საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ ქართული სასამართლოს მიერ ვალერი გელაშვლის ცემის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ მისთვის 6-წლიანი სასჯელი პუტინის „მარიონეტის“, ნინო ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე იქნა გამოტანილი, ხოლო მას ისეთივე კავშირი აქვს გელაშვილის ცემასთან, როგორც „კენედის და ტროცკის მკვლელობებთან და კალიგულას მოშორებასთან“.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა ჰოლანდიაში მიავლინა შსს-ს ატაშე, ერთადერთი ფუნქციით – „უყუროს იმას, რომ მე ჰოლანდიიდან არ წავიდე საქართველოში“
როგორც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, ჰოლანდიაში მის გასაკონტროლებლად ივანიშვილმა მიავლინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე, „რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს, უყუროს იმას, რომ მე ჰოლანდიიდან არ წავიდე საქართველოში“.
„აი ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი, სამართალთან ამას ისეთივე კავშირის აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე პრეზიდენტის შეწყალების, რასაც ყველამ დასცინა და ახლა ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება 6 წლით და მისჯა 6 წლით. ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში. ამასწინათ მიიღეს წესები, რომ ჩარტერულმა თვითმფრინავებმა თურმე 48 საათით ადრე უნდა წარადგინონ სია ვინ მოფრინავს, იმიტომ, რომ ეშინიათ, რომ არ ჩავფრინდე ჩარტერული თვითმფრინავით. ჰოლანდიაში მოავლინეს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ატაშე, რომელსაც ერთადერთი ფუნქცია აქვს, უყუროს იმას, რომ მე ჰოლანდიიდან არ წავიდე საქართველოში. ასე, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, მოუხდება მას ქართველი ერის ძარცვის შეწყვეტა, მოუხდება მას ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო და ნამდვილი დანაშაულების გამო და არა მოგონილი დანაშაულების გამო“, განაცხადა სააკაშვილმა და დაამატა:
„მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე – პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტად ალბათ, პუტინს ვაღიზიანებ მე. ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, თუგინდ რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი ერთი მხრივ ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორე მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა. გაიხსენეთ, ერთი ლარი რომ მიდიოდა სააკაშვილის ჯიბეში, სად მიდის ახლა ის ერთი ლარი, როდესაც ბეზინის ფასმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს?“
http://guardian.ge
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი