რას მოგვიტანს ივანიშვილისა და ხაზარაძის დაპირისპირება?

13 თებერვალს “თიბისი ბანკთან”  დაკავშირებულ კონფლიქტში ახალი  ეტაპი დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა “თიბისის”  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერებს ორთვიანი ვადა მისცა საბჭოდან მათი გაწვევისთვის.

ეროვნული ბანკის განმარტებით, “გადაწყვეტილების მიღების საფუძველია “თიბისი ბანკის” შემოწმებისას გამოვლენილი ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა”.

ამ თემის საჯარო განხილვა იანვრის პირველ დეკადაში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ უკანონო შემოსავლების შესაძლო ლეგალიზაციის ფაქტს იძიებს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფინანსური მონიტორინგის სამსახური “თიბისი ბანკის” საქმიანობის შესწავლას 2018 წლის მაისში შეუდგა, მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ივლისში მასალები პროკურატურას გაუგზავნა, რომელმაც გამოძიება 2 აგვისტოს დაიწყო. ქრონოლოგია მნიშვნელოვანია, რადგან მაის-ივნისში დაიწყო სახელისუფლო კრიზისის მწვავე სტადია, რომელიც გიორგი კვირიკაშვილისგადადგომით დაგვირგვინდა. მმართველი პარტიის ლიდერები იმ პერიოდში არ უარყოფდნენ, რომ ივანიშვილის მიერ კვირიკაშვილისთვის წაყენებული ბრალდებების კონტექსტში ხაზარაძის გვარი ფიგურირებდა.

ამავე პერიოდში “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული მანქანა მეტწილად ჭორებისა და ვარაუდების სახით ავრცელებდა ინფორმაციას კვირიკაშვილისა და ხაზარაძის საიდუმლო ალიანსზე, რომელიც თითქოს ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ კამპანიამ პიკს სწორედ ივლისში მიაღწია. შემდეგ ყველაფერი თითქოს ჩაწყნარდა, მაგრამ ოქტომბერში ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აგრძნობინა საზოგადოებას, რომ ხაზარაძის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. მან ინტერვიუში თქვა, რომ, როდესაც ვანოჩხარტიშვილს (ფოთის წისქვილკომბინატის გამო) “თიბისი ბანკთან” სასამართლო დავა ჰქონდა (ჩხარტიშვილმა პირველი ინსტანცია მოიგო) ივანიშვილმა დაარწმუნა ის, დავა აღარ გაეგრძელებინა, ხოლო ხაზარაძეს ივანიშვილისთვის “ნორმალური მადლობა არ უთქვამს”.

ვიდრე პროკურატურის გამოძიებას დავუბრუნდებით, აუცილებლად უნდა შევეხოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ თვისებას, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის მას. როდესაც ის ვინმეს მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, დამალვა უჭირს. ასე იყო “რუსთავი 2”-თან დავების პერიოდში _ ივანიშვილი არ (ან ვერ) ნიღბავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ტელეკომპანიის მიმართ და ამით აძლევდა საბაბს ნაციონალებს და მათ მოკავშირეებს, სასამართლო პროცესების წინ პოლიტიკური დაკვეთის შესახებ ესაუბრათ. ასეა დღესაც, როდესაც ივანიშვილი ხაზარაძეზე უარყოფით კონტექსტში საუბრობს, ხოლო ამის შემდეგ მას პროკურატურა უტევს, ეს ხელისუფლებას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.

პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ 2008 წელს შპს “სამგორი მ”-მა და “სამგორი თრეიდმა” “თიბისი ბანკისგან” დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი აიღეს, რომელიც იმავე დღეს გაასესხეს ფიზიკურ პირებზე _ მამუკა ხაზარაძესა და ბადრიჯაფარიძეზე. წლის ბოლოს ბანკმა ეს სესხები ჩამოწერა, ხოლო 2012-ში დათანხმდა ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას, შესაბამისად, მსესხებელი კომპანიები ვალდებულებებისგან გაათავისუფლა. პროკურატურის განმარტების თანახმად, ,,შპს “სამგორი თრეიდისა” და შპს “სამგორი მ”-ის ვალი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ”.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატ ზვიად კორძაძისგანმარტებით, 11 წლის წინათ ნასესხები თანხა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა. “გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვით “თიბისი ბანკის” ლიკვიდურობის გაზრდას. “პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი”, _ თქვა მან პროკურატურის განცხადების კომენტირებისას “პალიტრანიუსის” ეთერში.

ამ საქმეში იყო კიდევ ერთი ეტაპი, როდესაც საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ შემდგომ გართულებებს ადგილი აღარ ექნება. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოსალოდნელზე ნაკლები ხმა მიიღო, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში ძალიან საშიშია. ზოგს ეგონა, რომ ეს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. ისინი ცდებოდნენ _ იანვარში გაკეთდა პროკურატურის, ხოლო გასულ კვირას ეროვნული ბანკის განცხადება (ფაქტობრივად, ულტიმატუმი ბანკის აქციონერების მიმართ).

“თიბისი ბანკმა” ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მამუკა ხაზარაძის 14 თებერვალს გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში იყო რამდენიმე საგულისხმო ფრაზა: “მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა იურიდიულმა კომპანია “დენტონსმა” შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას; არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ “თიბისისა” და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში. დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის _ ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან”.

ანაკლიის პორტს პროკურატურის პრეტენზიებთან ფორმალურად კავშირი არ აქვს, თუმცა კომენტატორებმა კონფლიქტის მიზეზებზე საუბრისას ის არაერთგზის ახსენეს. ზოგი ვარაუდობდა, რომ ხაზარაძემ, კვირიკაშვილთან ერთად, რაღაც მომენტში ივანიშვილის (და ვანო ჩხარტიშვილის, როგორც მისი ერთგვარი “ავატარის”) ინტერესები არ გაითვალისწინა. ზოგი მიანიშნებდა, რომ ამ პროექტის გამო ერთმანეთს მძლავრი სახელწმიფოები უპირისპირდებიან, ხოლო ქართული მხარის სხვადასხვა წარმომადგენლები ცდილობენ, მათ ინტერესებს საკუთარი მოარგონ. ხაზარაძის მიერ ანაკლიის ხსენება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს საქმის მიმართ უცხოელების ინტერესის გაზრდას, შესაძლოა, იმისთვის, რომ კონფლიქტმა ერთგვარი “გეოპოლიტიკური ასპექტიც” შეიძინოს. ამ კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი კითხვაა: ნიშნავს თუ არამენეჯმენტის შეცვლა პროექტისშეჩერებას?

როდესაც ამ საქმის ფარგლებში ივანიშვილის სავარაუდო მოტივებზე საუბრობენ, როგორც წესი, სამ ძირითად ვერსიას ასახელებენ: პირველი კონფლიქტს ბიზნესინტერესების შეჯახებას უკავშირებს, წილების წართმევის სურვილს და ა. შ.; მეორე ვერსიის ფარგლებში, “ოლიგარქი #1” “სჯის” ხაზარაძეს კვირიკაშვილთან საეჭვო ალიანსისთვის, რომლის უკან თითქოს ივანიშვილის “ჩაჩოჩების” სურვილი იდგა, ან, უბრალოდ, ეშინია პოტენციური კონკურენტის. ხშირად ვრცელდება ჭორები რაღაც აუდიოჩანაწერზე, რომელმაც ივანიშვილი თითქოს გააცოფა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, პროცესის მიზანია ხაზარაძის დამაჯერებელი “ინსტალირება” პოლიტიკაში, სადაც ის ძლიერ “კონსტრუქციულ” ოპოზიციურ პარტიასა და საპარლამენტო არჩევნების წინ ალტერნატივის ილუზიას შექმნის (მაგრამ არა რეალურ ალტერნატივას, რადგან არსებული ოლიგარქიული სისტემა, როგორც ჩანს, სავსებით აკმაყოფილებს არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ხაზარაძესაც). ეს ვერსია არსებითად კონსპიროლოგიურია, ვარაუდებს ეფუძნება და ფაქტებით გამყარებას საჭიროებს, თუმცა გარკვეული რესურსი პოლიტიკური კარიერის დაწყებისთვის ხაზარაძეს ნამდვილად აქვს. ის არ არის პოპულარული ფართო მასებში, ზოგი მას“მევახშეს” უწოდებს, მაგრამ შეუძლია ელიტურ ჯგუფებს მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბროს და საინტერესო ვარიანტები შესთავაზოს; ხაზარაძეს (მაგალითად,  ზაზა ოქუაშვილისგან განსხვავებით) ისინი,  სავარაუდოდ, ყურადღებით მოუსმენენ.  მას, აგრეთვე, აქვს კარგი კავშირები საპატრიარქოში და არცთუ ცოტა ფული.  ეს პოლიტიკური სტარტისთვის სავსებით საკმარისია, თუმცა საუბარი ყოველივე ამაზე ჯერჯერობით ნაადრევია და საქმე შეიძლება არა რთულ პოლიტიკურ კომბინაციებს, არამედ გაცილებით ბანალურ მერკანტილურ ინტერესებს ეხებოდეს.

მნიშვნელოვანია, როგორ აღიქვამენ ამ საქმეს მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები. ჩათვლიან ისინი, რომ ივანიშვილმა მათთან 2012-ში გაფორმებული დაუწერელი პაქტი დაარღვია და აკრძალულ ილეთს მიმართა თუ მოიქცევიან ისე, თითქოს მას აქვს სრული უფლება ასე იმოქმედოს? მათი პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოების განწყობაზე და, საბოლოო ჯამში, საპარლამენტო არჩევნების შედეგზე.  უაღრესად მნიშვნელოვანია უცხოელების, უპირველესად კი, “თიბისი ბანკის” უცხოელი აქციონერების,  ანაკლიის პროექტის რეალიზაციაში ჩართული პირებისა და ჯგუფების რეაქციაც. თუ ის ნეგატიური იქნება, ივანიშვილს დასავლეთთან ურთიერთობაში (ხოლო ქვეყანას ინვესტორების მოზიდვაში)  სერიოზული პრობლემები შეექმნება,  ხოლო, თუ ისინი მკაფიო პროტესტს არ გამოხატავენ, გაჩნდება ეჭვი, რომ ხაზარაძესთან დაკავშირებულ ინტრიგაში ამა თუ იმ ფორმით ისინიც  მონაწილეობენ.

ხაზარაძე დამარცხდება, თუ უცხოელების პოზიცია დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც გასულ კვირას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეშოს ჰქონდა: “მაშინ, როცა ზუსტი დეტალები ჩვენთვის უცნობია, მიგვაჩნია, რომ ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს საფინანსო სისტემის ზედამხედველი, თავის საქმეს აკეთებს, თავისი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით” (“ინტერპრესნიუსი”).

მთავარი კი, ალბათ, შემდეგია: მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძის მიმართ, მსხვილი “თიბისი ბანკი” ქართული ეკონომიკისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი ელემენტია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გაუაზრებელი ქმედება, რომელიც სერიოზულ რყევას გამოიწვევს, შეიძლება უამრავი ადამიანის შემოსავალსა და ქვეყნის მდგომარეობაზე აისახოს. ეს არა იმდენად ეკონომიკის, რამდენადაც უსაფრთხოების პრობლემაა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება აპირებს, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოს _ კონფლიქტი მწვავდება და ეს ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია.

დიმიტრი მონიავა.
გაზეთი საქართველო და მსოფლიო.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.