ირმა ინაშვილი: დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, მიხეილ სააკაშვილს დავაკავებ

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეკრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრა საზოგადოებისთვის საინტერესო არ იყო, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს.

 

 

მანვე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის დაჭერის პირობასაც დებს პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში, ავანტიურისტი და კომიკური პერსონა უწოდა.

 

 

„მაინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უწერს „ენდიაი“ (NDI) და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა „ქართული ოცნებისადმი“. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს“, აღნიშნა ირმა ინაშვილმა, რომლის განცხადებაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.