ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტი შეტევა ბიზნესზე და კონკრეტულად “თიბისი ბანკზე” – სწორედ ასე აფასებს ოპოზიცია წამყვანი ქართული ბანკის გარშემო დაწყებულ პროცესს.
ოპონენტები ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. ოპოზიცია თავად მამუკა ხაზარაძესაც მიმართავს და მოუწოდებს, უფრო აქტიურად დაიცვას საკუთარი პოზიცია.
“თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე სრული დიქტატურის დამყარებას ცდილობს.
„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ბიზნესის გაკონტროლება. სწორედ ამ მიზნით შექმნა მან თავისი ორგანიზაცია, რომელსაც 2030 ერქვა. შემოიკრიბა მან ახალგაზრდა ბოლშევიკები, გამოზარდა წიწილებივით და მერე მიმოფანტა სახელმწიფო უწყებებში და მათი მეშვეობით დაიწყო საკუთარი ინტერესების განხორციელება და ამავე დროს, იქ შემოიკრიბა ბიზნესმენები და დაადებინა ერთგულების ფიცი. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ფაქტობრივად, მთელი ბიზნესი დაიპყრო. ხაზარაძე იყო ბოლო ინსტანცია, რომლის გაკონტროლების შემთხვევაში, ფაქტობრივად, დამყარდებოდა მისი დიქტატურა, როგორც საფინანსო სფეროზე, ასევე პოლიტიკურ ნაწილში. ბიძინა ივანიშვილს, დაახლოებით, მილიონ აქციაზე მეტი აქვს “თიბისი ბანკში” და ეს არის ერთ-ერთი ფორმა ზონდირების და იქ ყოფნის, რომელიც შეიძლება ხვალ გაიზარდოს და მილიონის ნაცვლად 10 მიოლიონი გახდეს, მას ამის რესურსი აქვს ყოველთვის საკმარისი,“ – განაცხადა გოცირიძემ.