სიტუაცია ელვის სისწრაფით იცვლება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ყოველ საათში ახალი ინფორმაცია მოდის, ნუთუ საქმე ისევ ინდოეთ-პაკისტანის მორიგ ომამდე მივა? და როგორი შეიძლება იყოს ეს ომი, იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთსა და პაკისტანსაც შეიარაღებაში აქვს, როგორც ბირთვული იარაღი, ისე მისი გადამტანი ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავები.
ყველაფერი კი 26 თებერვალს, გამთენიას დაიწყო, როდესაც ინდოეთის საბრძოლო ავიაციამ, კერძოდ კი 12-მა “მირაჟმა” პაკისტანის ტერიტორიაზე, მათ შორის, სადაო
ქაშმირის რაიონში, სამი ობიექტი დაბომბა, რომლებიც ინდოეთის დაზვერვის მტკიცებით, ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების მოსამზადებელ ცენტრებს წარმოადგენდნენ.
ინდოეთმა ეს საჰაერო რეიდი მეზობელი პაკისტანის წინააღმდეგ მას შემდეგ განახორციელა, როდესაც 14 თებერვალს, ქაშმირის ინდურ ნაწილში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 45 ინდოელი სამხედრო შეეწირა.
ამ ტერაქტის შემდეგ, ოფიციალურმა დელიმ
ყარაჩიდან სასწრაფოდ გამოიწვია თავისი ელჩი და პაკისტანური საქონლის ექსპორტზე ინდოეთში .
როგორც ჩანს, ინდოეთის ხელისუფლებამ არასაკმარისად ჩათვალა ეს ზომები და საჰაერო რეიდიც განახორციელა პაკისტანის ტერიტორიაზე, ტერორისტების მომზადების ცენტრებზე.
პაკისტანი აცხადებს ორი ჩამოგდებული ინდური საბრძოლო თვითმფრინავისა და ორი დატყვევებული ინდოელი პილოტის შესახებ, თავის მხრივ ინდოეთი ირწმუნება, რომ პაკისტანური F-16 ჩამოაგდო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შედეგად, ინდოეთ-პაკისტანს შორის სამი ომი გაიმართა: 1947-48, 1965 და 1971 წლებში.
ამ ქვეყნებს შორის დაძაბულობის მთავარ თემას თავიდანვე ჯამუ და ქაშმირის შტატი წარმოადგენდა, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმი, ხოლო შტატის ხელმძღვანელობა ინდუსები იყვნენ. ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის შედეგად ქაშმირის 60% ინდოეთს ერგო, 40% კი პაკისტანს.
მაშინ, როდესაც ინდოეთ-პაკისტანის სამივე ომი მიმდინარეობდა, დაპირისპირებული მხარეები ჩვეულებრივ შეიარაღებას ფლობდნენ, მაგრამ 1974 წელს ინდოეთმა შექმნა ბირთვული იარაღი, ხოლო პაკისტანი კი 1998 წელს შეუერთდა ბირთვული ქვეყნების რიგს.
საერთაშორისო სამხედრო ექსპერტების მონაცემებით ინდოეთს დღეს შეიძლება 90-110 ბირთვული ქობინი ჰქონდეს, პაკისტანის ბირთვული არსენალიც არანაკლებ 100 ბირთვულ ქობინს ითვლის.
ეს ბირთვული პოტენციალი საკმარისზე მეტია, არა მარტო ინდოეთ-პაკისტანის სრულ გასანადგურებლად, არამედ ევრაზიის კონტინენტის სასიცოცხლოდ უვარგისად გადასაქცევად, ისე, ინდოეთ-პაკისტანის ორთაბრძოლის მთავარი მიზეზიდან – ქაშმირიდან საქართველომდე პირდაპირი ხაზით სამი ათასს კილომეტრამდეა, რისი გადალახვაც ბირთული აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ მაღალ რადიაქტიურ ღრუბლებს რამდენიმე დღეში შეუძლიათ.
kvirispalitra.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.