რამაზ საყვარელიძე: მოსამართლეების თემაზე დაპირისპირებას 2020 წლის არჩევნებში შეიძლება „ქართული ოცნების“ დამარცხება მოჰყვეს და ივანიშვილის ფიცი აღარ იყოს საკმარისი

ამ კამათის ფონზე საზოგადოების თვალში უმრავლესობის უმრავლესობა ხდება დისკრედიტებული, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო უმრავლესობის წევრთა დაპირისპირებას, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობს.

რამაზ საყვარელიძის თქმით, უმრავლესობის ნაწილი, რომელიც ამ კანონპროექტს აგრესიულად უპირისპირდება, აგრესიულია საზოგადოებრივი აზრის მიმართაც. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ამ დაპირისპირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება მოჰყვება. როგორც მან აღნიშნა, იმ დროს უკვე ბიძინა ივანიშვილის ფიცი შეიძლება აღარ იყოს საკმარისი.

“აი, ამ კამათის ფონზე საზოგადოების თვალში უმრავლესობის უმრავლესობა ხდება დისკრედიტირებული. კონსტრუქციული უმრავლესობის მქონე პარტია კონსტრუქციას რომ მოიტანს იმის მიზეზად, რომ არ შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, როცა მთელი საზოგადოება ამბობს, რომ ჯერ მზად არ ვართ უვადო მოსამართლეების გენერირებისთვის, მაშინ ეს უმრავლესობა რატომ არის ასე ჯიქურ და აგრესიულად განწყობილი ამ პოზიციის მიმართ?! ეს ხომ საზოგადოებრივი აზრის მიმართაც აგრესიას ნიშნავს?!

გამოდის, რომ ეს ათი მიუღებელი მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილის თამადობით და უმრავლესობა არიან ერთ მხარეს, ხოლო მთელი დანარჩენი საზოგადოება არის მეორე მხარეს. ამას მოჰყვება ის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შეიძლება მივიღოთ უარესი სურათი, ვიდრე გვქონდა პრეზიდენტის არჩევნებზე პირველ ტურში. ოღონდ პირველი ტურისგან განსხვავებით, ივანიშვილის ფიცი და გამოსვლა შეიძლება აღარ გახდეს საკმარისი. აი, ამ საქმეს უშვრებიან ივანიშვილს უმრავლესობის წევრები, ამ საქმეს უშვრებიან მეთოფიშვილები ამ პარტიას, რომელიც მას მფარველობს”, – განაცხადა საყვარელიძემ.
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.