რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი რუსული სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე უარს არ იტყვის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ანკარა რუსული სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე უარს არ იტყვის. ეს განცხადება ერდოღანმა თვითმფრინავში გააკეთა, როდესაც სოჭიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.

„ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გავაფორმეთ S-400-ების შესახებ, ასე რომ, უკან დახევაზე საუბარი არ არის. საქმე უკვე გაკეთებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს, რუსეთის დაპირებიდან გამომდინარე იარაღს მოწოდება ივლისში დაიწყება“, – განაცხადა ერდოღანმა.

მანამდე, აშშ-მა მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისაგან S-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე და სანაცვლოდ ამერიკული „პატრიოტების“ შესყიდვა შესთავაზა.

„ყველას გასაგებად ვუთხარით, რომ გულხელდაკრეფილი არ ვაპირებთ ჯდომას, როდესაც ჩვენი მოკავშირეები ნატო-დან იარაღს მოწინააღმდეგეებისგან ყიდულობენ. ჩენ ვერ შევძლებთ დასავლეთის დაცვას, თუ მოკავშირეები დამოკიდებულები იქნებიან იარაღის შესყიდვაზე აღმოსავლეთიდან“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ავტორი – ლევან ახალაია .
1tv.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.