ნინო ბურჯანაძე: ივანიშვილი სააკაშვილს საფრთხობელად იყენებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ახლა შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან“.

„TVპირველის“ ეთერში ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე“ არ წარიმართება. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ „ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად და რეალურად, არანაირი შანსი სააკაშვილის მმართველ ძალად და მმართველად ხელისუფლებაში მობრუნებისა, არ არსებობს“.

„ბიძინა ივანიშვილი ახლა ძალიან ბევრი საინტერესო სვლის გაკეთებას შეეცდება. ის შეეცდება, რომ გააკონტროლოს არა მარტო მისი დაშლილი უმრავლესობა, არამედ ის ადამიანებიც, ვინც თითქოსდა ამ უმრავლესობას ემიჯნებიან. რამდენად მისცემენ ეს ადამიანები საშუალებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პროცესები კვლავ აკონტროლოს, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

„მე იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება სააკაშვილის და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე და საზოგადოება ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ივანიშვილი სააკაშვილს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ საფრთხობელად და რეალურად, არანაირი შანსი სააკაშვილის მმართველ ძალად და მმართველად ხელისუფლებაში მობრუნებისა, ნამდვილად არ არსებობს… ივანიშვილს აცოცხლებს სწორედ სააკაშვილის საფრთხის არსებობა და ამიტომ არის, რომ თავის დროზე ივანიშვილმა არც სააკაშვილი გაასამართლა, არც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენა თავის ადგილზე და კოჰაბიტაციაში შევიდა და ამით სულდგმულობს ივანიშვილი. ეს აღარ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში 2020 წელს. 2020 წელს ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს და საზოგადოებამ გადაწყვიტოს მერე, რამდენი პროცენტი უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჰყავდეს პარლამენტში, რამდენი პროცენტი უნდა, რომ ჰყავდეს სხვა ოპოზიციური ძალა და ა.შ.“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.