,,ქართულ ოცნებას“ ნომინაციები რომ დაეწესებინა, 2012-2016 წლების ყველაზე სკანდალური ფიგურის ტიტულს, ალბათ, ზაქარია ქუცნაშვილს, მურმან დუმბაძესა და დავით ლორთქიფანიძეს მიანიჭებდნე, 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში კი ჯერჯერობით ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე ლიდერობენ.
პარალელები მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტებს შორის ბევრია. თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას მხოლოდ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ.
მაგალითად, როგორც მაშინ ზაქარია, ისე ახლა ეკა უმრავლესობასთან დაპირისპირების მთავარ მიზეზად უზენაეს სასამართლოს ასახელებს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ქუცნაშვილს საკუთარი ამბიციები არ დაუფარავს. დიახ, მას სურდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, უნდოდა კოტე კუბლაშვილის მემკვიდრე ყოფილიყო. საკუთარი კანდიდატურა ამ ვაკანსიაზე წარადგინა კიდეც, მაგრამ პარტიამ ერთ-ერთ კრიტერიუმად აპოლიტიკურობა დაასახელა. ქუცნაშვილი გაბრაზდა და უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს შეუტია.
ახლაც სკანდალის ეპიცენტრში უზენაესი სასამართლო დგას. ამჯერად ეკა ბესელია მოსამართლეების იქ უვადოდ გამწესებას აპროტესტებს. კულისებში ამბობენ, რომ მას თავად სურდა უვადო მოსამართლეობა, რაკიღა იცოდა რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ხმებია. ბესელიამ მოგვიანებით ეს „ჭორები“ უარყო. თუმცა, უფრო ადრე, მან ისიც უარყო, რომ კომიტეტიდან მისი წასვლა მის გადადგომამდე 6 თვით ადრე იყო დაგეგმილი და რომ მას ვიცე-სპიკერად ირჩევდნენ. ამ ინფორმაციის დადასტურება მას მოგვიანებით, მას შემდეგ მოუწია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ის თავად დაადასტურა და ჟურნალსიტებს ის კაბინეტიც აჩვენა, რომელიც პირადად ბესელიასთვის გარემონტდა კიდეც.
კიდევ ერთი ტენდენცია – სკანდალურ ფიგურებს პროტესტი თითქმის ყოველთვის არჩევნების წინ ახსენდებათ.
ჩვენ პარტიის ხმაურიან ისტორიებს გადავხედეთ.
პირველად „ქართულ ოცნებაში“
ხმაურიანი ფიგურები წლების მიხედვით ასე ლაგდებიან: დავით ლორთქიფანიძე (2013 წელს), მურმან დუმბაძე (2014 წელს) და ზაქარია ქუცნაშვილი (2015წელი). კონფლიქტის ეპიცენტრში უმრავლესობის მაშინდელი ლიდერი დავით საგანელიძე იდგა.
დავით ლორთქიფანიძე იყო პირველი დეპუტატი, ვისი გარიცხვაც პარტიის დღის წესრიგში დადგა. მურმან დუმბაძე იყო პირველი, ვინც გარიცხეს და ზაქარია ქუცნაშვილი იყო პირველი, ვინც გადადგა… დავით საგანელიძე იყო პირველი, ვინც პოლიტიკა მეორედ დატოვა.
დავით ლორთქიფანიძე:
ვიკიპედიაში უწერია რომ ქდმ (გიორგი თარგამაძის პარტია) სკანდალურად დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა პარლამენტში მოხვედრიდან, სულ რაღაც ერთ წელში, დავით ლორთქიფანიძე სერიოზულ ბრალდებებს უყენებს უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს. ერთ-ერთი ბრალდება მის ნაციონალებთან ფარულ გარიგებას ეხება. ყოველ შემთხვევაში ასე ითქვა მაშინ, როცა 14 დეპუტატმა – ლორთქიფანიძის მომხრეებმა – ბიძინა ივანიშვილს საგანელიძის წინააღმდეგ წერილი მისწერეს. მოგვიანებით, კონფლიქტის განხილვის დროს, უკვე პარტიის პოლიტსაბჭოზე, უმრავლესობის ლიდერმა წერილის ავტორებს „მოღალატეები“ უწოდა. ესეც მედიით გავრცელდა.
ღია განცხადებებში, ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დავით საგანელიძემ შტაბს საკუთარი ხალხის გარდა სხვა არავინ გააკარა. უმრავლესობის ლიდერი, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ დეპუტატი ერეოდა ვანის რაიონის თვითმმართველობის სტრუქტურების მუშაობაში.
დეპუტატის ამბიციებთან დაპირისპირება საგანელიძეს მოგვიანებითაც მოუწია. „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკიდან გასვლის შემდეგ, ლორთქიფანიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ვაკანსიაზე განაცხადა პრეტენზიები, თუმცა, პარტიამ არც ეს სურვილი დაუკმაყოფილა.
მურმან დუმბაძე:
ის აჭრის რეგიონის მთავრობას დაუპირისპირდა და მისი გადაყენება მოითხოვა. პასუხად პარტიიდან გარიცხვა მიიღო. თუმცა, ამტკიცებდა პრემიერ ღარიბაშვილს დავასწარი განცხადების დაწერაო.
ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალები დუმბაძე მოგვიანებით მედიასთან გაიხსენა, მის სიტყვებზე დაყრდნობით, მათი დიალოგი ასეთი თანამიმდევრობით ეწყობა:
„მე: ვუთხარი უნდობლობა გამოეცხადებინა აჭარის რეგიონის მთავრობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დავტოვებდი პოლიტიკურ პარტიას.
პრემიერი: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში, თქვენ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის გარედან გმართავთ.
მე: თუ ასე ფიქრობთ, ჩვენი გზები გაიყარა.
პრემიერი: თქვენ პარტიიდან უკვე გარიცხული ხართ.
მე: დაგასწარი, განცხადება 2-3 დღის წინ უკვე დავწერე…“
პარტიამ მოგვიანებით განცხადებაც გააკეთა და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე თავისი რიგებიდან „გარიცხა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საქმეებში „ჩარევის“ გამო.
ბათუმის მაჟორიტარს, რა თქმა უნდა, არ აპატიეს მცდელობა „საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია როგორც აჭარის უმაღლესი საბჭო, ასევე აჭარის მთავრობა…“
ღარიბაშვილმა დუმბაძის ქმედებას „დესტრუქციული“ უწოდა.
ზაქარია ქუცნაშვილი:
დეპუტატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურდა, თუმცა, დავით საგანელიძის თქმით, შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით, შერჩეული პირი აპოლიტიკური უნდა იყოს. ქუცნაშვილმა ეს კრიტერიუმები გააპროტესტა და საგანელიძე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დიდი ხმაურის ეპიცენტრში.
”ზაქარია ქუცნაშვილს ვერ მოვარგებთ, როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები , მისი სიმაღლე, თმის ვარცხნილობა, ზომა და ფორმა, ეს ასე არ გამოვა,” – აღნიშნა საგანელიძემ.
საბოლოოდ, ლორთქიფანიძე პარტიის რიგით წევრად დარჩა ბოლომდე, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში ”ქართული ოცნების“ სიაში ის უკვე აღარ შეიყვანეს.
ქუცნაშვილმა ჯერ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, შემდეგ ინტერფრაქციული ჯგუფიც, და არც “ქართული ოცნების” პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში აურჩევიათ.
და შესაძლოა, ღარიბაშვილი ტყუოდა – და ოცნებას დღემდე ყველა პროცესის უკან მართლაც ნაციონალები ელანდება – თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოგვიანებით მურმან დუმბაძე სწორედ ნაციონალებთან ერთად გამოჩნდა პოლიტიკაში, უკვე სააკაშვილს აქებდა და ივანიშვილს აკრიტიკებდა.
რაც შეეხება დავით საგანელიძეს პოლიტიკიდან წასვლისა და ბიზნესში დაბრუნების სურვილი პირველად 2013 წელს დააფიქსირა პირად საუბრებში, ინფორმაციამ მედიაში გაჟონა. უმრავლესობის ლიდერმა მაშინ ეს ხმები უარყო. ორი წლის შემდეგ, 2015 წელს კი, საგანელიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. დღემდე რჩება ერთადერთ პოლიტიკის გარეთ მდგარ პირად, ვინც ამავე დროს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობას ინარჩუნებს.
პოლიტიკა საგანელიძემ მაშინ მეორედ დატოვა. პირველად, მან ეს მაშინ გააკეთა, როცა „ახალი მემარჯვენეები“ დატოვა.
მისი წასვლა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასაც დაემთხვა.
არმაზ ახვლედიანი:
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ პარტიაში კვლავ საკადრო ცვლილებები დაიწყო. რა თქმა უნდა, ხმაურის გარეშე არც ეს გადაადგილებები ჩაივლიდა. ხმაური ერთად ატყდა როგორც პარლამენტში, ისე პარტიის ოფისში.
სკანდალურ განცხადებებს ძირითადად ისინი აკეთებდნენ, ვინც კარგად დაინახა, რომ მმართველ ძალას მათ მიმართ არანაირი გეგმები არ ჰქონდა. არმაზ ახვლედიანმა მოულოდნელად, საარჩევნო სიის შედგენის მომენტში, აღმოაჩინა, რომ „ქართულ ოცნებაში“ თურმე „საბჭოთა მენტალიტეტი სუფევს“, თამაზ მეჭიაურმა კი, პირიქით, დაადგინა, რომ ასეთი მენტალიტეტის ნაკლებობაა და ოცნება ნატოსკენ მიექანება. დეპუტატმა ეს „დიდი აღმოჩენა“ სწორედ არჩევნების წინ გააკეთა.
უკმაყოფილო ფიგურებმა ოფიციალური განცხადებებიც გაკეთეს:
არმაზ ახვლედიანი: ოცნება უკვე ახერხებს და ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომაც, მე არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა.“
ირაკლი კობახიძე: „თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით.“
არმაზმა თუ კარები გაიჯახუნა, მეჭიაურმა ის ფრთხილად მას შემდეგ გაიხურა, რაც ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნატო „ქართული ოცნების“ სტრატეგიული პოლიტიკის ნაწილია.
არმაზს სამომავლო გეგმები არ დაუანონსებია, მეჭიაურმა კი მაშინვე თქვა, რომ ახალ პარტიას შექმნის, პარტნიორობა მან ლევან ვასაძეს შესთავაზა.
მეორედ „ქართულ ოცნებაში“
სკანდალური ისტორიების სერიალი 2018 წელს დავით ჭიჭინაძით იწყება და 2019 წელს ეკა ბესელიასთან დაპირისპირებით გრძელდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი წელია.
2016-2020 წლის პარლამენტში მოხდა ის, რაც ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში მეორედ განმეორდა – პარლამენტის თავმჯდომარეს პირადი ოპოზიცია გაუჩნდა.
პირველად ასეთი ფაქტი 1999-2003 წლის პარლამენტში დაფიქსირდა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს პირადი ოპოზიციის სახით „ახალი მემარჯვენეები“ ჰყავდა. ამ ფრაქციაში მაშინ სმკ-ს ახალი სახეები გაწევრიანდნენ. მათ მმართველი პარტია პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ხმაურით დატოვეს და ექსკლუზიურად ზურაბ ჟვანიას გადაყენების პროცესით დაკავდნენ.
ისინი ახალი სახეები იყვნენ, ესენი, ვინც ახლა პარლამენტის თავმჯდომარეს უპირისპირდება, ძველები არიან. დავით ჭიჭინაძე ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატივითაც კი გამოვიდა, რომელსაც „ოცნება 2012“ ერქმევა.
დავით ჭიჭინაძე:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან ის 2018 წლის 18 ივლისს გარიცხეს. მიზეზად პარტიის წევრებისთვის შეურაცხყოფის მიყენება დასახელდა. არასასიამოვნო ეპითეტებით ძირითადად ირაკლი კობახიძეს ამკობდა.
„ქართული ოცნება დამთავრებულია,“ – განაცხადა დეპუტატმა გარიცხვის საპასუხოდ. მისი გარიცხვის მომხრეებს კი „მედროვეები“ უწოდა, რომლებიც „სკამებს სცემენ პატივს და არა ადამიანებს.“
პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, მან უკვე უმრავლესობის რიგები დატოვა და ცოტა ხნით, ეკა ბესელიას გადადგომამდე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.
არმაზ ახვლედიანს პარტია თუ საბჭოთა ასოციაციებს უჩენდა, ჭიჭინაძემ პარტიის ლიდერშიფი „კომკავშირელებს“ შეადარა.
„ირაკლი კობახიძე რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, საქართველოს სირცხვილია“ – განაცხადა გარიცხულმა დეპუტატმა.
თუკი ჟვანიას გადადგომის მოთხოვნის უკან ბადრი პატარკაციშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ფინანსურ-პოლიტიკურ დუეტს მოიაზრებდნენ, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან ვიღაცეებმა გიორგი კვირიკაშვილი დაინახეს. მოარულ ხმებს დავით ჭიჭინაძეც გამოეხმაურა:
„მე აქამდე პირიქით ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე და მისი ჯგუფი პრემიერ-მინისტრს ზარდიაშვილების მეთაურობით ებრძოდა… კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პარტიის თავმჯდომარის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებთან.“
ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ 17 ივლისს ტყიბულში მეშახტეების დაღუპვის შემდეგ, ჭიჭინაძემ მომხდარში ირაკლი კობახიძე დაადანაშაულა: შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით კანონის მიღებაზე მსჯელობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარემ თქვეს, რომ ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, ინვესტორების ინტერესები დაირღვეოდა და ქვეყანა ეკონომიკურად არამიმზიდველი გახდებოდაო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყო. საინტერესოა, რომ ჭიჭინაძის ამ ბრალდებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის სურვილი იყო, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონი მაქსიმალურად გამკაცრებულიყო, თუმცა, მთავრობამ, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა.
ეკა ბესელია:
მოგვიანებით, დიდი ხმაური მოჰყვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას გადადგომას. ღიად და ოფიციალურად მან უზენაესს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10 კაციანი სია გააპროტესტა. მისი აზრით, „ქართულ ოცნებას“ არა აქვს მორალური უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში მყოფი მოსამართლეები უზენაესში უვადოდ დანიშნოს.
ეკა ბესელიამაც, ჭიჭინაძის მსგავსად, ირაკლი კობახიძეს დაარტყა. მან რვა მომხრე დეპუტატთან ერთად პარლამენტში ინიციატივა დაარეგისტრირა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება, არ დაუკონკრეტებია. თუმცა, კულისებში ამბობენ, რომ, შესაძლოა, ახალი ფრაქცია მართლაც შეიქმნას ყოფილი, როგორც ჭიჭინაძე ამბობდა, ოცნებიდან „გამოყრილი“ დეპუტატებისგან.
როგორ დალაგდება ეს ხმაურიანი ისტორია ჯერ ძნელი სათქმელია. წინა ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა, ვინც ურევდა ან ვინც, ვითარებას ვერ მოერია პოლიტიკის გარეთ დარჩა. ვნახოთ, ეს შემთხვევა თუ რაიმეთი იქნება განსხვავებული.
ირაკლი კობახიძის მიმართ მოზღვავებული კრიტიკა გასაგებია, რეფორმები პარტიაში მან ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში დააანონსა, ეს გორში პარტიის კონფერენციაზე მოხდა. უკვე გასაგები გახდა, რომ ეს მტკივნეული და ხმაურიანი პროცესი იქნებოდა.
შედეგი: დავით ჭიჭინაძე გაგდებულია, დანარჩენებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს. ოცნების რიგით მესამე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტი 2018 წლის 13 ივნისს დატოვა. მან პოლიტიკა დატოვა და დღემდე დუმილის უფლებას იყენებს.
ინფორმაციისთვის: მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციები ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა. თავდაპირველად, ეს მოთხოვნა კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გაჩნდა. მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვნის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დადგინდა, რომ პროკურატურას დავით სარალიძის მკვლელი დაკავებული არ ჰყავდათ. ამ აქციაზეც გაჟღერდა იგივე მოთხოვნა.
არ არის გამორიცხული, ოცნების, ეგრეთ წოდებული ძველი თაობა, რომელიც ახლა გაბნეულია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებში, 2020 წლისთვის ლოგოს პრინციპით ერთ პარტიად აეწყოს.
Read more at https://www.primetime.ge/
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი