ჰუმანიტარულ მეცნიერებაში დასკვნები ხშირად არის შეფერილი კვლევის ობიექტისადმი მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულებით, კვლევის საგნის სუბიექტური აღქმით, მაგრამ ის, რაც ისტორიის მიმართ ხდება და ხდებოდა, ერთი ცალკე მკვლევარის სუბიექტური დამოკიდებულება არ არის.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომ ისტორიკოსებმა მიზანში ამოიღეს კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული პერიოდი და ისტორიის ურცხვად დამახინჯება–გადაწერა მავანთა კონიუნქტურული მისწრაფებების მიხედვით დაიწყეს. ტყუილი და სიყალბე საერთაშორისო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქციეს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, მათ შორის, საქართველოშიც განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში და პრიორიტეტად აიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების, განსაკუთრებით _ საქართველოსა და რუსეთის, ურთიერთობების ისტორია.
როგორი ისტორიის სწავლას გვაიძულებდნენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში? _ რომ საბჭოთა კავშირი იყო “ხალხების ციხე” (ე.ი. რუსებს ქართველები ციხეში ვყავდით გამომწყვდეული), რომ რუსეთი იყო და არის სასტიკი და ულმობელი იმპერია (ე.ი. ჩვენ, ქართველებს, რუსეთი სასტიკად და ულმობლად გვექცეოდა და გვექცევა), რომ ეს იმპერია დაპყრობილი ხალხების სისხლსა და ძვლებზე იყო აგებული (ე.ი. ქართველების სისხლსა და ძვლებზეც), რომ რუსეთის იმპერია სპობდა და ანადგურებდა მის შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებსა და ხალხებს (ე.ი. ქართველებსაც გენოციდს გვიწყობდა), რომ რუსეთის იმპერიას მისი ზეობის ხანაში სათავეში ედგა ყველაზე პირსისხლიანი დიქტატორი კაცობრიობის ისტორიაში –ქართველი იოსებ სტალინი, ხოლო მის რეპრესიულ მანქანას ხელმძღვანელობდა განთქმული ჯალათი, ასევე ქართველი ლავრენტი ბერია (ე.ი. ქართველები მხოლოდ ცუდში ვჯობივართ ყველას და მხოლოდ ცუდი გამოგვდის ხელიდან) და ა.შ. და ა.შ. ხოლო საქართველოს ისტორიაში ყველაზე კატასტროფულ ტრაგედიად გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა გამოგვიცხადეს.
რა განწყობა ეუფლება რიგით ადამიანს ყოველივე ზემოთქმულის მოსმენის შემდეგ? _ ბუნებრივია,აგრესია გაუჩნდება და ბრაზი დაახრჩობს. რა შედეგი მოჰყვება ამას? _ რუსეთისა და რუსების ათვალწუნება და მათდამი მტრული დამოკიდებულება _ ადამიან ურდონეზე და სახელმწიფოებრივ დონეზე გაუცხოება და ანტაგონისტური, კონფრონტაციული პოლიტიკა.
ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ვითარებას:
აყალბებენ ისტორიას, ნიშნავს,მალავენ სიმართლეს; თუკი მალავენ,ე.ი. სიმართლე ხელს უშლით. რაში უშლით ხელს? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა მიზნისთვის სჭირდებათ ტყუილი? _ ამ კითხვის პასუხი თვითონ სიყალბეში უნდა ვეძებოთ და იმ განწყობაში, რომელსაც ეს ტყუილი აღძრავს. ყალბის მქმნელები სწორედ ამას ესწრაფვიან.
ამ მავნებლური ტენდენციის წინააღმდეგ ხმა პირველად ქართველებმა ამოვიღეთ. 2007 წლის27 სექტემბერს ქართველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ რუსულ პრესაში, პირველ რიგში, რუსებისვე გასაგონად გამოაქვეყნა წერილი სათაურით “საჭიროა ისტორიული სიმართლე”. ამ წერილში მან პირველმა ილაპარაკა საჯაროდ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისტორიის გაყალბებაზე, ამ სიყალბის კონკრეტულ ავტორებსა და მავნე პროცესის შედეგებზე. ამ წერილით პოლიტოლოგმა დასაბამი მისცა ფრიად საჭირბოროტო საკითხის საჯარო განხილვას და ამ თემას საზოგადოების ყურადღება მიაპყრო. ცოტა მოგვიანებით, 2009 წლის დასაწყისში, იგი იყო ინიციატორი, საქართველოში ჩამოგვეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია, რათა უფრო ორგანიზებულად გვემუშავა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. შედეგად შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, რომელსაც“ ისტორიული მემკვიდრეობა”ვუწოდეთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს მივმართეთ წერილით, რომელშიც ვატყობინებდით ჩვენი წამოწყების თაობაზე და ვთხოვდით, ანალოგიური საქმიანობა წარმართულიყო რუსეთშიც.
ჩვენს მიმართვას რამდენიმე დღეში გამოეხმაურა ბატონი მედვედევი, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი.
2009 წლის 27 მარტს მივიღეთ დიმიტრი მედვედევის საპასუხო წერილი, რომელშიც იგი მიესალმა ჩვენს ინიციატივას, უწოდა მას დროული, აქტუალური და ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა და რუსმა ხალხებმა ერთობლივი წარსულით უნდა ვიამაყოთ.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველიდა ერთადერთი შემთხვევა პოსტსაბჭოთა ისტორიაში, როცა რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი პირადად გამოეხმაურა (და თანაც დადებითად) არასამთავრობო სექტორის მიმართვას.
რუსეთის პრეზიდენტის ადმიმიმართვის პარალელურად ორგანიზაცია “ისტორიულმა მემკვიდრეობამ” დაიწყო რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ამსახველი ისტორიული დოკუმენტების, თანამედროვეთა მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური წყაროების შეგროვება–პუბლიკაცია,რომლებიც, მოკრძალებული შესაძლებლობების ფარგლებში, ათ მცირე ფორმატის წიგნად გამოიცა სახელწოდებით “ჟამი ხსნისა”. ჩვენი მიზანი იყო, კონკრეტულ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით გვეჩვენებინა, როგორი იყო სინამდვილეში რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები, როგორი იყო ამ ურთიერთობების დინამიკა დროში, რა მოუტანა ორ ქვეყანას და, უწინარესად,საქართველოს. დავიწყეთ თავიდან _იქიდან, თუ რა უძღოდა წინ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას, როგორი ვითარება იყო იმხანად საქართველოში და მის გარშემო, რა ისტორიულ–პოლიტიკურმა მიზეზებ მაუბიძგა საქართველოს, ეძებნა მოკავშირე რუსეთის სახით. პრეზიდენტის საპასუხო წერილიდან ერთ თვეში, 2009 წლის 28 აპრილს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მოსკოვში, რუსეთის ისტორიის ინსტიტუტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ორი ქვეყნის საზოგადოების წარმომადგენლები ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ”.
5 წლის თავზე კი, 2014 წელს, მოსკოვში გამოიცა წიგნი “რუსულ–ქართული ურთიერთობის ისტორიიდან”, რომელიც რუსეთის არქივებში დაცული მეთვრამეტე საუკუნის დოკუმენტების კრებულს წარმოადგენს და რომლის პრეზენტაციაც დღეს, 13 საათზე,თბილისში, სასტუმრო “ ამბასადორში” გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაცია“ ისტორიული მემკვიდრეობა”
“რუსულ–ქართული ურთიერთობის ისტორიიდან”
გეორგიევსკის ტრაქტატის დადების230 წლისთავისთვის
XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველო–რუსეთის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტების ამ კრებულის გადმოქართულებულ ვარიანტს დღევანდელი ნომრიდან გთავაზობთ გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”. მკითხველი საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, მასალებს შეძლებისდაგვარად გათანამედროვებული ქართულით წარმოგიდგენთ. ეს ეხება როგორც ქართულ დედნებს, აგრეთვე, რუსულიდან ნათარგმნ დოკუმენტებს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არამც და არამც არ არის მეცნიერული თარგმანი, უფრო თავისუფალი თარგმანია.
სათქმელია ისიც, რომ რიგი ქართული მასალების დედნების მოპოვება შეუძლებელი შეიქნა, ამიტომ ისინიც რუსულიდანაა გადმოღებული. ამ ფორმით წარდგენილი პუბლიკაციები დისკუსიის ფონს ჰქმნის. რედაქცია სიამოვნებით მიიღებს ნებისმიერ შენიშვნას.
დოკუმენტები
1769 წ. #1
1769 წლის 12 მარტი. ქართლ–კახეთის მეფის ერეკლე II-ს წერილი სამხედრო კოლეგიის ვიცეპრეზიდენტს გენერალ–პორუჩიკგ.ა. პოტიომკინს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის შესახებ
“მის ბრწყინვალებას, თავად მდივნის შვილს
გრიგორი ელისეს ძეს
მსურს თქვენი ხილვა და გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას. თქვენი ჩამოსვლის შესახებ გვაუწყეს და ფრიად გავიხარეთ, რომ საიმპერატორო დიდებულების მინისტრის წერილი მეფე სოლომონისადმი თითქოს თქვენ გაქვთ, ასევე (წერილი) ჩვენდამი ყიზლარის გენერლისა. შევიტყვეთ რა ეს, ვაღიარეთ, რომ მისი საიმპერატორო დიდებულების მიერ მეფე სოლომონისთვის გაგზავნილი წერილის ნახვას ვერ შევძლებდით.
1769 წ. 26 მარტი.
ქართლ–კახეთის მეფის ერეკლემეორის წერილი სამხედროკოლეგიის ვიცეპრეზიდენტსგენერალ–პორუჩიკ გ.ა. პოტიომკინსმასთან და იმერეთის მეფე სოლომონI-თან შეხვედრისთვის მზადყოფნისშესახებ
“მის ბრწყინვალებას, თავად გრიგოლმდივნის ძეს
თქვენმა წერილმა ჩვენამდე მოაღწია, საფუძვლიანად გავეცანით და გავიხარეთ, რომ გსურთ ჩვენთან შეხვედრა… ვიმედოვნებ, თქვენი ბრწყინვალებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის საქმით ვართ დაკავებული. ხოლო როცა მისი საიმპერატორო დიდებულება გვაცნობებს ჩემთან და მეფე სოლომონთან შეხვედრის შესახებ, ჩვენც ვაუწყებთ, რომ მზად ვიქნებით შესახვედრად ან გორში, ან ახალგორში, ან ზემო ქართლში, ან სხვაგან ბზობის წინა კვირაში. გვაცნობეთ, რა ნებავს მის საიმპერატორო დიდებულებას და მზად ვიქნებით, შეძლებისდაგვარად შევასრულოთ მისი ბრძანება. მაგრამ, თუ მის საიმპერატორო დიდებულებას ჩემთვის სათქმელი არაფერი აქვს, შეგვატყობინეთ, რათა ჩვენი საქმეები არ დავაბრკოლოთ. მაგრამ გვსურს მის საიმპერატორო დიდებულებას საგანგებოდ მივლინებული დესპანით ვაცნობოთ, რომ მზად ვართ გულმოდგინე სამსახურისთვის სიცოცხლის დაუზოგავად, უფლისა და მისი საიმპერატორო დიდებულების შეწევნით.
26 მარტი, 1769 წელი, თბილისი.
მეფე ერეკლე საქართველოთა”
#32
1769 წლის 24 ივლისი. ქართულიჰუსართა პოლკის პორუჩიკის გ.ე.ქობულაშვილის (ხვაბუდოვის) პატაკიყიზლარის კომენდანტს გენერალ–მაიორ ნ.ა. პოტაპოვს იმერეთისა დაქართლ–კახეთის მეფეთა კარზეგანწყობილების და მეფეების _სოლომონ I-ისა და ერეკლე II-სრუსეთთან კავშირისადმიმისწრაფების შესახებ
“გენერალ–მაიორსა და ყიზლარისკომენდანტ პოტაპოვს
პორუჩიკ თავად ხვაბულოვის
პატაკი
იანვრის 16-ს თქვენმა აღმატებულებამ გამაგზავნა იმერეთის მეფე სოლომონთან, ვითომდა იმერეთში დაბრუნებული მიტროპოლიტ მაქსიმეს ამალის წევრის არქიმანდრიტის თანმხლებად, სინამდვილეში კი მეფე სოლომონისთვის განკუთვნილი მინისტრის წერილის ჩასატანად. თქვენი აღმატებულების სიტყვიერი განკარგულების თანახმად, ნაბრძანები მქონდა იქაური ვითარების გარკვევა და მეფე სოლომონის დარწმუნება, თურქების წინააღმდეგ იარაღის აღსამართად და, ასევე, სხვა განმარტებების მისაცემად. მაშინდელი ზამთრის პირობებში ძნელი მგზავრობის მიზეზით 3 თვეში ჩავედი საქართველოში, უწინარესად, ქალაქ ცხინვალში, საიდანაც თავადმა იასე მაჩაბელოვმა, ქართლისა და კახეთის მეფე ერეკლეს აცნობა ჩემი ჩასვლისა და აქედან იმერეთში გამგზავრების შესახებ.
როცა მან (ერეკლემ) შეიტყო, რომ პირველად იმერეთში ვაპირებ ჩასვლას, ეწყინა, რადგან მიაჩნია, რომ იგი მეფე სოლომონზე უფროსი და უძლიერესია, და თავად მაჩაბელოვს უბრძანა, რომ პირველად მასთან, ერეკლესთან ჩავსულიყავი თბილისში. მაგრამ ვუპასუხე, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი ვარ იმერეთში აღნიშნული არქიმანდრიტის სოლომონთან ჩასაყვანად, და ვუბრძანე იმავე თავად იასე მაჩაბელოვს, წავეყვანეთ მეფე სოლომონთან, რომელიც თავისი ქვეშევრდომის, რაჭის ერისთავის თავად როსტომის დასამორჩილებლად იმყოფებოდა რაჭის ციხეში, სადაც 20 მარტს მშვიდობით ჩავაღწიეთ თავად მაჩაბელოვის თანხლებით.
როგორც კი მეფე სოლომონს ვეახელით, არქიმანდრიტმა მისცა მინისტრის წერილი, რომელიც განსაკუთრებული პატივით მიიღო, და როცა წაიკითხა, ფრიად გაიხარა, რომ იმპერატორების დიდებულებისგან ასეთი უხვი მოწყალების ღირსი გახდა. ამასთან, თქვენს მიერ მეფე სოლომონთან გატანებული კომისიის წერილიც დიდი სიამოვნებით მიიღო, ხოლო მე, მისი უდიდებულესობის წერილის თანახმად, თურქეთის სულთნის როგორც ქრისტიანთა საერთო მტრის წინააღმდეგ ომის დაწყება შევთავაზე, რომლისგანაც სრულიად საქართველო წლების განმავლობაში თავდასხმებს, ქალებისა და კაცების გატაცებასა და სხვა უბედურებას განიცდის.
აღნიშნული ვერაგი მტრის წინააღმდეგ სრულიად რუსეთის იმპერიის მიერ ამჟამად დაწყებულ ომში ჩართვით გადარჩენის ხელსაყრელი და საუკეთესო შესაძლებლობა შეექმნება მის (სოლომონის) მეზობელს, ქართველისა და კახეთის მეფეს ერეკლეს, რისთვისაც ვთხოვე მას (სოლომონს) სათანადო ღონისძიებების მიღება. როცა მისი იმპერატორების დიდებულების ჯარები წარმატებით გაიმარჯვებენ თურქებზე, მაშინ არცერთი ხელსაყრელი სურვილი არ იქნება უგულებელყოფილი ტრაქტატში შესატანად.
მეფე სოლომონმა დიდი აღფრთოვანებით მიპასუხა, რომ სურვილი აქვს დაიწყოს ომი არა მხოლოდ ამ მოწინააღმდეგესთან, არამედ გამოუცხადოს ომი საკუთარი ქვეყნის არაკეთილმოსურნე თავადებს, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს, რადგან ეს თავადები ბევრნი არიან, რომლებიც კი დაიმორჩილა, თუმცა სანდონი არ არიან. ეეჭვება, რომ მის წინააღმდეგ გაილაშქრონ და ხელი შეუშალონ ამ ღვთისნიერ საქმიანობაში. თუ მისი უმაღლესი იმპერატორების დიდებულობა მოისურვებს დამხმარე ჯარით მისი, სოლომონის, გაძლიერებას, მაშინ იგი შეძლებს თავის სამფლობელოში შეაგროვოს ოც ათასამდე მებრძოლი და ჩაებას ამ ომში. იმედოვნებს, რომ მეზობელ თურქ ხანებს დაიპყრობს და თავის ქვეშევრდომებად მოაქცევს.
ჩემი ჩამოსვლის ამბის შესატყობინებლად და კომისიის დავალებათა გადასაცემად მან ერეკლეს გაუგზავნა თავისი წერილი მინისტრის წერილის თანდართვით, რისთვისაც საგანგებოდ მიავლინა თავადი ბორის ბარათოვი. ამასთანავე, შეატყობინა, რომ მე მასთან, ერეკლე მეფესთან, ექვსი დღე-ღამის შემდეგ ჩავალ. 26 მარტს მართლაც გამამგზავრა თბილისს თავად მაჩაბლოვის თანხლებით. მაგრამ იმის გამო, რომ თბილისში იმყოფებოდნენ თურქი ხანების ქვეშევრდომთა წარმომადგენლები, რომლებიც თხოვდნენ მეფე ერეკლეს, სრულიად რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ომში არ ჩართულიყო, მაჩაბელოვის სამფლობელოს რომ მივაღწიეთ, აპრილის შვიდს, იქ გავჩერდით, საიდანაც მიწერა მეფე ერეკლეს ჩემი ჩასვლის შესახებ. პასუხად მიიღო ბრძანება, რომ მე და ჩემი ორი თანმხლები ქართულ ტანსაცმელში გამოვეწყვეთ და ფარულად მივეყვანეთ თბილისში.
როგორც კი თბილისს მივუახლოვდით, ფორშტატში (ქალაქის გარეთ დასახლებაში) ბინად დამაყენეს. თურქმა ელჩებმა, რომლებმაც, არ ვიცი, როგორ შეიტყვეს ჩვენი ვინაობა, ბინას თვალთვალი დაუწყეს.
როგორც კი მეფე ერეკლეს ამის შესახებ მოახსენეს, მიიწვია ის ელჩები და მრისხანებით გააძევა თბილისიდან, მე კი შემიყვანეს თბილისში, ბინით უზრუნველმყვეს. აპრილის 11-ს, საღამოს, მიმიწვიეს ერეკლე მეფესთან, გადავეცი წერილი, რომელიც მან დიდი სიხარულით მიიღო და შემდეგ დამიწყო იმის ახსნა, რომ ცხოვრებაში პირველად თავს ბედნიერად გრძნობს. განსაკუთრებული სიხარულით აღივსო, როცა მისი ბრწყინვალების, იმპერატორების დიდებულების მინისტრის წერილიდან შეიტყო სიტყვით აღუწერელი, და მთელ საქართველოზე ესოდენ გაბრწყინებული იმპერატორის მოწყალება, რაიც მის წინაპრებს ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიუღიათ. თქვენი წერილიდან შეიტყო, რომ აღჭურვილი ვარ უფლებით სიტყვიერად გადავცე მას სათქმელი და მთხოვა, იმის შესრულება, რაც ნაბრძანები მაქვს.
მე დავინახე მისი დიდი სიხარული, განვუცხადე ის, რაც მეფე სოლომონს. მან თქვა, რომ დიდად მონდომებულია, ჩაერთოს ომში თურქების წინააღმდეგ და დაიწყებს საამისოდ მზადებას. და თუმცა მინისტრის წერილში ხედავს მისი იმპერატორების დიდებულების კეთილ ნებას, მაგრამ, ამასთანავე, სურს, მიიღოს მონარქის მოწყალება, რომელიც მისი საიმპერატორო დიდებულების კარის მიერ იქნება გაცემული, რათა მან ატაროს ტიტული მისი საიმპერატორო დიდებულების ნიშნად, რათა თავს მიიჩნევდეს რუსეთის საიმპერატორო კარის მფარველობის ქვეშ. ამ მოწყალების სანაცვლოდ, იგი მზად არის, თუ ნაბრძანები ექნება, ადგილობრივი ჯარის მცირედ დახმარების შემთხვევაშიც კი დაიპყროს თურქეთის ოლქის მრავალი ქალაქი, სამეფო ქალაქის ჩათვლით. რუსული ჯარის საქართველოში ჩამოსვლა უფრო იმიტომაა საჭირო, რომ საქართველოში მათმა შემოსვლამ შეაშინოს არა მხოლოდ თურქები, სპარსები, არამედ ადგილობრივ ყველა, რათა მათ იგრძნონ, რომ მას, ერეკლე მეფეს, მიღებული აქვს მისი საიმპერატორო დიდებულების მფარველობა…
ამასობაში თბილისში ელოდნენ იმერეთის მეფის სოლომონის ჩამოსვლას, რომელიც მეფე ერეკლეს წერდა, რომ მალევე ეწვევა თბილისს. მაგრამ იმიტომ, რომ მეფე სოლომონი დაყოვნდა ზემოთ ნახსენებ თავადთან ბრძოლის გამო და თბილისში არ ჩამოვიდა, ერეკლე მეფე და მე იძულებული გავხდით, მასთან გაგვეგზავნა ჩვენი ხალხი თხოვნით, სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მაგრამ, თუ იგი თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა, ერეკლე მეფე სთხოვდა, ეცნობებინა, დაესახელებინა ადგილი, სადაც მას თვითონაც სურდა ჩასვლა. სოლომონმა მოგვწერა, რომ აუცილებლად იქნება თბილისში, და თავად ერისთოვის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, მართლაც ჩამოვიდა თბილისში, სადაც შეხვდა კიდეც ერეკლე მეფეს. მოილაპარაკეს, დაეწყოთ ომი თურქეთის წინააღმდეგ და ამ საომარ ვითარებაში ერთგულად ემსახურონ იმპერატრიცას.
ამონარიდი ისტორიიდან.გაზეთი საქართველო და მსოფლიო.