გახმაურებული “ციანიდის საქმეზე“ ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა და მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს – “გადავარჩინოთ მამა გიორგი მამალაძის სიცოცხლე!“. ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებენ, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
დვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილი წერილის ტექსტი გააცნო.
“თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს“, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ წერილში.
დეკანოზის მოსანახულებლად ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო.
მინისტრის განცხადებით, პაციენტს აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება მიმდინარეობს.
“მქონდა შეხვედრა, როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე სპეციალისტებთან და ვინახულე პაციენტი. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა პალატაში. რაც შეეხება მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმას, ჩაუტარდა კვლევა, უახლოეს საათებში იქნება საბოლოოდ ამ კვლევის შედეგები და ამის მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრი განმარტავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია.
“პაციენტის მკურნალობის ადგილს რაც შეეხება, ნებისმიერმა უნდა მიიღოს საუკეთესო სერვისი და მკურნალობა. რაც შეეხება იმას, თუ სად ჯობია მისი მკურნალობა, დღეს უახლოესი საათების განმავლობაში გადაწყდება. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დაზუსტება ახლაც მიმდინარეობს. სანამ ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ამ კლინიკაში ან სადმე სხვაგან, მაგრამ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტიც გამოეხმაურა.
მიტროპოლიტი აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.
“ჩემი პოზიცია და ეკლესიის პოზიცია ასეთია, რომ როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა ამ შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და, რასაკვირველია, მიესალმებოდა და ახლაც იგივე პოზიციაზე დგას ეკლესია, თუ ეს მოხერხდება ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ამ შეწყალებაში მონაწილეობს. აპირებდა შეწყალებას და მე როგორც ვიცი, ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა,” – ამბობს მეუფე.
მეუფის ამ განცხადებას შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ამ საკითხზე თავად კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ.
“პირადად ჩემი ინიციტივით, განსაკუთრებული გარემოებით, კომისიის სხდომაზე გავიტანეთ ეს საქმე. დებულება, როგორც ითვალისწინებდა, რომ კომისიის ყველა წევრს დადებითი პასუხი უნდა გაეცა, ანუ, კონსესუსით მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა რეკომენდაცია, ვერ მოხერხდა იმ ეტაპზე.
მაშინ პრეზიდენტმა გაიზიარა კომისიის ეს დამოკიდებულება და მას შეწყალების ექსკლუზიური უფლება არ გამოუყენებია. მე ძალიან ბევრჯერ მქონდა საუბარი ამაზე მარგველაშვილთან და არასოდეს ამ საუბრის დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან ამ თემაზე მიდიოდა კონსულტაციები,“ – განაცხადა ზვიად ქორიძე.
მოგვიანებით, მიტროპოლიტმა თავისი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ დეკანოზი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტსა და ეკლესიას გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მხოლოდ მისი ვარაუდია. მეუფის განცხადებით, მან სულ სხვა რამ იგულისხმა.
“მე გამოვთქვი ვარაუდი. მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება, მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი,“ – ამბობს მეუფე დანიელი.
საღამოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღუდუშაურის კლინიკაში მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა. მისი თქმით, მას პირადად სურს გაიგოს, რამდენად კმაყოფილია დეკანოზი სამედიცინო მომსახურებით და აქვს თუ არა რაიმე პრეტენზია.
“დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს სახალხო დამცველი იმ დღიდან სწავლობს, როდესაც მას ბრალი წარუდგინეს. ჩვენ ამის თაობაზე მომზადებული გვაქვს დასკვნა. პირველივე დღეს, როდესაც დეკანოზი საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მაშინ მას სახალხო დამცველთან რაიმე თხოვნა არ ჰქონია, თუმცა დღეს გადავწყვიტე, პირადად მომენახულებინა. მინდა, ვნახო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავიგო, რამდენად არის კმაყოფილი სამედიცინო მომსახურებით. აქვს თუ არა რაიმე პრეტენზიები“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მამა გიორგის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გუშინ გამართეს დეკანოზის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან.
მოგვიანებით, აქციას შეუერთდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. მისი განცხადებით, დეკანოზი უკანონო ტყვეობაში იმყოფება და მისი დაკავების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, გვარამიამ აღნიშნა, რომ სანამ დეკანოზი იქნება უკანონო პატიმრობაში, მანამ გაგრძელდება აქციები.
“ის არის ტყვეობაში ამ ქვეყნის ორი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის – ხელისუფლების და საპატრიარქოს ერთობლივი ტყვეა. არათუ დანაშაული არ ჩაუდენია დეკანოზ მამალაძეს, საერთოდ დანაშაულის ფაქტი არ არსებობს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაურკვეველია, რისთვის იხდის ეს ადამიანი სასჯელს და უკვე ვთქვი, რომ ეს არ არის სასჯელი. მისი პატიმრობა არ არის არც დასაბუთებული, არც სამართლებრივი, არის უკანონო და, თუ რაიმე საეკლესიო სანქციაზე უნდა ვინმეს საუბარი, ეს საეკლესიო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და ჩვენ საერო პირები ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამიტომ, ვიდრე სამოქალაქო პირი – გიორგი მამალაძე, არის უკანონო პატიმრობაში, მანამდე იქნება აქციები, იქნება პროტესტი და იქნება სამართლიანი პროტესტი. რატომ არის ეს პროტესტი საპატრიარქოსთან, იმიტომ, რომ საპატრიარქო თანაბრად არის სახელმწიფოსთან ერთად ჩარეული ამ სამარცხვინო საქმეში. ამიტომ, კეთილი ინებოს და გამოასწოროს ეს საქმე თავისივე ინიციატივით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აქციას “ევროპული საქართველოს”, “გირჩის”, “სახელმწიფო ხალხისთვის” და “საქართველოს რესპუბლიკური” პარტიის წარმოამდგენლებიც შეუერთდნენ.
პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მამა გიორგი მამალაძე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უნდა გაათავისუფლონ.
“ამ ეტაპზე სამართლიანი და გონივრულიც იქნება, რომ დეკანოზი მამალაძე გათავისუფლებული იქნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ზოგადად, სახელმწიფომ გამოიძიოს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა თავის დროზე პროკურატურას, როდესაც იწყებდა ამ საქმით ასეთი ტიპის მანიპულირებას,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანიმა ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, ირაკლი აბესაძემ.
“ჩვენს თვალწინ სავსებით უდანაშაულო ადამიანს გამოტანილი აქვს, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი და, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გვქვია საზოგადოება, ეს არ უნდა მოვითმინოთ, სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და გადავარჩინოთ ამ ადამიანის სიცოცხლე,“ – განაცხადა “სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებულ უამრავ კითხვაზე საუბრობს “საქართველოს რესპუბლიკური” პარტიის თავმჯდომარე. ხათუნა სამნიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს არ შეიწყალებს.
“პირველ რიგში, ეს არის საქმე, რომელიც იმდენად ბევრ კითხვას ტოვებს და იმდენად ბევრი კითხვა დატოვა, რომ ამან დააზარალა მთელი ქვეყანა, ეკლესია, საზოგადოება იმიტომ, რომ დღესაც კითხვები არსებობს. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს გიორგი მამალაძეს იმიტომ, რომ ეს არ მოხდა წინა პრეზიდენტის დროსაც,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
“გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ კი დეკანოზის უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შეუკვეთეს მამა გიორგის მოცილება და მისი ციხეში ჩასმა.
“ვის გამოც ეს ადამიანია დაჭერილი და რის გამოც კლავენ რეალურად ციხეში, ეს რომ თეთრი ძაფით არის ნაკერი, მე მგონი, ეს ყველასთვის გასაგებია, ხომ? ზღაპარია, სისულელეა, სასაცილოა. მულტფილმი მოგვიყვნენ და გვაჯერებენ, რომ ვითომ, პატრიარქის მოკვლა უნდოდა ციანიდით და ამის გამო ჰყავთ ადამიანი, თან არანაირი მტკიცებულებები საქმეში არ არის. გასაგებია, რომ ამ ხალხმა, რომლებიც აქ არიან და ვითომ ქრისტიანობას ქადაგებენ, უბრალოდ შეუკვეთეს ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანი მოგვაცილე აქედან და ჩასვი ციხეშიო,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
დეკანოზის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ შვილმოკლული მამები, მალხაზ მაჩალიკაშილი და ზაზა სარალიძე, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა იმედი გამოთქვა, რომ დეკანოზის სიმართლე ევროსასამართლოში აუცილებლად დამტკიცდება.
მღვდელმთავარი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ევროპის სასამართლო ერთადერთი სწორი არჩევანია, სადაც შეიძლება, მამა გიორგი მამალაძემ სამართალი იპოვოს.
“ის გზა, რაც მათ აირჩიეს ევროპულ სასამართლოში, ეს არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, სწორი არჩევანი და ამის იქით გზა აღარ არსებობს. მერე უკვე ღმერთს უნდა მიენდონ ადამიანები. შენ გააკეთე, რაც შენ შეგიძლია, მაგრამ დანარჩენად ღმერთს უნდა მიენდო. თუმცა, მე ვუსურვებ, რომ მან შეძლოს, თავისი სიმართლე დაადასტუროს,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი საავადმყოფოში 15 თებერვალს გადაიყვანეს. ღუდუშაურის კლინიკაში ის მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. დღეს დილით კი ის დამატებითი კვლევებისთვის “ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, ისევ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დააბრუნეს.
დეკანოზს „ავერსის“ კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლევა ჩაუტარდა რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმმა, მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დეკანოზს შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში და სწორედ ამიტომაც გახდა ამ კვლევის ჩატარება აუცილებელი.
“პაციენტის მდგომარეობა მთელი ღამის განმავლობაში იყო დამაკმაყოფილებელი, უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რისი შედეგიც სავარაუდოდ, ხვალ იქნება ცნობილი. ის აბსოლუტურად კონტაქტური და ადეკვატურია. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისთვის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური კვლევა. ჯერ არ ვიცით, როდის გაეწერება პაციენტი, ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული“,- განაცხადა მარინა გელანტიამ.
მიმდინარე პროცესებზე, რომელიც აგერ უკვე 2 წელია გრძელდება, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უცნობია, როდის გამოეხმაურება ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს დედაეკლესია.
2020news.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.