა და რაჭაში არის“, – განუცხადა “პრაიმ ტაიმს” იმნაძემ.

http://resonancedaily.com