ამ და სხვა მწვავე პრობლემებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეას“-ს თავმჯდომარეს –  ლევან ჩაჩუას:

_ პრემიერი მამუკა ბახტაძე გვპირდება, რომ მთავრობა ფუნდამენტურ რეფორმებს გაატარებს, რომლებიც სიღარიბეს შეამცირებს.

_ მეშვიდე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, სიღარიბე კი იზრდება. რაც დამოუკიდებლები გავხდით, მას შემდეგ საქართველომ უამრავი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე გამოიცვალა. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს ხალხის მდგომარეობა გაეუმჯობესებინოს. ყველა ხელისუფლება საკუთარი ხალხის გაღატაკების ხარჯზე მდიდრდებოდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი ლუკმა-პურის საშოვნად უცხოეთში გარბოდა. შევარდნაძის დროინდელი კორუფციაში ჩაფლული სისტემა ჩაანაცვლა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ელიტარულმა კორუფციამ. ამას მოჰყვა ივანიშვილის მმართველობის გაუმაძღრობა. „ქართული ოცნების“ მომხვეჭელობა უსაზღვრო აღმოჩნდა და წინამორბედებს ბევრად გადააჭარბა. ამდენი პრემია-დანამატები (რომელსაც ბოლოს ჯილდო დაარქვეს) მაღალი ხელფასები, მევახშეების შავი ფული და ჩინოვნიკების აშენებული ვილები საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ხალხს ეგონა, მილიარდერ-მილიონერებით დაკომპლექტებული მთავრობა ფულის შოვნაზე არ იქნება ორიენტირებულიო, მაგრამ მწარედ შეცდა. მდიდრებს მადაც დიდი აღმოაჩნდათ და კიდევ უფრო უმოწყალოდ დაიწყეს  მიწა-წყლის გასხვისება, გადასახადების გაძვირება და ბანკირ-მევახშეებს  ჩაუგდეს ქვეყანა ხელში, რამაც ქართული მოსახლეობა გაეროს მომაკვდავ ერთა სიაში მოახვედრა და ემიგრაციაში გადახვეწა. ივანიშვილის გუნდი ყველა ხვრელიდან ფულის გაკეთებაზეა  გადასული და თუ რამე დარჩა ქვეყანაში გასაყიდი, ყიდის. ბენდუქიძის ფორმულით მოქმედებენ: ,,ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა”. არადა, ყველას ყიდვას და ყველაფრის გაყიდვას, რომ ცდილობს ადამიანი, ამაზე მეტი უსინდისობა რაღაა?!

_ ოცნების დაპირებები ნდობას აღარ იწვევს?

_ რასაკვირველია. რომ ამბობენ, საქართველო ეკონომიკური ცენტრი ხდებაო, ესეც ტყუილია. ერთ დროს ჩვენი ქვეყანა რეგიონის მამოძრავებელი და პოლიტიკურ-ეკონომიკური, ასევე კულტურული ცენტრი იყო. ახლა სავალალო მდგომარებაში ვართ. საქართველო გადააქციეს აზარტული თამაშების და ნარკო-სექს ტურიზმის დერეფნად. სააკაშვილმა დაიწყო სინგაპურიზაციის პროცესი და ახლანდელი ხელისუფლება  ამ გეზსს კიდევ უფრო ანვითარებს.

_ „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალების სულიერ-მენტალურ ერთობაზე ადრეც გისაუბრიათ. თქვენს პროგნოზს როგორი პირი უჩანს? ამბობდით, რომ 2 020 წელს ხელისუფლებაში მოსვლა დაგეგმილი აქვს სახელშეცვლილ ნაცმოძრაობას „ქართული ოცნების“ ნაწილთან ერთად.

_ მმართველ პარტიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ეს გეგმა ნამდვილად რეალიზდება. გამართლდა ჩემი პროგნოზი იმაზეც, რომ ივანიშვილი გვერდზე გაწევდა თავისი გუნდის ნაცმოძრაობასთან გარეგნულად დაპირისპირებულ ნაწილს, რომელიც ოცნების კონსერვატიულ ფრთად მოიაზრებოდა და წინ წამოწევდა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც მე „ნორჩ სოროსელებს“ ვეძახი. პირობითად, მათი მეთაური პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. ეს ადამიანი უტიფრად გვიმტკიცებს, რომ სააკაშვილის „ზონდერმოსამართლეები“ თურმე ადრე ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კი კარგები გახდნენ და კარგ საქმეებს გააკეთებენ. რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე მე, სააკაშვილის რეჟიმის სინდისის პატიმარს! ქვეყანაში ამაზე უარესები ხდება. საქართველოს ხელისუფლება დიდი ამბით შეუერთდა მაროკოს მიგრანტთა საერთაშორისო პაქტს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო აფრიკის და აზიის ღარიბი ქვეყნებიდან მიგრანტების საქართველოში შეუფერხებლად და შეუზღუდავი რაოდენობით შემოსვლაზე. ამის შედეგს ზაფხულის დასაწყისში ვნახავთ, როცა ქვეყანას აზიიდან და აფრიკიდან ლტოლვილები მოაწყდებიან და აქ დასახლებას მოითხოვენ.

მეორე მხრივ სულიერ-ზნეობრივი კატასტროფა გვემუქრება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც დიდ დარტყმას  მიაყენებს ეკლესიას და ჩვენს ოჯახებს. ამ კანონის მიღებით მშობლებს მაქსიმალურად შეგვიზღუდავენ შვილების აღზრდაში ჩარევას.

_ კანონპროექტი რელიგიას ეხება?

_ პირდაპირ რელიგიას არ ეხება, მაგრამ  მოიცავს სულიერ, კულტურულ, საგანმანათლებლო, იურიდიულ სფეროებს. კანონპროექტი ბავშვთა უფლებებზეა, მაგრამ მასში ბევრი ისეთი რამეა ჩაწერილი, რომ თავდაყირა დააყენებს ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს. სოციალურ მუშაკებს ეზრდებათ უფლებები. ისინი ჩაერევიან ოჯახურ ცხოვრებაში და დასჯიან მშობელს, რომელიც, მაგალითად თამბაქოს, ან ალკოჰოლის მიღებას დაუშლის საკუთარ მცირეწლოვან შვილს.

_ ახლაც ხომ მოქმედებს კანონი, რომლითაც, თუ ბავშვს ოჯახი მატერიალურად ვერ უზრუნველყოფს, ან ძალადობს, მას ოჯახს არიდებენ?

_ დიახ, მაგ კანონის მიხედვით, ყოფილა შემთხვევები ბავშვების ოჯახიდან ძალით გაყვანის ეკონომიკური მიზეზით. ესეც არ არის სწორი. მაგალითად, მრავალშვილიან ოჯახს უჭირს შვილების უზრუნველყოფა, თითო ბავშვზე მთავრობის მიერ 5 ლარით დახმარება კიდევ ერთი  სამარცხვინო ლაქაა ამ გაუმაძღარი ხელისუფლების. მრავალშვილიანი გაჭირვებული ოჯახებიდან  შვილები მიყავთ სხვა ოჯახებში, სადაც დედობილ-მამობილებს სოლიდურად აფინანსებენ. თუ, სახელმწიფოს შეუძლია თანხების გაღება, მაშინ პირდაპირ მშობლებს დაეხმაროს და შვილები შეუნარჩუნოს!

_ ეკლესიას რატომ მიაყენებს თქვენ მიერ ნახსენები კანონპროქტი დარტყმას?

_ მის განხილვაში ჩართული არიან საპატრიარქოში მომუშავე იურისტები. კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მალე გავა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე და ასეთი ოჯახის დამანგრეველი დოკუმენტის განხილვაში საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობა საზოგადოებაში თავისთავად აღიქმება ისე, თითქოს კანონპროექტი მისაღებია. მინდა თქვენი პოპულარული გაზეთის მეშვეობით სიყვარულითა და პატივისცემით მივმართო საპატრიარქოს, რომ კომპეტენტური და გამოცდილი ხალხი გაგზავნოს პარლამენტში და თავად დარწმუნდებიან, რომ არ შეიძლება ამ დოკუმენტის მიღებაში ეკლესია იყოს ჩართული. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს ვუსაყვედურე პროექტში ჩადებული ჩანაწერების გამო. მან მიპასუხა, რომ ზოგიერთი პუნქტი მას არ ეკუთვნის. გაირკვა, რომ ისინი ლგბტ უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაამატეს დოკუმენტში.  ამას წინ უძღოდა გაეროს ბავშვთა ფონდის თბილისის ოფისის მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის კვლევა. საკმაოდ ვრცელ დოკუმენტით ,,უნისეფი” იძლევა რეკომენდაციას, რომ ბავშვებმა მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ოჯახის გარეთ ეძებონ ,,თავისუფალი სივრცე” და ა.შ. ქართველი მამების 94 პროცენტი კი თითქოს ავტოკრატიულად ერევა შვილების თავისუფალ პერსონებად ცამოყალიბებაში!

_ თქვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მშობელი შვილს შენიშვნას ვეღარ მისცემს, მაგალითად, სახლში გვიან დაბრუნების,  მოწევის, ან ალკოჰოლის მიღების გამო?

_ ესეც სერიოზული პრობლემაა. ნარკოტიკებით გაბრუებული შვილი გამთენიისას მოდის სახლში და მშობელს უფლება არ ექნება, მას თუნდაც სიტყვიერი შენიშვნა მისცეს. იუვენალური სამართლით, ურჩ მშობელს პირველ ჯერზე გააფრთხილებენ, მეორედ-მშობლის უფლებას ჩამოართმევენ. განათლების დონე  უარესდება. ამას ემატება ის საშინელება, რასაც გვიმზადებენ სკოლებში სექსუალური სწავლის შეტანით. რას მივიღებთ?! მშობლების ურჩი, გაუნათლებელი და გარყვნილი თაობა გვეყოლება. ეს ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავს. ამაზე უარესი პუნქტები გენდერულ იდენტობას უკავშირდება.

_ ბევრი ადამიანისათვის, გენდერი სქესებს შორის თანასწორობაა..

_ მეც ასე მეგონა. თურმე, გენდერს 70-მდე ნაირსახეობა აქვს. მაგალითისთვის, გენდერის ერთ-ერთი  სახეობაა, როდესაც კაცად დაბადებული საკუთარ თავს აღიქვამს ქალად (გენდერული იდენტობა)  ჰყავს სექსუალური პარტნიორი კაცი, მაგრამ თავს არ მიიჩნევს მამათმავლად თავისი იდენტობის (ქალად თავის აღქმის) გამო და ვინც მას მამათმავლად მოიხსენიებს, ანტიდისკრიმინაციული კანონით დაისჯება. ეს ის კანონია, რომელზეც სამჯერ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენმა კათილიკოს-პატრიარქმა. ეკა ბესელია, რომელიც ახლა სიმართლისთვის მებრძოლი გახდა, მაშინ აცხადებდა, რომ პარლამენტს საპატრიარქოსთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა, მაგრამ იმას განზრახ უმალავდნენ საზოგადოებას,  რომ ეკლესია წინააღმდები იყო ამ კანონის. ასე აპირებენ ბავშვის უფლებათა კოდექსის დაკანონებასაც. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე, პროცესში ჩართული იყვნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც მკვეთრად უარყოფით პოზიციას იკავებდნენ. ბავშვთა უფლებების კანონპროექტზე მსგავსი რამ არ ხდება და, თუ ხელისუფლება ამ კანონის მიღებას  საპატრიარქოსთან თითქოსდა  შეთანხმებით შეფუთავს, ეს დიდ დარტყმას მიაყენებს ეკლესიის ავტორიტეტს, რადგან ისე წარმოჩინდება, თითქოს ეკლესიამ თვალი დახუჭა და დაუთმო ხელისუფლებას ისეთი უზნეობის დაკანონება, რომელიც შეარყევს ჩვენი საზოგადოების ზნეობრივ საფუძვლებს, კულტურას, ტრადიციებს და ძირს გამოუთხრის ჩვენი შვილების ქრისტიანულ აღზრდას.
Advertisements.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.