“პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია”: ექიმი მომღერალ ირაკლი ნოზაძეზე

“შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში”, – ამის შესახებ “ღუდუშაურის კლინიკის” გენერალური დირექტორის მოადგილე მარინა გელანტიამ მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება მის დაკითხვას, ექიმი ამბობს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა, თუმცა მისი თქმით, ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობს საყურადღებოა, რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი დაკითხვა საჭიროებას არ წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი გუშინ დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჯ-მ მიმდინარე წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ირაკლი ნოზაძეს. თ.ჯ. შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მის მეგობარს, ნ.თ.-ს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

metronome.ge