„პიკასოს“ დაჭრის მოტივი, სავარაუდოდ 50 ლარი გახდა

7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის – სწორედ ეს სასჯელი ელის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ თ. ჯ.ს. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

20- საათიანი ძებნის შემდეგ ის სამართალდამცავებმა ისანში დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ნ. თ.

ჯგუფ ქუჩის ბიჭების წევრი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გუშინ დაჭრეს.

კურიერის ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრას წინ უძღოდა სოლისტის კონფლიქტი ჯანჯღავასთან. გოგონა მომღერალს იმ ნივთის გადაცემას სთხოვდა, რომლის შესაძენად 50 ლარი გადასცა.

თ.ჯ. ირაკლი ნოზაძის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჯერ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყვიროდა და მომღერალს სადარბაზოსთან ჩამოსვლას სთხოვდა, სიტუაციის განსამუხტად ეზოში ნოზაძის მეგობარი ჩავიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც თ.ჯ.-მ ჩხუბი გააგრძელა, ეზოში ქუჩის ბიჭების სოლისტიც ჩავიდა, რა დროსაც მას დანა ჩაარტყეს.

ქუჩის ბიჭების წევრის, ზურაბ ხაჩიძის, ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს თ. ჯ. არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.