საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას ამ წუთებში გააკეთა.
“მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა”, – განაცხადა ბესელიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო, რადგან უმრავლესობამ 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ, მხარი არ დაუჭირა.
დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე პლენარული სხდომის ფორმატში მთელი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 17 წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტი სულ 76 დეპუტატის მხარდაჭერას საჭიროებდა.
შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.
აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელიამ განმარტა, თუ რა იგულისხმა, როდესაც აღნიშნა, “ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის.”
ეკა ბესელიას თქმით, ის არ ეთანხმებოდა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო. ბესელიას თქმით, ყოფილ თანაგუნდელებს შორის არიან ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ხმას არ იღებდა ან მათ რიგებში იყვნენ.
“აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად,” – ამბობს ბესელია.
ეკა ბესელიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა.
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ბესელიამ წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადადებასთან დაკაშირებით პარლამენტის მიერ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდება გახდა. ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” წევრები “პატრიოტთა ალიანსის” მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერის გამოც გააკრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა.
“ქართული ოცნება” დატოვა ასევე ლევან გოგიჩაიშვილმა, რომლისთვისაც მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტი წყალგამყოფი აღმოჩნდა.
info9.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.