საგანგაშო ინფორმაცია-რუსები საქართველოს საზღვართან დამატებით 2 დივიზიას განათავსებენ-რატომ დუმს საქართველოს მთავრობა?

მოსკოვი საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დისლოცირებულ 58-ე არმიას მოტომსროლელი დივიზიებით აძლიერებს. სწორედ 58-ე არმია მიიჩნევა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან შეიარაღებულ ძალად და სწორედ 58-ე არმია გამოიყენა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომში.

რატომ აძლიერებს სამხრეთ სამხედრო ოლქის არმიას რუსეთი და რა პროვოკაციებია მოსალოდნელი? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ 58-ე არმიის გაძლიერება საქართველოსთვის დიდი საფრთხის შემცველია. ამ გაძლიერებული არმიის ერთ-ერთი სამიზნე, დიდი ალბათობით, საქართველო იქნება – ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით არსებულ მუდმივ გამოწვევებს ახლა ემატება კახეთიც ავარო-კახეთის გზატკეცილის მიმართულებით, პანკისის ხეობა და რუსეთი შეეცდება, ამ მიმართულებით საფრთხე და პროვოკაციები გაზარდოს.

58-ე საერთო-საჯარისო არმია შედის სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომლის პასუხისმგებლობის ზონაშია საქართველო, ასევე, უკრაინა, ანექსირებული ყირიმი და ბოლო დროს თუკი რამ ახალი ტექნიკა გამოუშვა რუსულმა სამხედრო წარმოებამ, პირველ რიგში, სწორედ ამ სამხედრო ოლქში დისლოცირებულ ნაწილებს გადაეცა. ამავე ოლქის სამხედრო ნაწილები გადიან ყველაზე აქტიურ წვრთნას.რუსული მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში სამხრეთ სამხედრო ოლქში ორი ახალი მოტომსროლელი დივიზია გამოჩნდება. ამ ინფორმაციას “ინტერფაქსი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის დივიზიაში დიდი ცვლილებაა. მე-19 მოტომსროლელი ბრიგადა გადავა ვლადიკავკაზში, მალევე 58-ე არმიის შემადგენლობაში გადავა 136-ე ბრიგადა და ბრიგადის დონე გაიზრდება დივიზიის დონემდე, რითაც დაუბრუნდება 2010 წლის რეფორმამდელ მდგომარეობას, როდესაც, რეფორმის ფარგლებში, შესაბამისი დივიზიები ბრიგადებამდე შემცირდა.

დღეისათვის სამხრეთ სამხედრო ოლქში დისლოცირებულია ორი მოტომსროლელი დივიზია. 58-ე არმიის შემადგენლობაში, რომელიც დისლოცირებულია ჩეჩნეთში, შედის 42-ე მოტომსროლელთა დივიზია; მე-8 არმიაში, რომელიც როსტოვის რეგიონშია დისლოცირებული, შედის 150-ე მოტომსროლელთა დივიზია.

რუსული მედიის ცნობით, 58-ე საერთო-საჯარისო არმია მიიჩნევა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ შეიარაღებულ ძალად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სწორედ 58-ე არმიაზე გადავიდა რუსეთის სამხრეთით ყველა სამხედრო კონფლიქტის ძირითადი სიმძიმე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთის გენშტაბი იწყებს ახალი სამხედრო დაჯგუფების – სამხედრო დამრტყმელი მუშტის შექმნას.

მისი თვალსაზრისით, ჩრდილოეთ კავკასიაში 2 დივიზიის დამატებას, დიდი ალბათობით, ორი მთავარი ამოცანა აქვს, ერთი – ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკური პროცესების დასტაბილურება და მეორე – საქართველოს მიმართულებით გააქტიურება.

“ჯამში, სამხრეთ სამხედრო ოლქში 4 დივიზია იქნება, 120 000 ადამიანი, რაც უკვე სერიოზული ძალაა. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ პროცესთან, რაც ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში იწყება. მოსკოვმა დაღესტანში დიდი წმენდა დაიწყო, დაპატიმრებულია მთავრობის დროებითი ხელმძღვანელი, პირველად დაღესტნის მეთაურად დანიშნულია ეროვნებით რუსი, თანაც ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ ვასილევი.

“ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაკავებულია ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი კლანის წარმომადგენელი, სენატორი რაუფ არაშუკოვი. იქ მობილიზებულია მთელი რუსული ძალოვანი სტრუქტურები. ასევე, ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის შიდა დემარკაციის გამო სერიოზული უკმაყოფილებაა.

“არ არის გამორიცხული, რომ ეს ორი დივიზია ჩრდილო კავკასიაში არსებული ამ რთული პოლიტიკური ვითარების გამო შეიქმნა. ეს არის კავკასიის მილიტარიზაციის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი იყო 2007-2008 წლებში და პირველი მილიტარიზაციის პროცესი ჩვენ საკუთარ თავზე გადავიტანეთ აგვისტოს ომისას.

“4 დივიზია ძალიან სერიოზულია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ემზადება შეტევითი ტიპის ოპერაციებისთვის. თანაც, 58-ე არმია საქართველოზეა პირდაპირ მიბჯენილი და შექმნილია იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, რაც უკვე ვნახეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირობებში,” – ამბობს მაისაია.

მისი თქმით, ყურადსაღებია ისიც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც არის კონცენტრირებული რუსული არმიის სერიოზული ნაწილები.

“აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე დაახლოებით 10 000-მდე რუსი და აფხაზი სამხედროა, ხოლო ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე კონცენტრირებულია დაახლოებით 8 000 სამხედრო, რომლებიც ემორჩილებიან 58-ე არმიის სარდლობას.

“სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი უშუალო საზღვრების მხარეს დამატებით ორი დივიზიის გამოჩენა უკვე ეჭვს არ ტოვებს, რომ სამიზნე საქართველოა. ერთი დივიზიის გამოჩენამ ბალტიის სახელმწიფოებთან ელეთმელეთი და ნატო-ს მე-5 მუხლის ამოქმედება გამოიწვია, ამერიკელებისა და ბრიტანელების კოალიციური ჯარები შეიყვანეს ბალტიის ქვეყნებში. ახლა წარმოიდგინეთ, საქართველოს საზღვრების ახლოს 4 დივიზია იქნება განლაგებული.

“რადგან მე-8 არმიაში შეიქმნა კიდევ ერთი დივიზია, ეს ნიშნავს, რომ კახეთის მიმართულებითაც არის დაინტერესება. რუსეთი გეგმავს სამი მიმართულებით სვლას – აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და კახეთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კადიროვს შექმნილი აქვს ჩეჩნური სპეციალური დანიშნულების მომზადების ცენტრი. ეს არის სამთო-დივერსიული ჯგუფები, მათი შემადგენლობა დაახლოებით 5000-ია. ამ სამთო-მოიერიშე ჯგუფების გააქტიურება შესაძლებელია პანკისთან, სადაც არის მთიანი ბილიკები,” – მიიჩნევს მაისაია.

უსაფრთხოების ექსპერტი ამბობს, რომ არსებობს ალბათობა, რუსეთმა საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების გადაადგილების საფრთხეზე საუბარი დაიწყოს, რუსულ მედიაში კი ამ მიმართულებით საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია. იწერება, რომ სირიიდან და ერაყიდან “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებული მებრძოლები სახლში ბრუნდებიან, მათ შორის საქართველოშიც და საქართველოს გავლით ჩრდილოეთ კავკასიაშიც შეეცდებიან გადასვლას, რასაც რუსეთი არ დაუშვებს.

“რუსეთმა უკვე დაიწყო მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია და ამზადებს ნიადაგს. საყურადღებოა ისიც, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია და უკვე ხურვალეთში დემონსტრაციულად სათვალთვალო კოშკურებსაც აგებენ, რაც გარკვეულ სამზადისსაც უნდა ნიშნავდეს.

“ყველაფერი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს – კოშკურების აგება, 2 დივიზიის დამატება და კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმების გააქტიურება. რუსული მხარე აშკარად მიზანმიმართულად ემზადება,” – ამბობს მაისაია.
NGHT.GE.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.