სალომე ზურაბიშვილი: დრო მოვიდა, დავასრულოთ საზღვრის დელიმიტაცია.

„დრო მოვიდა ჩვენი ქვეყნებისთვის, დავასრულოთ საზღვრის დელიმიტაცია იმიტომ, რომ მეზობელ, მეგობარ ქვეყანათა შორის არ შეიძლება ეს პროცესი გრძელდებოდეს უსასრულოდ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„მაშინ პრაქტიკულად მიღწეული იყო შეთანხმების ნორმატიული ბაზა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის თქმით, რეგიონში ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ქვეყნებმა მშვიდობიანი გზით უნდა უპასუხონ.

 

„მოხარული ვარ არა მხოლოდ ვიზიტით, არამედ იმ საუბრებით, რაც დღეს გვქონდა. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ ვართ არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ მეგობრული ქვეყნები. ჩვენ ვცხოვრობთ ერთ რეგიონში, რომლისთვისაც სტაბილურობა და მშვიდობა გადამწყვეტია. ჩვენს რეგიონში ბევრი გამოწვევაა და მთავარია ვიცოდეთ, რომ ერთადერთი ამ გამოწვევების წინაშე არის მშვიდობიანი გზა, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ-საერთაშორისო ნორმებზე, რათა გადაწყდეს ის კონფლიქტები, რომელიც ანელებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას. ეს ყველაფერი გადის მოლაპარაკებებზე და დიალოგზე. საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობს რეგიონში, არანაირად არ იყოს შემოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ზურაბიშვილის თქმით, სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებაა საჭირო.

 

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროს გააქტიურებაზეც ისაუბრა.

 

„უნდა ვახსენო კულტურული დარგიც. ნამდვილად არ არის ჩვენი ურთიერთობები იმ დონეზე, როგორიც უნდა იყოს ორ მეზობელ, მეგობარ ქვეყანას შორის და სადაც ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ განვავითაროთ ეს დარგიც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Reportiori.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.  

 

კომენტარები ფეისბუქიდან