თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი:
_ ერთპოლუსიანი სამყარო ინგრევა, ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და პროცესი მტკივნეულია. ასე გაგრძელდება, სანამ დიდი მოთამაშეები ურთიერთობებს არ მოაგვარებენ. ჩვენ კუნთების თამაშის მომსწრეები ვართ, მაგრამ ომში ეს არ გადაიზრდება, უფრო იქით წავლენ, რომ მოილაპარაკებენ.
მსოფლიო არეულია და ეს, მხოლოდ დიდი ქვეყნების დაპირისპირება კი არა, ელიტების დაპირისპირებაცაა. ამერიკაში ტრამპი და კლინტონი არიან დაპირისპირებულები და ასე ხდება ყველგან. დღეს საგარეო პოლიტიკას საშინაო პოლიტიკის დასარეგულირებლად იყენებენ.
საქართველო პატარა ქვეყანაა,
რომელსაც გაცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის ვექტორი, მაგრამ სასურველია, რომ უფრო ფრთხილი პოლიტიკა აწარმოონ. რუსეთი მეზობელი ქვეყანაა, არავინ იცის, ამერიკასთან მისიკონფრონტაცია როგორ დასრულდება. როგორც აცხადებენ, მიმდინარეობს ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ხდება ახალი იარაღების გამოცდა, მაგრამ ისეთი პატარაქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავსუნდა არიდებდეს მიმდინარე პროცესებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის ომი არ ყოფილა, ეს იყო ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და ჩვენ გავიჭყლიტეთ. სირია არ არის შორს, ამიტომ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, მოსახლეობას სიმშვიდე შეუნარჩუნოს, არ ჩაერიოს იმ პროცესებში, რომელიც მას არ ეხება. დიდი სახელმწიფოები ყოველთვის დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, პატარა ქვეყნები კი ზარალებიან.
_ ხელისუფლებას იმედი აქვს, იმედი რომ ალიანსში ჩვენი გაწევრების საკითხი აქტიურად დადგება…
_ არა მგონია, საკითხი ასე პრინციპულად დადგეს, რადგან დასავლელმა “პარტნიორებმა” იციან, რომ საქართველოს ნატოში შესვლას საფრთხე მოჰყვება და რთული პროცესიც არის. დასავლეთი საქართველოს ნატოში მიღებას არასოდეს დათანხმდება, რადგან, ეს რომ სურდეს, მაკედონიასავით ადვილად მიგვიღებდა. მაკედონიაში იყო კორუფციაში ჩაფლული მთავრობა, არ იყო დემოკრატია, რუსეთის ხელში იყო დიდი ქონებაც, მაგრამ მაინც მიიღეს ნატოში. რუსეთის ხელისუფლებას ამაზე არ ჰქონია რეაქცია, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლნენ, საქართველოს მიმართ კი ვითარება უფრო რთულია.
არ ვარ მომხრე, რომ დასავლეთთან
ურთიერთობები გავწყვიტოთ, მაგრამ ის, რომ ქართველებს სურთ, რომის პაპზე მეტი კათოლიკეები იყვნენ, მიუღებელია. იყო დასავლეთთან და ამ დროს შენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმის მილიონი ქართველი, რუსეთში ცხოვრობდეს, იქიდან ივსებოდეს შენი ქვეყნის ბიუჯეტი და ყველანაირ ურთიერთობას წყვეტდე ასეთ ქვეყანასთან, წარმოუდგენელია.
ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ; მცდარია მოსაზრება, რომ რუსეთთან დალაპარაკებას აზრი არ აქვს. ცუდად იზრდებიან ახალგაზრდები, მათ სძულთ რუსები, სწავლობენ საერთაშორისო ურთიერთობებს და რუსეთზე საუბარიც კი არ სურთ. მთავრობაც იმავეს აკეთებს. აგინებენ რუსებს და არ იციან, რომ მათი მოვალეობა, გინება კი არა, ურთიერთობის მოგვარებაა.
ჩვენ დასავლეთის ბანაკში განგვიხილავენ, ამიტომ ჩაბმულნი ვართ კონფლიქტშიც. სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლები უფრო ჭკვიანურად იქცევიან.
_ უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახლა რეფერენდუმი _ გვინდა თუ არა ნატო?
_ რატომაც არა, ეს აუცილებელიც კია! დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელია ასეთი რეფერენდუმები და პლებისციტები. ძალიან საინტერესო იქნება ხალხის აზრი, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავრობას ხალხის აზრი არ აინტერესებს. დასავლური ვექტორი მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გადათელა, მოსახლეობას აღარ სჯერა, რომ დასავლეთი კარგია, რადგან ამდენი წლის განმავლობაში სიკეთე ვერ დაინახეს. ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკა, სოციალური ფონი საზარელია, განათლება _ ნულის ტოლი, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, თუკი რეფერენდუმი ჩატარდება საკითხზე _ გვინდა თუ არა ნატო და ხალხს არჩევანის უფლებას მისცემენ, ძალიან კარგი იქნება.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.