თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იწყება

სასამართლო სისტემაში მასშტაბური რეფორმების მოთხოვნით, უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციები დაიწყება. ამის შესახებ “2020NEWS”-ს  ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.

ხაჭაპურიძის ინფორმაციით, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს და სასამართლო სისტემის ძირეულ ცვლილებებს მოითხოვს.

მისივე ინფორმაციით, ამ მიზნით მათ შესაძლოა, პარლამენტის წევრებთან – ეკა ბესელიასთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და გედევან ფოფხაძესთან კონსულტაციები დაიწყონ.

“ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არასამათავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულები არიან არა მარტო ადვოკატები, არამედ ბიზნესმენები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ახალგაზრდები. ორგანიზაცია რამდენიმე დღეა დაფუძნდა და აქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ. დღეს პირველად შევდივართ ოფისში, ხვალიდან კი  ორგანიზაციის მთავარ კონცეფციებზე ვიმსჯელებთ.

ჩვენ დავიწყებთ მაშტაბურ საპროტესტო აქციებს სასამართლო სისტემაში და არა მარტო სასამართლოში, ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნით. მოსახლეობასთან შეხვედრებს გავმართავთ, თბილისიდან დავიწყებთ და პარალელურ რეჟიმში რეგიონებსაც მოვიცავთ.

ჩვენ არ გვინდა ეს შეხვედრები მოუმზადებელი იყოს. ამიტომ აქციების დაწყების ზუსტ თარიღს ოდნავ მოგვიანებით შეგატყობინებთ. 

ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ძალასთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში  დღეს ფაქტიურად,  სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.  ჩვენ ნებისმიერ იმ ძალასთან გვექნება კონსულტაციები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ.

გვინდა ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება  მასზე ნაკისრ მოვალეობას  აღასრულებს.

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მოსამართლეების კანდიდატურის განხილვა შეწყდეს. მოსამართლეები უვადოდ არ უნდა გამწესდნენ და იუსტიციის საბჭო იმ შემადგენლობით, როგორც ახლა არის წარმოდგენილი, არ უნდა არსებობდეს. საბჭოს წევრები უნდა გადადგნენ.

უნდა შეიქმნას უცხოელ და ქართველ მეცნიერთა საბჭო – ინსტიტუტი, რომელიც იუსტიციის საბჭოსთან ერთად იმუშავებს და საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადება შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვატყობ, ამ მომაჯადოებელი წრიდან ვერ გამოვალთ.

 30 წელია დამოუკიდებელ სასამართლოს ვაშენებთ, თუმცა ვხედავთ, რომ ჩვენ ეს ვერ შევძელით. ამიტომ სხვა ქვეყნების გამოცდილებები უნდა გავიზიაროთ. 

აუცილებლად დაგვჭირდება უცხოელების მხარდაჭერა. არ გამოვრიცხავთ, რომ საკონსულტაციო დონეზე უცხოელი მოსამართლეების ჩართულობა  საჭირო გახდეს. ჩვენი მოთხოვნა მთელი რიგი რეფორმების განხორციელება იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეფორმები განხორციელდეს პროკურატურაში და  პოლიციაში.  ჩვენ ყველა საკითხზე გვექნება ძალიან აქტიური და ფართო კონსულტაციები საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან,  საელჩოებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ”, – განუცხადა “2020NEWS”-ს  ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.
2020news.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.