ივანიშვილისა და დიპლომატების გასაიდუმლოებული შეხვედრის ახალი დეტალები

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სასტუმრო „ვინოტელში“ დიპლომატიურ კორპუსს მამუკა ბახტაძის პრემიერად დამტკიცებიდან მეორე დღესვე შეხვდა. მედიისათვის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ელჩებს აუხსნა გიორგი კვირიკაშვილის წასვლის და ახალი პრემიერის დამტკიცების მიზეზები.

ყოფილი პრემიერის შეხვედრას დიპლომატიურ კორპუსთან არც საგარეო საქმეთა მინისტრი და არც ახალი პრემიერი ბახტაძე ესწრებოდნენ. შეხვედრა, ასევე დაფარული იყო „ქართული ოცნების“ წევრების დიდი ნაწილისთვის.

„ვინოტელში“ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მხოლოდ პარლამენტის წევრები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა და თამარ ხულორდავა იმყოფებოდნენ.

რა ახსნა-განმარტება მიიღეს დიპლომატებმა ყოფილი პრემიერისგან უცნობია. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მხოლოდ საგარეო პოლიტიკური თემები განიხილეს.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, უცხოელი ელჩების მთავარი კითხვები პრემიერის მოულოდნელ შეცვლას და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხებოდა. საუბარი შეხვედრაზე იმ პოლიტიკური კრიზისის შესახებაც იყო, რომელიც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ შეიქმნა.

http://guriismoambe.com