“საიდან უნდა შემოვიდეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი “…

“ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოების ნდობის გაქრობა იქნება დიდი პრობლემა არა მხოლოდ “ქართული ოცნების”, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც. ასეთ შემთხვევაში გაჩნდება ქაოსის დიდი საფრთხე”-აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე “კვირის პალიტრასტან”, სადაც ის მომავალ არჩევნებზე “ოცნების” შანსებსა და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს: 

“თუ “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ის ამის შემდეგ აუცილებლად დაიშლება მარტივ მამრავლებად.
აქ ერთ ნიუანსსაც შევნიშნავ: თუ ისევ ის რეალობა დარჩა 2020 წელს, რაც აქამდე გვქონდა და ამომრჩეველი იძულებული გახდა, არჩევანი კვლავაც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის გააკეთოს, სახელისუფლებო ძალას კიდევ შეიძლება ჰქონდეს მცირე უპირატესობის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ “ქართული ოცნებიდან” მართლაც წავიდა ეს ე.წ. აჯანყებულების ჯგუფი, ოპოზიციურ ფლანგზე მოახერხა განლაგება და ბოლოს და ბოლოს, ჩAამოყალიბდა მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომლის პოზიცია საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას დაემთხვევა, მაშინ “ქართულ ოცნებას” შანსი აღარ ექნება…

დღეს ივანიშვილს ნდობის რესურსი მთლად ამოწურული არა აქვს, მეტიც – კიდევ აქვს დრო და შანსი, ეს ნდობა ნაწილობრივ მაინც დაიბრუნოს. მას უყვარს მოულოდნელი სვლები…

თუ ახლაც ასეთ მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს, დაპირებული ცვლილებების განხორციელების ნებას გამოიჩენს, სოციალური მიმართულებით გადადგამს რამდენიმე ეფექტიან ნაბიჯს მაინც – კიდევ მოახერხებს ავტორიტეტის გადარჩენას, თუმცა დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას. თუ მისი რეიტინგი რაღაც ნიშნულის ქვემოთ დაეშვება, მისი აწევა ძალიან ძნელი იქნება.

სააკაშვილი ყველა შანსს იყენებს. ის ძალიან სიცოცხლისუნარიანია. ერთ-ერთ შანსად შეიძლება მოვიაზროთ ის, რომ როგორც უკრაინაში მხარდამჭერების მცირე ჯგუფით საზღვარი გადალახა, თუმცა პოლიტიკურ შედეგს ვერ მიაღწია, აქაც ასეთი რამ გააკეთოს – მისთვის ხომ მედიაში მოხვედრაა მთავარი! საზღვარს რომ მოსდგომოდა ემიგრაციასთან ერთად, ეს მედიის მთავარი თემა იქნებოდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის. არა მგონია, ემიგრაციის დიდი ნაწილი უჭერდეს მას მხარს, თუმცა იქ მყოფთა უმრავლესობამ კარგად არ იცის ქართული რეალობა. თუ ემიგრანტები სააკაშვილს გამოჰყვებიან, ისინი საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს დაუპირისპირდებიან. ემიგრაციასთან სიმართლის მიტანაა საჭირო. სააკაშვილს შეუძლია ის თქვას, რაც იმ მომენტში სჭირდება, მაგალითად: “ოლიგარქმა დაიპყრო საქართველო!” “გადავარჩინოთ საქართველო!” “დავდგეთ ერთად!” და შეიძლება მისმა სიტყვებმა ემიგრანტთა გამოძახილიც პოვოს, მაგრამ რომც მიაღწიოს მიზანს და დააპიროს საქართველოში შემოსვლა, რომელი საზღვრიდან უნდა შემოვიდეს? რუსეთიდან თუ შემოვიდა, ცხადი იქნება, ვინ მართავს მას, თურქეთი კი ასეთი ავანტიურის უფლებას რუსეთის ნებართვის გარეშე მას არ მისცემს. რუსეთს ძალიან გაუჭირდება, ხმამაღლა განაცხადოს, გზა გავუხსენით სააკაშვილსო. აზერბაიჯანიდანაც ვერ შემოვა და საიდან უნდა შემოვიდეს? ამ შეკრებებით სააკაშვილი და მისი მომხრეები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური პროცესების ზედაპირზე დარჩნენ”.აცხადებს საყვარელიძე.
ავტორი: გურიის მოამბე