სოფელ ბუღაშენში აქცია აღარ გაიმართება.
ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში მდებარე მიხეილ ავაქიანის ძეგლთან, 10 თებერვალს, სამშვიდობო აქცია, რომელშიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჯარო მოხელეებიც იყვნენ მიწვეულნი, აღარ გაიმართება.
აქციის ერთერთი ორგანიზატორი კარენ აპოზიანი ,,მეცხრე არხთან” განმარტავს, რომ ისინი ბუღაშენის გმირის პატივისცემას კვლავ ითხოვენ, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აქციას აღარ გამართავენ.
,,დილიდან განვიხილავთ განვითარებულ პროცესებს, ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ აქციები აღარ გაგრძელდება. არავის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ ამ ეტაპზე ასე ჩავთვალეთ” – ამბობს კარენ აპოზიანი.
კარენ აპოზიანი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მიერ 8 თებერვალს, პარლამენტის წინ გამართულ აქციას პროვოკაციად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული მხარე ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ქართულ-სომხური ურთიერთობების გამწვავებას ცდილობს.
tv9info.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.