სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. პრეზიდენტმა ის ბაზები მოინახულა, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები არიან დისლოცირებული და ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებენ.

სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა და ქართველი მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო, ჯარისკაცებთან სადილისას კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა მოისმინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებსმსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.

პრეზიდენტმა ბაგრამის სამხედრო საავიაციო ბაზაზე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო და ქართველი ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია მოინახულა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურთან, გენერალ დანიელ კონლისთან, „მტკიცე მხარდაჭერის“ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან აუსტინ სკოტ მილლერთან, ასევე ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან.

„ჩვენი დიდი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში.

ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს.

როგორც მთავარსარდალს და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია.
1tv.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.