სოზარ სუბარი: “ახალ მთავრობაში ვეღარ მიხილავთ”

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ის ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება.

„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, ეს არის, რომ – არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დევნილთა სამინისტრო უქმდება.

შეგახსენებთ, რომ ბახტაძის განცხადებით, იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ცვლილებები კი შეეხება შემდეგ უწყებებს:

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

დევნილთა სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნცქიები გადანაწილდება სხვადასხვა უწყებაზე.

დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტტრუქტურის სამინისტროში.

მიგრაციის კომპონენტს შსს შეითავსებს. ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგების და სამოქალქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.