“პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით,” – მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის შესახებ საუბრობს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე პასუხისმგებლობას უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქს აკისრებს. მეუფე მეტე ამბობს, რომ 2 წელი ციხეში ზის უდანაშაულო მღვდელი აბსურდული ბრალდებით.

მიმდინარე პროცესებში მიტროპოლიტი ხელისუფლების, პატრიარქისა და მისის გარემოცვის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

„ზუსტად ორი წლის თავზე, ვიტყოდი, რომ ზუსტად ორი წელია, საუბედუროდ, საქართველოში გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, აბსურდული, ცრუ ბრალდებით. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით,“ – აცხადებს მეუფე პეტრე (ცაავა). 

ციანიდის საქმე ეკლესიისთვის დამოკლეს მახვილივითაა – ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ე.წ. ციანიდის საქმეს. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, თუმცა მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და ევროპული სასამართლოს პასუხი.

„ვწუხვარ საერთოდ რომ ეს თემა ისევ დღის წესრიგში დგას, მაგრამ არის ასეთი მოცემულობა, ვნახოთ აწი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული და იქიდან მივიღებთ პასუხს, რომელიც იქნება ერთგვარი შეფასება როგორც საზოგადოების, ისე ეკლესიის პოზიციის. კითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩემი პოზიცია ამაზე მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი და მე ნამდვილად არ მინდა ახლა კვლავ ამ თემაზე ვისაუბრო. ეს საქმე კვლავ, რომ იტყვიან დამოკლეს მახვილივით არის ეკლესიის თავზე და ამაში მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ჩემს პირად პასუხისმგებლობას და იმედს გამოვთქვამ, რომ სიმართლე დადგინდება არა მხოლოდ ამ საქმის ირგვლივ, არამედ უფრო ფართოდ რა მოხდა დაწყებული იმ დღიდან, როცა ინფორმაცია გაასაჯაროვა იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, იმ დღემდე როცა საბოლოო განაჩენი გამოიტანეს. ბევრი რამ დატოვა, ხარვეზი, ლაქა,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 
rustavi2.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.