თეა წულუკიანი: „ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც „ისკანდერი“ გადაეცით პარტნიორ ქვეყანას, მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში“.

„ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც „ისკანდერი“ გადაეცით პარტნიორ ქვეყანას, მიღება-ჩაბარების აქტი რატომ არ გააფორმეთ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში“, უთხრა იუსტიციის მინისტრმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში.

„ჩვენ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ რუსეთისათვის ცინიკურ არგუმენტებზე გვეპასუხა. „ისკანდერი“ ჩამოვარდა გორში? ეს ხომ ფოტოშოპია“, – ამ ტიპის არგუმენტებს ვისმენდით წლების განმავლობაში. შემდეგ მოვიდა დრო და ჩვენ ყველა ღონეს მივმართეთ ამგვარი მტკიცებულებების გასაბათილებლად. ჩვენ მიერ სტრასბურგისათვის წარდგენილ 700 მტკიცებულებას შორის არის მატერიალური მტკიცებულება, სწორედ ის „ისკანდერი“, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როდესაც გადაეცით მათ, მიღება-ჩაბარების აქტი მაინც გაგეფორმებინათ, რომელიც მე მერე წამალივით გამომადგებოდა რუსეთთან დავაში. მესმის, რომ ეს მტკივნეული კითხვებია, მაგრამ კითხვები არის, როდესაც „ისკანდერს“, ოქროს მტკიცებულებას ატან სხვა ქვეყანას ისე, რომ არცერთი მტკიცებულება არ ფორმდება ამასთან დაკავშირებით… ჩვენ მივაგენით ამ „ისკანდერს“, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელსაც ის გადაეცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ამან საშუალება მოგვცა, გაგვებათილებინა სტრასბურგში რუსეთის არგუმენტი, რომ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერი“ ფოტოშოპია.

არ დამხვდა ბევრი მტკიცებულება. მაგალითად,იმის, რომ ქართული ჯარები 11 აგვისტოს უკვე იდგნენ თბილისთან. უფრო მეტიც, თქვენ გააგზავნეთ ნოტა რუსეთთან, რომ გავდიოდით საომარი ზონიდან. ამ ნოტის ასლით ვომობ მე დღეს სტრასბურგში. რატომ მაომებთ ასლით, სად არის დედანი? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მართა ქვეყანა ისე, რომ ჩემთვის დაეტოვებინა უფრო მეტი მტკიცებულება რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.