დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველის საპატრიარქოსთან აქციას მართავს. დეკანოზის ოჯახი პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს
“ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში შესაძლოა სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს “მწყემსი კეთილობა”. იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე.
ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, გუშინ მამა ნიკოლოზი იყო შესული. მან აზიარა და ზიარება მოხდა მაშინ, როდესაც ჩემი ძმის მდგომარეობა კრიტიკულია. მღვდელმაც დააფიქსირა, რომ მდგომარეობა მძიმეა და მას აქვს ინსულტი”, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მანამდე მსჯავრდებული შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გადაწყვეტილებით ის მე-9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. 2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.
info.9.ge. ვინც მამაოს იცნობს, მის ლოცვას დასწრებია, მოუსმენია მისი გალობა, დამეთანხმება, რომ ეს საოცარი რამ არის!..
მამაოს უბრალოდ არ შეეძლო ცუდის არა თუ გაკეთება, არამედ გაფიქრებაც კი!
თუ არ ვცდები, 29 იანვარი იყო, 2017 წელი. მე და ჩემი სულიერი ძმა მამაოს სანახავად ჩავედით ბათუმში. ბოლო დღეებში აკვიატებული მქონდა, უნდა მენახა და კურთხევა ამეღო თბილისში მოძღვრის აყვანაზე. მიმდინარე კვირას დავრეკეთ მასთან და გავარკვიეთ, რომ ბათუმში იმყოფებოდა და შაბათს შევძლებდით მის ნახვას, თუმცა საკათედრო ტაძარში მისვლისას სტიქაროსნებმა გვითხრეს, რომ შაბათ დღეს ის ტაძარში არ იყო და საერთოდ, შეიძლებოდა ვერც მოსულიყო, რადგან თბილისში იყო გადასული, საპატრიარქოში და ხშირად ვერ ახერხებდა ბათუმში ჩამოსვლას. ეს მაშინ ძალიან გამიხარდა, რადგან მეც თბილისში ვცხოვრობდი უკვე და არ მომიწევდა სხვა მოძღვრის აყვანა. ისიც კი გავიფიქრე, – რამდენი დრო დამიკარგავს მეთქი, – და წამიერად გულიც დამწყდა, რომ მას ვერ ვნახავდი აქ,ამ დღეს.
დემნამ სტიქაროსანს დასაზუსტებლად უთხრა, რომ ჩვენ დავრეკეთ და მან გვითხრა, რომ აქ იქნებოდა შაბათს. რის მერე, მათაც გადაურეკეს მამაოს და აღმოჩნდა, რომ ის გზაში იყო, მოდიოდა ჩვენს სანახავად. მან იცოდა საიდან მოვდიოდით ჩვენ და ის ჩვენს დასალოცად ჩამოვიდა შაბათ დღეს, საკათედროში ქობულეთიდან ბათუმში! ეს ხომ თითქოს ჩეულებრივი ამბავია?!.
მახსოვს, თოვლი იყო, იმდენად დიდი, რომ მე ავტობუსით ვერ დავბრუნდი თბილისში და მატარებლით ვიმგზავრე. მამაო კი ასეთ ამინდში გამოგვეცხადა საკათედრო ტაძარში! ეს დღე ჩვენთვის იყო დღესასწაული, სიმბოლური. დალოცვილები, მადლიანები გამოვბრუნდით ტაძრიდან. რა თქმა უნდა ამ დღეს აღსარებას ვერ ჩავაბარებდით, რადგან ამისთვის სათანადოდ მომზადებულები არ გახლდით, მაგრამ ვისაუბრეთ და ემოციებით ავივსეთ.
ჩემი თბილისში დაბრუნებდან მერე, რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ვფიქრობდი წინასწარ დამერეკა და გამეგო სად იყო, რომ მის ლოცვას დავსწრებოდი. ამ დროს გავიგე ის საშინელი ამბავი რაც 2 წელია გრძელდება.
მე მეამაყება, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, რომ ის იყო და არის ჩემი მოძღვარი, და ბევრისგან განსხვავებით, მასსა და მრევლს შორის არ იყო ფანატიკური დამოკიდებულება. იყო უშუალო, დინჯი, რეალური და დისტანციური. მე მჯერა, ის ისეთივე დაგვიბრუნდება!
ვიცი, ამას თვითონ არ მომიწონებდა, მაგრამ მე მინდა მას იცნობდეთ და გჯეროდეთ, რომ ის ვერ იქნება დამნაშავე!“ misi mrevli.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.