ზაზა ხატიაშვილი: „ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხულია და ამიტომ ის ძალიან ბინძურ ნაბიჯებზე წავა… ახლა ბიძინა არის ძალიან საშიში… ის ყველაფერზე წამსვლელია“

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხული არის. ამიტომ, ეს ადამიანი ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძურ ნაბიჯებზე წავა. მან დაინახა, რომ არჩევნები აქვს წაგებული და ახლა ბიძინა არის ძალიან საშიში, ძალიან საშიში იმიტომ, რომ კაცი, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეებთან შეთანხმებაზე მიდის, ის ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია“, განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრის“ პირდაპირ ეთერში ხუთშაბათ საღამოს.

 

ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მასთან გაერთიანებულმა სხვა პარტიებმა და ასევე წამყვანმა ოპოზიციურმა სპექტრმა ამ ფონზე „ბრძნული“ ნაბიჯები უნდა გადადგას და მთავარი აქცენტი არჩევნების გაყალბებაზე და მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე უნდა გაკეთდეს.

 

„ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფულად წააგო არჩევნები. ჩემი აზრით, კატასტროფულად გააყალბა არჩევნები. ასეთი უპრეცედენტო გაყალბება მე არ მახსოვს, რომ პრემიერ მინისტრი გამოსულიყოს და განეცხადებინოს, რომ ხმა მოგვეცით და ფული უნდა ვარიგოო. აქედან გამომდინარე, ის არასამათავრობო სექტორი, ვინც აკვირდებოდა არჩევნებს, ჩემი აზრით, არ იქცევა ასწორად, როცა არ წერს, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. არჩევნების არალეგიტიმურობაზე არ ლაპარაკობს „ნაციონალური მოძრაობა“. ამასწინათ შეიკრიბნენ ნიკა გვარამიასთან და მომავალი გეგმები არისო, რომ ერთი მილიონი უნდა ავკრიფოთო. თქვე დალოცვილებო, ერთი მილიონი კი არა, ორი მილიონი აკრიფეთ, მაგრამ კითხვა რა უნდა დასვათ იცით? აი, მინდა უფასო იურიდიული რჩევა მოგცეთ. იქ კითხვა უნდა დაისვას მოქალაქეებზე, იყო თუ არა არალეგიტიმური არჩევნები და რატომ იყო არალეგიტიმური. ის რომ, პრემიერ მინისტრი გამოვიდა და მე თქვენ დაგირიგებთ ფულს, ეს არის უკვე არალეგიტიმაცია არჩევნების და ამიტომ, თუ თქვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა, 15 პარტია იყო გაერთიანებული, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს არის ის, რომ არალეგიტიმური იყო არჩევნები; არასამთავრობო სექტორმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არალეგიტიმური იყო არჩევნები.

 

ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ჩაგითრიათ საკმაოდ სასაცილო თამაშში. ბიძინა ივანიშვილს დღეს აწყობს, რომ არჩევნებზე არავინ არ ილაპარაკოს, არჩევნების თემა გადავიდეს და ყველაზე საძულველი თემა საქართველოსთვის არის მურუსიძეები და ჩინჩალაძეები. ეს არახალი თემაა, მაგრამ დღეს მხოლოდ მურუსიძე-ჩინჩალაძეზე რომ ვართ გადართული, ხელისუფლების თამაშს ვთამაშობთ. ივანიშვილმა ამ მურუსიძე-ჩინჩალაძის თემით, რომელიც ძალიან არაპოპულარულია „ქართული ოცნებისთვის“ და შეიძლება 15-20 ადამიანი გამოეყოს და ა.შ. პოლარიზება მოახდინა ყველაფრის და ფაქტობრივად, გაყალბებული არჩევნების გაპრავება ხდება. ახლა მურუსიძეების თემა მორჩება, სხვა თემას შემოაგდებს. მან იცის, რომ მისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხული არის. ამიტომ, ეს ადამიანი ვფიქრობ, რომ ძალიან ბინძურ ნაბიჯებზე წავა და კარგი იქნება, რომ საზოგადოება მიხვდეს საით მიდის „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არ დაიშლება იმიტომ, რომ იქ იმდენი მონა ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ჩემი აზრით, რომ არაფერი არ ემუქრება. ეს არის შემოგდებული თემა და მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და არჩევნები არის არალეგიტიმური და ის ადამიანები, რომლებიც ყრიდნენ ბიულეტენებს, უნდა იყვნენ ციხეში. თუ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, იგივე არჩევნები იქნება.

 

როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ორიდან ერთი ოჯახი აძლევდეს ხმას. ეს ხომ წარმოუდგენელია ხალხო. ეს ხომ არის რაღაც კინოკომედია.

 

ოცნება როგორ დაიშლება, ბიძინა ივანიშვილის მონათმფლობელობაზე დგას, 10-15 კაცი წავა, საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ სჭირდებათ. კონსტიტუცია უკვე მიიღო და რაში სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა? ამიტომ, ბიძინამ დაინახა, რომ არჩევნები აქვს წაგებული. ახლა ბიძინა არის ძალიან საშიში, ძალიან საშიში იმიტომ, რომ ეს ადამიანი, მე რასაც ვუყურებ, კაცი, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძეებთან შეთანხმებაზე მიდის, ის ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ ძალიან ბრძნული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ გაერთიანებული ოპოზიციის და იმ პარტიების მხრიდან, ვისაც ჰყავდა საპრეზიდენტო კანდიდატები, გინდა დავით უსუფაშვილი, გინდ კახა კუკავა, ყველამ უნდა შექმნას დოკუმენტი და უნდა მოაწერონ ხელი, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური, მეც მოვაწერ ხელს, რომ არჩევნები ხალხო არალეგიტიმური იყო. რა განხეთქილება აგიტეხიათ, თავში ქვა უხლია ბიძინა ივანიშვილს და თავის უმრავლესობას, ჩვენ გვაღელვებს არჩევნები და უნდა ვცნოთ ის არალეგიტიმურად“, განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.