ეკა ბესელია: ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე….

 

უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, პირველი კანონმდებელი ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.

 

 

ეკა ბესელია კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე ტრიბუნიდან გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ უმრვლესობის ზოგიერთ წევრსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის კონსენსუსია.

 

 

მანვე, კანონპროექტთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებები გაიხსენა და პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ღირებულებების დაცვა დაუწუნა.

 

 

„მე გთხოვთ ყველას, ეს დარჩენილი ათი წუთი, რომლითაც ალბათ, ბოლოჯერ მიწევს უმრავლესობის სახელით გამოსვლა ამ ტრიბუნიდან, მოისმინოთ, რისი თქმაც მინდა. მე მინდა დავიწყოთ იქედან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლა, მისი გამოსვლის ბოლო წინადადება პირველ რიგში იყო შეურაცხყოფა ჩვენი იმ კოლეგების მიმართ, განსაკუთრებით მინდა მათ მოვეფერო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველას, ვინც იბრძოდით და დღესაც იბრძვით იმ იდეალებისთვის, რითაც 1-ლი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითაც მან დაასრულა ამ ტრიბუნასთან გამოსვლა….

 

 

ამ დარბაზში, ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია უმრავლესობაში და მე ყველას ჩემ პატივისცემას გიდასტურებთ იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს არ ვთვლიდი და არასოდეს არ ჩავთვლი, რომ ის არის იმ იდეალების ერთგული და იმ ღირებულებების დამცველი, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, 2011 წლამდე ვიყავით ერთად….

 

ნუ ვიგონებთ რაღაცებს და ნუ ვამბობთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ გადაჭრის…. ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, ვერა, ყველას ვერ გადაჭრის – ნუ ვქმნით ამ ილუზიებს. ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი, ამ პატარა ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს. მე არ მიკვირს ეს იმ ადამიანებისგან, ვინც მეორე მხარეს იდგა წლების განმავლობაში. დიახ, ეს პრობლემაა, მაგრამ მიკვირს ეს იმ ადამიანებისგან, ვისაც არასდროს არ შეშინებია და არასდროს არ დაუხევია უკან….

 

უმრავლესობის სხდომაზე არ ისხედით თქვენ, სადაც ვთქვი, რომ ვაყენებდი ამ ინიციატივას. ვინმე წავიდა წინააღმდეგი? ახლა რატომ შეიცვალა პოზიცია? – იმიტომ, რომ გაბრაზდნენ ბიჭები, როგორც მათ უწოდებენ. აი, რას კადრულობს ახლა – მე მინდა, რომ ირაკლი კობახიძე აქ იჯდეს – ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის ღირებულებებზე რომ მელაპარაკებოდა აქ, კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა არ ახსოვდა მაშინ, დამფრთხალი თვალებით რომ მელაპარაკებოდა დეკემბრის ბოლო კვირას – ქ-ნო ეკა, დანიშნეთ რა, კომიტეტის სხდომა პარასკევს – სად იყო მაშინ კონსტიტუციის ღირებულებების დაცვა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გაბედა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია იმ ბიჭებს? თავი დაანებეთ მიზეზების ძებნას და ხელების გაშვერას….

 

 

ყველაფერს თავისი ჟამი აქვს. მე წესებს და ეთიკას ვიცავ. შიგნით ვილაპარაკე უკვე დიდი ხანია – ვერ გაგაგებინეთ იმათ, ვისაც უნდა გაეგო. ვერ გაგაგებინეთ…. მე არავის არ ვამუნათებ, უბრალოდ ვარ მოპასუხის როლში. არ ვაპირებდი დღეს ამის თქმას და დავინდე ირაკლი კობახიძე დღესაც და ახლაც ცოტა ხნით დავინდობ კიდევ, ვიდრე აქ არ ზის, მაგრამ ის არ არის ამ პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, მან ვერ შეძლო ამ პარლამენტის ღირსების დაცვა, ის შეშინებული იყო დეკემბრის ბოლო კვირას, როდესაც ვერ ბედავდა ხმა აემაღლებინა და ეთქვა, რომ არ შეიძლება იმ კომიტეტის სხდომის დანიშვნა და არ შეიძლება იმ ათი კაცის – დიახ, სააკაშვილის ჯალათების დანიშვნა….

 

 

ახლა რომ ამ დარბაზში იყოს სანდრო გირგვლიანის დედა, ბუტა რობაქიძის მშობლები, რომლებიც გარედან უყურებენ ამ სხდომას და აქ არის, მე მგონი, ირაკლი ხომასურიძე, რომელსაც თვალი ამოთხარეს 6 მაისს, რას ეტყოდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან არიან? – ამას ეტყოდით, ხალხო?…

 

 

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ ამ სკამებით და კომფორტით არ მთავრდება ეს ქვეყანა. პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც და ის ადამიანები, როდესაც ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლი-მოგლს ჭამდა და ზოგი იმ ჩირგვებიდან ისროდა და ის ადამიანები – რამდენიმე – ამ გუნდში აღმოჩნდნენ. 2016 წლის შედეგებია ეს. საკუთარი თავი დაინახოს ყველამ. არასოდეს არ მექნება საერთო – „ოცნებას” დაირქმევს ახლა ის ადამიანი თუ კიდევ „სუპერ ოცნებას” – არასოდეს არ მექნება საერთო; არასოდეს არ ვიქნები იქ, ალიანსში და არასოდეს არ ვიქნები იმ სათავეებთან, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება. კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, შპარგალკები რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რომლებიც მოსამართლეებს ეხებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რომლის გამოც მე მის მაგივრად მოვიხადე ბოდიში, რაც მან დღეს აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე განწესებული. მე ამ ბრძოლას, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძელებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამის და ყველა ვნახავთ ამ შედეგს – რა იქნება საბოლოოდ. სამართლიანობის წინააღდეგ ვერავინ ვერასოდეს ვერ წასულა”, განაცხადა ეკა ბესელიამ სიტყვით გამოსვლისას.
Guardian.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.