ბოლო დღეებში მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენების გამო “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ბოლო დღეებში მმართველ გუნდში განვითარებული მოვლენების გამო “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ უმრავლესობაბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. წამსვლელთა სიაში შემდეგი სავარაუდოდ, გედევან ფოფხაძეა, რომელიც საკუთარ გადაწყვეტილებაზე ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

ორშაბათსვეა ჩანიშნული პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დეპუტატთა მცირე ჯგუფთან. როგორც  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გუშინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულია გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.

“თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო

შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძისინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე შეიტანა. მისივე თქმით, ფოფხაძემ უკვე დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება”.

“გედი ფოფხაძემ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის გამო გუნდის წევრებმა დატოვეს. ეს მათი არჩევანია და მათი გადასაწყვეტია. მე მიმაჩნია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონს ხმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ, რაც არ უნდა ემოციური ფონი იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური შეცდომა”, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებითვე, ბექა ნაცვლიშვილი არის ძალიან პრინციპული, მიზანდასახული და კარგი პოლიტიკოსი, თუმცა ასეთი პირობა მას არ უნდა დაეყენებინა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ განაცხადა, საპენსიო რეფორმა ორი თვის წინ ამოქმედდა და მასში ძირეული ცვლილებების შეტანა ახლა წარმოუდგენელია.

ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მას არ სურს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებების შეფასება.

“ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ, და ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე, ზოგადად, არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმსჯელეს თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდიდან ცალკეული წევრების გარიცხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ექსპერტთა ნაწილი გაზაფხულზე პოლიტიკური ვითარების გართულებას და პროცესების ქუჩაში გადატანას ვარაუდობს… როგორც “კვირის პალიტრასთან” ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ განაცხადა, პრობლემა მართლაც ბევრი დაგროვდა, თუმცა პროცესების გამწვავებას ის შემოდგომაზე ელის, რადგან მოახლოვდება 2020 წლის არჩევნები.

“ვფიქრობ, სიურპრიზებს პოლიტიკურ სივრცეში უნდა ველოდოთ. ჩემი აზრით, დროა ახალი, დამოუკიდებელი აქტორები გამოჩნდნენ. არსებობს ნიშნები იმისა, რომ ისინი სწორედ “ქართული ოცნების” წიაღიდან გამოვლენ. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს გაცემული აქვს უამრავი დაპირება, რომელთა შესრულებისთვისაც სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუ მან დაპირებების ნაწილი მაინც ვერ შეასრულა, შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, “ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებზე განწირული იქნება დამარცხებისთვის და ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” რევანშის მომსწრენი გავხდებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მმართველი ძალის საპირწონედ სხვა ძალას ვერ ვხედავ, თუმცა, ვფიქრობ, “ქართულ ოცნებაშიც” არიან ისეთი ნიჭიერი და წინდახედული ადამიანები, რომლებიც მომავალზე ფიქრობენ”, – ამბობს თვალჭრელიძე. 
kvirispalitra.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.